ბელგიის სამხედრო-საზღვაო ფლოტი, ნაღმებისგან ზღვის გასაწმენდად, მალე ავტონომიური დრონებით აღიჭურვება. ქალაქ მუსკრონში დაფუძნებულმა კომპანია „ექსაილმა“ ასეთი მოწყობილობა უკვე შექმნა, თუმცა, ამჟამად მათ მხოლოდ კონკრეტული შემთხვევებისთვის ამზადებს. მაგალითად, წარმოიდგინეთ, რომ ჩრდილოეთის ზღვაში ნაღმი აღმოაჩინეს. მის გასანეიტრალებლად ბელგიის სამხედრო-საზღვაო ფლოტი იგზავნება, რომელსაც ბორტზე აუცილებლად ექნება „ექსაილის“ მიერ წარმოებული USV-ი - პატარა ნავი ან გემი, რომელიც წყლის ზედაპირზე დისტანციურად, ეკიპაჟის გარეშე იმუშავებს. ბელგიისა და ნიდერლანდების სამხედრო-საზღვაო ფლოტებისთვის ამ მოწყობილობის გადაცემამდე, „ექსაილი“ ოსტენდეში საბოლოო ტესტირებას ატარებს. USV-ი ნებისმიერი საზღვაო ნაღმის გასანეტრალებლად გამოდგება. მისი გამოყენების მთავარი მიზანი გემზე მყოფი პერსონალის უსაფრთხოების დაცვაა. „ექსაილის“ USV-ს პროგრამული უზრუნველყოფის მთავარი ინჟინრის, გიიომ ვილიეს თქმით, განაღმვითი ოპერაციის დროს, საშიშ ტერიტორიაზე მხოლოდ ნავი და დრონი დარჩებიან - ადამიანს იქ არაფერი ესაქმება.
USV-ს გემი (ან ნავი) აღჭურვილია სხვადასხვა დრონით, რომლებიც დიდ ყვითელ ტორპედოებს ჰგვანან და თითოეულს განსხვავებული ფუნქცია აქვს. მაგალითად, „ექსაილის“ ქარხანაში იწყება ისეთი დრონების წარმოება, რომელიც ნაღმებს ჰიდროლოკატორის მეშვეობით აღმოაჩენს. „ის წყლის სიღრმეში დამოუკიდებლად ეშვება და იქ აკეთებს მარყუჟებს ნაღმების აღმოსაჩენად“, - განმარტავს საზღვაო სისტემების ინჟინერი, ტიბოლ რობერტი.
ჰიდროლოკატორის მქონე დრონის წარმოებას კიდევ რამდენიმე თვე დასჭირდება. სხვა ტიპის დრონებს შორის არის ისეთებიც, რომლებზეც ასაფეთქებელი ნივთიერებები მაგრდება და ნაღმების გასანეიტრალებლად იგზავნება. ცოტა ხნის წინ, ნატო-მ „ექსაილს“ 100 ასეთი დრონი დაუკვეთა. მწარმოებელი ამტკიცებს, რომ მოთხოვნა დიდია და შეუძლია, კიდევ უფრო გაზარდოს წარმოების მოცულობა. „ეს დარბაზი დღეში ორი დრონის აწყობაზეა გათვლილი. ამ ეტაპზე ჩვენ ჯერ არ გვაქვს ისეთი შეკვეთები, რომ უფრო მეტის დამზადება იყოს საჭირო, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ წარმოების ზრდის აუცილებლობის წინაშე მალე დავდგებით. მუდმივი კონტაქტები გვაქვს საზღვაო ძალებთან მთელ მსოფლიოში, რომლებსაც ჩვენი სისტემის გამოყენება სურთ“, - ამბობს Exail robotics Belgium-ის გენერალური დირექტორი,სტივენ ლუისი.
ბელგიის წყლებში დღემდე ათასობით ნაღმია, რაც პორტების ეკონომიკურ საქმიანობას საფრთხეს უქმნის. „ექსაილი“ აცხადებს, რომ თამაშრომლებს ყველაგან ეძებს - ინჟინრებს მუსკრონში, ტექნიკოსებს ოსტენდეში და ა.შ. უპილოტო წყალქვეშა ნავების და დრონების სერიული წარმოება 2025 წლიდან დაიწყება. კომპანია იმედოვნებს, რომ საზღვაო დრონების წარმოების სფეროში ეტალონი გახდება.
ბელგიის სამხედრო-საზღვაო ძალები ნაღმსაწინააღმდეგო თავდაცვაში სპეციალიზდებიან
ბელგია 8 პორტის მფლობელი სახელმწიფოა, რომელთაგან რამდენიმე მსოფლიო მნიშვნელობისაა. საზღვაო ვაჭრობის უსაფრთხოების დაცვა ქვეყნის სამხედრო-საზღვაო ფლოტს ევალება. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ბელგიის სამხედრო-საზღვაო ძალები ნაღმსაწინააღმდეგო თავდაცვაში დაოსტატდნენ. „ჩვენი საზღვაო სივრცე საფრთხეების შემცველია, რადგან საკმაოდ წყალმარჩხია. ჩვენი მისიაა, როგორც საფრთხეებისგან პორტების დაცვა, ასევე ძველი გერმანული ან ინგლისური ნაღმებისგან ზღვის გაწმენდა. მაგალითად, გასულ წელს ბალტიის ზღვაში 17 საზღვაო ნაღმი ვიპოვეთ“, - აცხადებს ბელგიის სამხედრო-საზღვაო ძალების მეთაური, ადმირალი ტანგი ბოტმანი.
სამხედრო-საზღვაო ძალები უკვე იყენებს დრონებს ზღვის ფსკერის მონიტორინგისთვის, რათა დაადგინონ, უსაფრთხოა თუ არა ინფრასტრუქტურა ნავიგაციისთვის ან ისეთი ტექნიკური დანადგარებისთვის, როგორიცაა ქარის ტურბინები. „ექსაილის“ მიერ წარმოებულიUSV-ების შეკვეთა მათ მუშაობის ეფექტურობის გაუმჯობესების საშუალებას მისცემს. „საზღვაო დრონების მეშვეობით, ჩვენ შევამცირებთ გამნაღმველების საფრთხეს და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, უფრო სწრაფად შევამოწმებთ ტერიტორიას. „ექსაილი“ ახორციელებს პროექტს, რომელიც ჩვენ შევუკვეთეთ. ტექნოლოგია არსებობს, მაგრამ დისტანციურად მართვადი პროცესი, რომელიც ჩვენ უნდა განვახორციელოთ, მაინც გამოწვევა იქნება. ადაპტაციისთვის დრო იქნება საჭირო, მაგრამ მაიმედებს ის, რომ ჩვენი ახალგაზრდა რეკრუტები ახალი ტექნოლოგიებით არიან დაინტერესებულნი. მე მჯერა, რომ ორივე გუნდი - მწარმოებელიც და შემკვეთიც - პროექტის განხორციელებას მიმდინარე წელსვე დაიწყებს“, - ამბობს ბელგიელი ადმირალი. 2023 წელს ბელგიამ და ნიდერლანდებმა, რომელთა სამხედრო-საზღვაო ძალები უკვე 26 წელია თანამშრომლობენ, ოთხი ახალი ფრეგატი ერთობლივად შეიძინეს. ეს თანამშრომლობა იმედისმომცემია ევროპისთვის, რომელსაც ეროვნული თავდაცვის გაძლიერება და სამხედრო კონტაქტების განმტკიცება სურს. ტანგი ბოტმანი ოპტიმისტურად არის განწყობილი. „ჩვენ საზღვაო ძალებს შორის თავსებადობის კარგი გამოცდილება გვაქვს. ასევე გაგვაჩნია ძალიან კარგი კონტაქტები და ყველა ევროპულ საზღვაო ძალებთან ვმუშაობთ“, - დასძინა მან. კომპანია „ექსაილი“ ოსტენდეში ტრენინგებს უტარებს საზღვაო ძალების წარმომადგენლებს, რომლებიც მომავალში USV-ს ოპერატორები იქნებიან. გრძელვადიან პერსპექტივაში, ნატო-ს ყველა წევრი სახელმწიფოს მომზადებაა დაგეგმილი.
წყარო: 1 არხი