Meta კიდევ უფრო აფართოებს პარტნიორულ Affiliate პროგრამას და კრეატორებს პროდუქტების ლინკების გაზიარებას უმარტივებს. ამასთან, კომპანია ამატებს გადახდის ახალ მეთოდებს, რათა მომხმარებლებმა აპლიკაციიდან გაუსვლელად შეძლონ შოპინგი. თავდაპირველად, Meta ამ მიმართულებით მხოლოდ Amazon-თან და Shopee-სთან თანამშრომლობდა. ახლა კი ამერიკელი მომხმარებლებისთვის სიაში eBay და Temu ჩნდება, ხოლო ლათინურ ამერიკაში – Mercado Libre. ეს კრეატორებს მონეტიზაციის კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას მისცემს, თუმცა ბრენდებს უტოვებს უფლებას, სურვილის შემთხვევაში, აკრძალონ თავიანთი პროდუქტების ბმულების გამოყენება კონკრეტული ავტორების კონტენტში.
ამას გარდა, გაზაფხულიდან Meta მსგავსი პარტნიორული გამოცდილების ტესტირებას Instagram-ზეც იწყებს. საპილოტე ვერსია ამერიკაში Amazon-თან, ხოლო აზიაში Shopee-სთან ერთად ჩაეშვება. იმის ფონზე, რომ სულ უფრო მეტი ბრენდი ცდილობს Reels-ის პოპულარობის სათავისოდ გამოყენებას, ეს სიახლე მათთვის შესანიშნავი შესაძლებლობა იქნება, რათა კრეატორების გავლენა გაყიდვებში გარდაქმნან.
სიახლეებია უშუალოდ Reels-ის ფორმატშიც, სადაც პროდუქტის ბმულების დამატება უკვე პირდაპირ ბრენდის ატვირთული კატალოგიდან ან URL-ის მეშვეობით იქნება შესაძლებელი. Meta-ს განცხადებით, გაზაფხულზე 22 ქვეყნის კრეატორებს შეეძლებათ ბიზნესების პროდუქტების ბმულების დამატება, რაც მომხმარებლებს Reels-ში სასურველი ნივთების პოვნას გაუმარტივებს. ეს კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია კრეატორებისთვის და ბევრად უფრო ეფექტური სარეკლამო ინსტრუმენტი ბრენდებისთვის, ვიდრე სტანდარტული პრომოუშენი.
საინტერესოა ისიც, რომ Meta-მ ცოტა ხნის წინ დაასრულა ტესტირება, რომლის ფარგლებშიც კრეატორების პოსტებს ავტომატურად ემატებოდა პროდუქტის თეგები „Shop the Look“ ღილაკით. თუმცა, ამ სიახლეს კრეატორების მხრიდან დიდი უკმაყოფილება მოჰყვა, რადგან მათ არ შეეძლოთ გაეკონტროლებინათ, რომელი ბრენდები გამოჩნდებოდა მათ კონტენტში და არც გაყიდვებიდან იღებდნენ საკომისიოს. ჯერჯერობით უცნობია, გააგრძელებს თუ არა კომპანია ამ მიმართულებით მუშაობას, თუმცა ეს ნათლად აჩვენებს Meta-ს სურვილს, შოპინგი აპლიკაციების განუყოფელ ნაწილად აქციოს.
Meta ცდილობს, Facebook-სა და Instagram-ზე ყიდვის პროცესი მაქსიმალურად გაამარტივოს. ამისთვის ინერგება AI მიმოხილვები პროდუქტებთან დაკავშირებულ ხშირად დასმულ კითხვებზე და უმჯობესდება აპლიკაციაში გადახდის გამოცდილება. განახლებული სისტემა მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, შენაძენი მხოლოდ ერთი დაწკაპუნებით გააკეთონ. ამისთვის Meta ისეთ ცნობილ პროვაიდერებთან იწყებს თანამშრომლობას, როგორებიცაა PayPal და Stripe. ეს სრულიად განსხვავებული მიდგომაა იმისგან, რასაც კომპანია რამდენიმე წლის წინ ცდილობდა, როცა საკუთარი შიდა ვალუტის შექმნა უნდოდა, თუმცა უშედეგოდ.
პარალელურად, Facebook Shops უფრო მეტი ბიზნესისთვის ხდება ხელმისაწვდომი კანადაში, მექსიკაში, ტაივანში, იაპონიაში, კორეაში, დიდ ბრიტანეთსა და ავსტრალიაში. გარდა ამისა, რეკლამებში პროდუქტის შესახებ უფრო დეტალური ინფორმაცია გამოჩნდება, რაც მომხმარებლებს აღმოჩენის პროცესს გაუმარტივებს.
წყარო: Socialmediatoday; www.marketer.ge