აშშ-ის ტრანსპორტის დეპარტამენტმა 26 შტატის მასშტაბით 8 საპილოტე პროგრამა დაამტკიცა. eVTOL ელექტრონული ვერტიკალური დაფრენის ხომალდების რეალურ პირობებში ტესტირების საშუალებას იძლევა. ეს პროგრამა შერჩეულ ქალაქებში საჰაერო ტაქსების სერვისის დანერგვას გულისხმობს. კომპანიებისგან შეგროვებული მონაცემები კი აშშ-ის სამოქალაქო ავიაციის ფედერალურ სააგენტოს FAA დაეხმარება, შეიმუშაოს რეგულაციები ტექნოლოგიის მასშტაბირებისა და ურბანული საჰაერო სივრცის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
საპილოტე პროგრამები გაეშვება ტეხასის, იუტას, პენსილვანიის, ლუიზიანას, ფლორიდისა და ჩრდილოეთ კაროლინას ტრანსპორტის დეპარტამენტების მიერ დამტკიცებულ ტერიტორიებზე. დამატებით ტესტირებებს განახორციელებენ ნიუ-იორკისა და ნიუ-ჯერსის საპორტო ადმინისტრაციები, ასევე ქალაქი ალბუკერკე.
ე.წ. მფრინავი მანქანები წლების განმავლობაში მხოლოდ სამეცნიერო ფანტასტიკის ნაწილი იყო. ვერტმფრენების მსგავსად, მათ ასაფრენი ბილიკი არ სჭირდებათ. ეს ინოვაცია საცობებისგან თავის არიდებისა და დანიშნულების ადგილზე გაცილებით სწრაფად მისვლის იმედს იძლევა.
ბოლო წლებში მსხვილმა კორპორაციებმა ამ ხედვის რეალობად ქცევის მიზნით ტექნოლოგიაში ასობით მილიონი დოლარი დააბანდეს. მაგალითად, 2024 წლის ოქტომბერში Toyota-მ Joby-ში 500 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა. ამავე კომპანიაში 80 მილიონი დოლარი ჩადო Delta Air Lines-მაც. პარალელურად, United-მა ჯერ კიდევ 2022 წელს 10 მილიონი დოლარით დააფინანსა Archer Aviation, ხოლო 15 მილიონი დოლარით – Eve Air Mobility.
სტრესის შემცირებასთან ერთად, მფრინავი მანქანები ტრადიციულ ავიაციაზე და კონდიციონერებზეც კი ბევრად ჩუმია. გარდა ამისა, რადგან ისინი ელექტროენერგიაზე მუშაობენ, ნახშირბადის ემისიების შემცირებასაც შეუწყობენ ხელს. ტრანსპორტის დეპარტამენტის განმარტებით, მგზავრთა გადაყვანის მიღმა, ხომალდებს უდიდესი პოტენციალი აქვთ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების, ტვირთების გადაზიდვისა და ლოგისტიკური ქსელების მართვის კუთხით.
სამოქალაქო ავიაციის ფედერალური სააგენტოს წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ მსგავსი პარტნიორობები ხელს შეუწყობს ხომალდების ეროვნულ საჰაერო სივრცეში უსაფრთხოდ და ეფექტურად ინტეგრირებას. მიღებული ოპერაციული გამოცდილება კი იმ სტანდარტების შემუშავების საფუძველი გახდება, რომლებიც მოწინავე საჰაერო მობილობისთვის არის აუცილებელი.
საპილოტე პროგრამაში Joby-სა და Archer-ის გარდა, ისეთი კომპანიებიც მიიღებენ მონაწილეობას, როგორებიცაა Beta, Electra, Elroy Air, Wisk, Ampaire და Reliable Robotics.
ოპერაციების გაფართოების პერსპექტივასთან ერთად, სექტორის მთავარ მოთამაშეებს შორის კონკურენცია უკიდურესად გამწვავდა. ოთხი თვის წინ Joby-მ Archer-ს კომერციული საიდუმლოს მოპარვისთვის უჩივლა. მათი მტკიცებით, ყოფილმა თანამშრომელმა კონკურენტ კომპანიაში გადასვლისას საიდუმლო ინფორმაცია თან წაიღო. საპასუხოდ, Archer-მაც შეიტანა სარჩელი და Joby-ს აშშ-ის მთავრობის მოტყუებაში დასდო ბრალი. მათი განცხადებით, კალიფორნიაში დაფუძნებული კომპანია მალავს „ღრმა კავშირებს“ ჩინეთთან და კრიტიკული კომპონენტების წარმოებისთვის ჩინურ შვილობილ კომპანიაზეა დამოკიდებული.
Joby-ს იურიდიული გუნდი აღნიშნავს, რომ Archer-ის ცილისმწამებლური განცხადებები მხოლოდ ყურადღების გადატანის მცდელობაა იმ სასამართლო პროცესიდან, რომელიც კომერციული საიდუმლოს მოპარვას ეხება. ისინი ხაზს უსვამენ, რომ Joby ამერიკული კომპანიაა, რომელიც მკაცრად იცავს მიწოდების ჯაჭვის სტანდარტებს, სრულიად გამჭვირვალეა აშშ-ის მთავრობასთან და არანაირი კავშირი არ აქვს ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან ან მათ სუბსიდიებთან.
წყარო: Fastcompany; www.marketer.ge