მთავრობის ახალი განკარგულებით შსს-ს მომსახურების სააგენტომ და შემოსავლების სამსახურმა თავიანთ ანგარიშებზე განთავსებული თავისუფალი ნაშთიდან ჯამში 110 მილიონი ლარი სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა ჩარიცხონ.
კერძოდ:
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ – 60 000 000 ლარი, მათ შორის: 2026 წლის 31 მარტამდე – 30 მილიონი ლარი, ხოლო არაუგვიანეს 2026 წლის 15 დეკემბრისა – 30 მილიონი ლარი;
- შემოსავლების სამსახურმა კი – 50 000 000 ლარი, მათ შორის: 2026 წლის 31 მარტამდე – 30 მილიონი ლარი, ხოლო არაუგვიანეს 2026 წლის 15 დეკემბრისა – 20 მილიონი ლარი.
თანხის ბიუჯეტში მიმართვის შედეგად აღნიშნული სამსახურების „ბიუჯეტების ცვლილება არ საჭიროებს საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებას.“ – წერია მთავრობის 2026 წლის 19 მარტის განკარგულებაში, რომელსაც ხელს ირაკლი კობახიძე აწერს.
2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონში არის ჩანაწერი, რომ საქართველოს მთავრობას აქვს უფლება, იმ საჯარო სამართლის იურიდიული პირებიდან [სსიპ], რომელთა წლიური შემოსავალი, ბიუჯეტიდან მიღებული დაფინანსების გარდა, აღემატება 1 მილიონ ლარს, განსაზღვროს ის სსიპ-ები, რომლებსაც ანგარიშზე არსებული თავისუფალი ნაშთის ნაწილს სახელმწიფო ბიუჯეტში ან სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციების დასაფინანსებლად მიამართვინებს.
აღსანიშნავია, რომ ისეთი უწყებები, როგორიცაა მომსახურების სააგენტო და შემოსავლების სამსახური, მოქალაქეებს ფასიან სერვისებს სთავაზობენ.
მაგალითად, მართვის მოწმობის აღების, იარაღის გაფორმების, ექსპერტიზისა თუ საბაჟო მომსახურების საფასური პირდაპირ ამ უწყებების ანგარიშზე ირიცხება.
აღნიშნული თანხები მათ „საკუთარ შემოსავლებს“ წარმოადგენს, რომლებსაც ორგანიზაციები დამოუკიდებლად განკარგავენ ხელფასების, ინფრასტრუქტურული პროექტებისა თუ სხვა საჭიროებებისთვის.
წლის ბოლოსთვის აუთვისებელი თანხა ავტომატურად ბიუჯეტში არ ბრუნდება და უწყებების ანგარიშზე „გარდამავალი ნაშთის“ სახით რჩება. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ დაგროვილი ნაშთი მნიშვნელოვანია და სახელმწიფოს დამატებითი რესურსი სჭირდება, მთავრობა გამოსცემს სპეციალურ განკარგულებას, რომლითაც უწყებას ამ „ზედმეტი“ თანხის საერთო ბიუჯეტში გადარიცხვას ავალდებულებს.