პლატფორმა Midjourney, რომელიც თავის დროზე ყველამ ფოტოების გენერირების ხელოვნურ ინტელექტად გავიცანით, დღეს სრულიად ახალ სფეროში შედის. კომპანიამ წარადგინა Midjourney Scanner – ინოვაციური მოწყობილობა, რომელიც ადამიანის მთელი სხეულის სკანირებას 60 წამზე ნაკლებ დროში შეძლებს.

Midjourney-ს განცხადებით, პროექტი პირდაპირ არ უკავშირდება იმ ტექნოლოგიებს, რომლებმაც ის პოპულარული გახადა. თუმცა ახლა ცდილობს განსაზღვროს, როგორი კომპანია სურს გახდეს მომავალში. ამ ხედვის ნაწილი კი Midjourney Medical-ის შექმნაა, რომლის პირველი პროდუქტი სწორედ Scanner იქნება.

სკანირების პროცესი საკმაოდ უჩვეულოდ გამოიყურება. მომხმარებელი სპეციალურ პლატფორმაზე დგება, რის შემდეგაც მოწყობილობა მას ნელა წყალში ჩაძირავს. სხეული გაივლის რგოლის ფორმის სისტემაში, რომელიც ნახევარ მილიონზე მეტ მინიატურულ ელემენტს შეიცავს. თითოეულ მათგანს შეუძლია ულტრაბგერითი ტალღების გაგზავნა და სხეულიდან არეკლილი სიგნალების დაფიქსირება.

კომპანია ამ პროცესს დელფინების ექოლოკაციას ადარებს. შედეგად იქმნება ადამიანის სხეულის მაღალი სიზუსტის სამგანზომილებიანი რუკა, რომელიც ვიზუალურად MRI-ს შედეგებს ჰგავს, თუმცა გაცილებით სწრაფად მიიღება.

Midjourney-ს მიზანია, სრული სკანირება ერთ წუთზე ნაკლებ დროში დასრულდეს, მაშინ როდესაც ტრადიციული სრული სხეულის MRI-ს ჩატარებას ხშირად 60-90 წუთი სჭირდება.

პროექტი კომპანია Butterfly Network-თან თანამშრომლობით ვითარდება. სწორედ ამ კომპანიას ეკუთვნის ულტრაბგერითი „ჩიპზე დაფუძნებული“ ტექნოლოგია, რომლის ექსკლუზიური გამოყენების უფლებაც Midjourney-მ 2025 წელს მოიპოვა.

მომდევნო 12 თვის განმავლობაში კომპანია სისტემის დახვეწაზე, კვლევით ცდებსა და მეორე თაობის მოწყობილობის შექმნაზე იმუშავებს. პირველი სკანირების ცენტრის, რომელსაც Midjourney Spa-ს უწოდებს, გახსნა მომავალ წელს, San Francisco-ში იგეგმება.

კომპანიის გეგმების მიხედვით, 2028 წელს უკვე მესამე თაობის მოწყობილობა გამოვა, რომელიც სპეციალურად შექმნილ ჩიპებს გამოიყენებს და გამოსახულების ხარისხს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს. Midjourney იმედოვნებს, რომ ამ ეტაპზე მისი ტექნოლოგია MRI-ს რეალურ კონკურენციას გაუწევს.

უკვე ცნობილია გრძელვადიანი მიზანიც, რომელიც კიდევ უფრო ამბიციურია – 2031 წლისთვის მსოფლიოში 50 000 სკანერის განთავსება. კომპანიის შეფასებით, ადრეული დიაგნოსტიკის ფართო ხელმისაწვდომობამ, შესაძლოა, მომავალში სიკვდილიანობა 30%-ით, ხოლო ჯანდაცვის ხარჯები 50%-ით შეამციროს.

თუ პროექტი წარმატებით განვითარდება, შეიძლება Midjourney ხელოვნური ინტელექტის სფეროდან სამედიცინო ტექნოლოგიების ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოთამაშედაც იქცეს.

www.marketer.ge