მთავრობის ინიციატივით მომზადებული პროექტი „რაჭის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ზურაბ ეზუგბაიამ წარუდგინა.

რაჭის დაცული ტერიტორიების გაფართოების შედეგად, სხვადასხვა კატეგორიებისგან შემდგარი დაცული ტერიტორიების კომპლექსური ქსელი შეიქმნება.

კანონპროექტის თანახმად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, რაჭის ეროვნული პარკის ფართობი 4 759 ჰექტრით გაიზრდება. ასევე, ცვლილებების შედეგად, ამბროლაურის დაცული ლანდშაფტი და ხუთი ბუნების ძეგლი - უშოლთის, კიდობანის, საკიშორის, მურადის და შარეულას მღვიმეები შეიქმნება.

როგორც მინისტრის მოადგილე ზურაბ ეზუგბაიამ მოხსენებაში აღნიშნა,  პროექტი უაღრესად მნიშვნელოვანია დაცული ტერიტორიების სისტემის, რეგიონში რეკრეაციული სივრცის და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის. ის ხელს შეუწყობს როგორც ადგილობრივი ტრადიციული მეურნეობის შემდგომ განვითარებას, ასევე, ბიომრავალფეროვნების და ეკოსისტემების აღდგენასა და შენარჩუნებას.

რაჭის ეროვნული პარკი რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონში, ონის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. ეროვნული პარკი 2023 წელს შეიქმნა და მისი საერთო ფართობი 50 835 ჰა-ია.

კომიტეტის წევრებმა კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას მხარი დაუჭირეს.