2026 წლის 24 თებერვალს დიდმა ბრიტანეთმა პროსამთავრობო პროპაგანდისტული ტელევიზიები – „იმედი“ და „პოსტვი“ დაასანქცირა უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული სრულმასშტაბიანი ომის შესახებ განზრახ მცდარი ინფორმაციის გავრცელებისთვის.
„იმედისა“ და „პოსტვის“ დასანქცირების საფუძვლად ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ არსებული სასანქციო რეჟიმი გამოიყენა, რითაც ისინი რუსეთის სასარგებლოდ საინფორმაციო ომში ჩართულ მხარეებად გამოაცხადა და მიზნად ფინანსური შეზღუდვების გზით ამგვარი საქმიანობის შეჩერება დაისახა.
ბრიტანული სანქციები ტელევიზიების მიერ რეკლამიდან შემოსავლის მიღებასაც ზღუდავს.
არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ (TI) მიერ ჩატარებული მედიამონიტორინგი აჩვენებს, რომ პროპაგანდისტულ არხებზე სარეკლამო დროს ათობით ადგილობრივი და საერთაშორისო ბრენდი ყიდულობს.
„ამ კომპანიებმა უნდა იცოდნენ, რომ მათი მხრიდან დასანქცირებული ტელევიზიებისთვის დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციების გვერდის ავლაში ნებისმიერი სახის დახმარება, შესაძლოა, გახდეს მათთვის მეორადი სანქციების დაწესების საფუძველი“, – ამბობს „საერთაშორისო გამჭვირვალობა“.
რა პრობლემებს შეუქმნის ბრიტანული სანქციები „იმედსა“ და „პოსტვის“?
ანგარიშების გაყინვისა და საბანკო სერვისების შეზღუდვის პარალელურად, დასანქცირებული პროპაგანდისტული არხები მთელი რიგი პრობლემების წინაშე დგებიან. კერძოდ:
- ვეღარ მიიღებენ შემოსავლებს, მათ შორის რეკლამიდან, საბანკო ანგარიშსწორების გზით;
- თანამშრომლებს ვერ გადაუხდიან ხელფასებს;
- ვეღარ იყიდიან უცხოურ სერიალებს;
- გაუუქმდებათ გასართობი გადაცემებისთვის არსებული საერთაშორისო ლიცენზიები;
- გადაიხედება მაუწყებლობასთან დაკავშირებული ყველა სერვისი, რომელსაც სანქცირებული ტელეკომპანიები იღებენ დასავლური კომპანიებიდან ან დასავლური კავშირების მქონე ქართული კომპანიებიდან;
- დაკარგავენ ჟურნალისტური საქმიანობის აკრედიტაციას დასავლურ ქვეყნებში;
- შეეზღუდებათ სოცმედიის გამოყენება/ვერ გაუშვებენ რეკლამებს;
- ვეღარ აიღებენ სესხს და ვეღარ მიიღებენ ახალ დაფინანსებას;
- ვერ გაყიდიან ან/და გააქირავებენ მათ საკუთრებაში არსებულ ქონებას;
- ვეღარ შეიძენენ ან/და იქირავებენ ტექნიკას;
- საბანკო ანგარიშსწორებით ვეღარ გადაიხდიან კომუნალურ გადასახადებს;
გაურთულდებათ ბიზნესის ნორმალური ფუნქციონირებისთვის საჭირო ნებისმიერი სხვა სერვისის მიღება და საფასურის გადახდა, როგორიცაა (დაზღვევა, სატელეკომუნიკაციო მომსახურება, იურიდიული და საბუღალტრო მომსახურება).
თანამშრომლებს გაურთულდებათ საბანკო სესხების აღება.
რას გამოიწვევს „იმედისა“ და „პოსტვის“ დახმარება?
TI-ს განცხადებით, დიდი ბრიტანეთის მხრიდან სანქციების დაწესებით „იმედი“ და „პოსტვ“ გახდნენ მსოფლიო მასშტაბით გამომძიებელ ჟურნალისტთა და სანქციებზე მომუშავე სხვა ორგანიზაციათა დაკვირვების სამიზნე, რომელთა ძალისხმევით არ დაიმალება იმ პირთა და კომპანიათა ვინაობა, ვინც რუსული პროპაგანდის გამავრცელებელ ტელეკომპანიებს სანქციების გვერდის არიდებაში დაეხმარებიან.
„შესაბამისად, ნებისმიერმა ქართულმა კომპანიამ და ფიზიკურმა პირმა თავი უნდა შეიკავოს „იმედისა“ და „პოსტვისთვის“ ნებისმიერი ფორმით, პირდაპირ და არაპირდაპირ, ნებისმიერი სახის სახსრების, სერვისის გაწევისა და შეღავათის მიცემისგან. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველა ეს პირი თუ კომპანია იქნება მეორადი სანქციის სამიზნე“.
„ოცნების“ მხარდაჭერა პროპაგანდისტულ მედიებს და შავი ფულის რისკი
„პროპაგანდისტული მედიების დასანქცირების შემდგომ, „ქართული ოცნების“ ლიდერების რეაქციები ცხადყოფს, რომ სანქციები მათთვის დიდი თავის ტკივილი აღმოჩნდა.
ბრიტანული სანქციების გამოცხადებიდან მალევე, „ოცნების“ გუნდმა „იმედსა“ და „პოსტვის“ სრული მხარდაჭერა გამოუცხადა, რასაც თან მოჰყვა თავდასხმები დიდ ბრიტანეთზე და ახსნა-განმარტებისთვის ბრიტანეთის ელჩის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარებაც.
„ოცნებამ“ პოლიტიკური საბჭოს სხდომაც მოიწვია, რომელსაც „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე და ქვეყნის დე-ფაქტო მმართველი, ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა.
მეტიც, „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უწყებებსა და კერძო კომპანიებს ღიად მოუწოდა მათთან თანამშრომლობის გაგრძელებისკენ, რაც ბადებს საფუძვლიან ეჭვს, რომ, სავარაუდოდ, კომპანიების მიმართ იქნება წნეხი სანქცირებულ ტელევიზიებში რეკლამის მიტანასთან დაკავშირებით, რაც თავის მხრივ, შავი ფულის ტრიალის რისკებს ქმნის, კომპანიებს კი მეორადი სანქციების საფრთხის წინაშე აყენებს, სანქციების თავიდან არიდებაში დახმარების გამო“, – წერს TI-ი
ბრიტანული სანქციების ეფექტი
„პროპაგანდისტული ტელევიზიების სანქცირების შემდგომ განვითარებული მოვლენები მიუთითებს, რომ ქართულმა ბანკებმა ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციები დაიცვეს. ამას მოწმობს ტელეკომპანია „იმედის“ 27 თებერვლის განცხადებაც, სადაც ტელევიზია განმარტავს, რომ შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, ისინი „უმოკლეს დროში“ ახალ ბანკს – „იმედის ბანკს“ დააარსებენ, რომელიც მათ მოემსახურება.
27 თებერვალსვე „რადიო თავისუფლებამ“ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით დაწერა, რომ ბრიტანული სანქციების გამო „იმედში“ ხელფასები „ნაღდი ფულით“ – „კონვერტებით“ დაარიგეს.
ეს იმის მანიშნებელია, რომ ქართულ ბანკებში მათ მომსახურება უკვე შეეზღუდათ და სანქცირებულ ტელევიზიებს საბანკო მომსახურებაზე უარი უთხრეს ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან დაკავშირებულმა და „იმედის“ აწ უკვე ყოფილი მფლობელის, ირაკლი რუხაძის კუთვნილმა ბანკებმაც, შესაბამისად, „ქართუმ“ და „ლიბერთიმ“ – წერს TI-ი.
ვინ ყიდულობს სარეკლამო დროს „იმედსა“ და „პოსტვზე“?
TI-ი წერს, რომ ტელეკომპანია „იმედს“ უკვე წლებია, პირველი ადგილი უკავია სარეკლამო შემოსავლების კუთხით და პროსამთავრობო „პოსტვისთან“ და „მედია ჰოლდინგთან“ („რუსთავი 2-თან“) ერთად, მნიშვნელოვნად უსწრებს კრიტიკულ მაუწყებლებს („ფორმულა“, „ტელეკომპანია პირველი“), რომელთა რეკლამიდან მიღებული შემოსავალი, ისედაც მწირი სარეკლამო ბაზრის პირობებში, კიდევ უფრო მწირია.
„მაგალითად, 2025 წელს, მხოლოდ ტელეკომპანია „იმედმა“ 45 მლნ ლარზე მეტის სარეკლამო შემოსავალი მიიღო, რაც მთლიანი სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლის თითქმის ნახევარია. გასულ წელს 7.6 მლნ ლარის სარეკლამო შემოსავალი მიიღო „პოსტვმაც“.
მიუხედავად იმისა, რომ ტელეკომპანია „იმედი“ ქართული სატელევიზიო ბაზრის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მოთამაშეა და სარეკლამო შემოსავლების უდიდეს ნაწილსაც ის იღებს, უკვე წლებია, კომპანია ვერც მოგებაზე გასვლას ახერხებს და ვერც ხარჯების შემოსავლებით დაფარვას უზრუნველყოფს.
მაგალითად, მხოლოდ 2024 წელს „იმედმა“ თითქმის 68 მლნ ლარი იზარალა. მთლიანობაში მისი ზარალი 454 მილიონ ლარამდეა გაზრდილი და 391 მლნ ლარის ვალი აქვს. 2024 წელი 1 მლნ-იანი ლარის ზარალით დახურა „პოსტვიმაც“.
„გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინფორმაციით, „იმედს“ წლებია ბიძინა ივანიშვილი აფინანსებს შეღავათიანი სესხების გზით, მასთან დაკავშირებული კომპანიების – „ბანკი ქართუ“, „შპს ქართუ ჯგუფის“, Wenigen Management Limited – საშუალებით.
„მოცემული მომენტისთვის, „ბანკი ქართუსა“ და „შპს ქართუ ჯგუფის“ 100%-100%-იან წილებს ფონდი „ქართუ“ ფლობს, რომელიც თავის მხრივ სს „ქართუ ჯგუფის“ საკუთრებაა, ამ უკანასკნელის 35%-იანი წილის მფლობელი კი – ბიძინა ივანიშვილის უფროსი ვაჟი, უტა ივანიშვილია, დანარჩენი წილები სულ მცირე 14 უცნობ პირზეა გადანაწილებული.
მთლიანობაში, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიების მიმართ „იმედის“ ჯამური სასესხო დავალიანება 165 მლნ ლარს აღწევს, რაც „იმედის“ დაფინანსების თითქმის 50%-ია.
იმის გათვალისწინებით, რომ კომუნიკაციების კომისია ტელევიზიებისგან სარეკლამო დროის შემსყიდველი კომპანიებისა და მათ მიერ ტელევიზიებისთვის გადახდილი თანხის შესახებ ინფორმაციას კვარტალურად აქვეყნებს და მიმდინარე წლის პირველი კვარტალის მონაცემები, სავარაუდოდ, აპრილის ბოლოს ან მაისის დასაწყისში გამოქვეყნდება.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ „იმედისა“ და „პოსტვის“ მოქმედი სარეკლამო კონტრაქტორები მედიამონიტორინგის პრინციპით გამოავლინა, რისთვისაც სრულად დამონიტორინგდა ტელევიზიების 24 თებერვლის საეთერო ბადეები (24 სთ).
მონიტორინგმა აჩვენა, რომ „იმედისა“ და „პოსტვის“ სანქცირების მომენტისთვის მათ სარეკლამო დამკვეთებს შორის იყვნენ:
კოკა-კოლა, მაკდონალდსი, პსპ, ავერსი, მეამა, კარფური, სანდომი, გლოვო, სანტე (სანტინო), ბორჯომი, RMG, Hyundai Auto-Georgia, Head & Shoulders; Pantene, m2, Pampers, Raffaello და სხვ. სანქცირებულ ტელევიზიებში რეკლამას ათავსებს საქართველოს კულტურის სამინისტროც. (ტელევიზიების მიხედვით რეკლამების ჩამონათვალი ნახეთ ცხრილში #1).
იქიდან გამომდინარე, რომ კომპანიებს შორის დადებული სარეკლამო მომსახურების ხელშეკრულებები საჯარო არ არის, ოფიციალური მონაცემების გამოქვეყნებამდე რთულია, როგორც სარეკლამო დროის შესყიდვაში გადახდილი თანხის გამოთვლა, ასევე იმის დადგენა თუ რა ვადით აქვთ კომპანიებს ეს მომსახურება ნაყიდი.
ამ მომენტისთვის არც ის არის ცნობილი, რომელი მათგანი აპირებს მათთან თანამშრომლობის გაგრძელებას. მათ ამის შესახებ ოფიციალური განცხადებები ამ დრომდე არ გაუკეთებიათ. ამ მხრივ არსებული სურათი მეორე კვარტლის მონაცემების გამოქვეყნების შემდგომ გახდება ნათელი“, – ამბობს TI-ი.
მათივე შეფასებით, ერთადერთი გამონაკლისი, რომელმაც სანქციების დაწესებიდან 4 დღეში განაცხადა, რომ „არ ითანამშრომლებდა სანქცირებულ კომპანიებთან“ ყავის მწარმოებელი კომპანია „მეამა“ იყო, რომელიც ტელეკომპანია „იმედის“ ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სარეკლამო დამკვეთია და რომლის 10%-იანი წილის მფლობელი ბიძინა ივანიშვილის ძმის ქვისლი, თამაზ ხარაიძეა.
„თუმცა, განცხადებიდან მეორე დღესვე, კომპანიამ დააზუსტა, რომ მათ უარი არ უთქვამთ „ყველაზე რეიტინგულ ტელევიზიებთან, „იმედთან“ და „პოსტვისთან“ თანამშრომლობაზე“ და ეს პროცესი კვლავინდებურად გაგრძელდება“.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ დააკვირდება, თუ რომელი კომპანიები განაგრძობენ სანქცირებულ ტელევიზიებთან თანამშრომლობას.