უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანდრეი სიბიგას განცხადებით, 2025 წელს რუსეთმა დაახლოებით 2 მილიონი ტონა უკრაინული მარცვლეული მოიპარა და ის აფრიკაში, აზიაში, ახლო აღმოსავლეთსა და ევროპაში გაყიდა.
ეს განცხადება სიბიგამ კიშინიოვში გამართულ შავი ზღვის უსაფრთხოების მესამე კონფერენციაზე გააკეთა.
მინისტრის თქმით, რუსეთმა შავი ზღვა ომის ზონად აქცია და სისტემატურად ესხმის თავს უკრაინის საზღვაო ინფრასტრუქტურას (მათ შორის, პორტებს) და გლობალური სასურსათო ჯაჭვების დესტაბილიზაციას ცდილობს.
სიბიგამ ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი კვლავ ახდენს გავლენას გლობალურ სასურსათო ბაზარზე, გასულ წელს მან დაახლოებით 2 მილიონი ტონა უკრაინული მარცვლეული მოიპარა და ის აფრიკაში, აზიაში, ახლო აღმოსავლეთსა და ევროპაში გაყიდა.
მოპარული მარცვლეულის რეალიზებით მიღებულ შემოსავალს მოსკოვი ომის დასაფინანსებლად იყენებს.
მინისტრმა ხაზგასმით თქვა, რომ შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების აღდგენა ევროპისა და მსოფლიოს სტაბილურობის მთავარი პირობაა და შავი ზღვა კვლავ მშვიდობისა და ნავიგაციის თავისუფლების სივრცედ უნდა იქცეს.
სიბიგას განცხადებით, უკრაინის უსაფრთხოება შეუძლებელია საზღვაო უსაფრთხოებისა და შავ ზღვაში მოკავშირეების ყოფნის გარეშე და ამ კონტექსტში, თურქეთს, მოლდოვასა და რუმინეთს შეუძლიათ, მნიშვნელოვანი როლი ითამაშონ რეგიონულ სტაბილურობაში.
მან ასევე ყურადღება გაამახვილა ყირიმის დეოკუპაციის აუცილებლობაზე, რომელსაც რუსეთი უკრაინაზე თავდასხმებისთვის პლაცდარმად იყენებს.
„ერთადერთი გამოსავალი უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის სრული აღდგენაა. ყველაფერი ყირიმით იწყება და ყირიმით უნდა დასრულდეს. ყირიმი უკრაინაა“, - დასძინა მინისტრმა.
წყარო: 1 არხი