ცხელ დღეებში, როდესაც გონებრივი გადაღლილობა პიკს აღწევს, ხშირად ჩნდება ცდუნება, რომ სააზროვნო პროცესი სრულად ხელოვნურ ინტელექტს გადავაბაროთ. თუმცა, შესაძლებელია საპირისპირო გზით სიარულიც. ხელოვნური ინტელექტი შეიძლება გამოვიყენოთ არა შემეცნებითი პროცესების შესასუსტებლად, არამედ მათ გასააქტიურებლად. არსებობს ხუთი კონკრეტული ტაქტიკა, რომელიც ტექნოლოგიას ინტელექტუალურ პარტნიორად, მკვლევრად და პერსონალურ მასწავლებლად აქცევს.

ოპონირება, შექების ნაცვლად

ხელოვნური ინტელექტის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური როლი ინტელექტუალური სპარინგ-პარტნიორობაა. ნაცვლად იმისა, რომ სისტემას მხოლოდ იდეების მოწონება ვთხოვოთ, უმჯობესია მას ალტერნატიული პერსპექტივების ჩვენება დავავალოთ. პროფესიონალური გეგმის, პროექტის ან გადაწყვეტილების გაზიარებისას, ხელოვნურ ინტელექტს უნდა მიეცეს დავალება, ითამაშოს ეშმაკის ადვოკატის როლი. ეს მიდგომა გვეხმარება სუსტი დაშვებებისა და ისეთი რისკების აღმოჩენაში, რომლებიც შესაძლოა კამპანიის ან პრეზენტაციის მომზადებისას ყურადღების მიღმა დარჩა.

ეფექტურობისთვის სასურველია სისტემას სხვადასხვა როლის მორგება ვთხოვოთ, იქნება ეს კარიერული ქოუჩი, კონკურენტი, მომხმარებელი თუ გამოცდილი მრჩეველი. მაგალითად, ახალი ექსპერიმენტული ფუნქციები მომხმარებლებს მრჩეველთა ვირტუალური პანელისგან სხვადასხვა პერსპექტვას სთავაზობს. ამასთან, აუცილებელია მაქსიმალურად დეტალური კონტექსტის მიწოდება, რათა პასუხები არ იყოს შაბლონური, ხოლო უსაფრთხოებისა და პირადი მონაცემების დასაცავად, შესაძლებელია ისეთი ოფლაინ ხელსაწყოების გამოყენება, რომლებიც ლოკალურად, ინტერნეტის გარეშე მუშაობენ.

ხმამაღლა ფიქრი

ხშირად იდეების ჩამოსაყალიბებლად საუკეთესო გზა ხმამაღლა საუბარია. ხმოვანი ხელოვნური ინტელექტი ამ თავისუფალ ფიქრებს სტრუქტურირებულ ტექსტად გარდაქმნის. აპები იწერენ და შიფრავენ ნათქვამს, აკეთებენ რეზიუმეს და აჯგუფებენ სათქმელს თეზისებად, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად არათანმიმდევრულად საუბრობს ადამიანი.

ბაზარზე რამდენიმე საინტერესო ინსტრუმენტი არსებობს. სტანდარტული ჩანაწერების აპლიკაციები კარგი უფასო ალტერნატივებია, თუმცა ტექსტის სტრუქტურირებისთვის უფრო მოწინავე პროგრამებია საჭირო, რომლებიც ხმოვან ფაილებს წამებში გარდაქმნიან გამართულ იმეილებად თუ ჩანაწერებად. ზოგიერთი მათგანი წერაზე ბევრად სწრაფია, მუშაობს უამრავ ენაზე და იდეალურია შეხვედრების მყისიერი ტრანსკრიფციისთვის. ხმოვანი მუშაობისას საუკეთესო პრაქტიკა ყურსასმენებით სეირნობისას საუბარია, რადგან ეკრანის არარსებობა ტვინს რედაქტირებისგან ათავისუფლებს და ფიქრის პროცესს უფრო კრეატიულს ხდის.

მსჯელობა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების წინ

მნიშვნელოვანი პროექტის დაწყებამდე ხელოვნური ინტელექტის სიღრმისეული კვლევის ფუნქციების გამოყენებამ შესაძლოა დღეების სამუშაო რამდენიმე წუთში შეასრულოს და მოამზადოს წყაროებით მდიდარი ანგარიში. წამყვანი პლატფორმები დღეს მომხმარებლებს სწორედ ასეთ შესაძლებლობას სთავაზობენ.

სისტემა აანალიზებს მოთხოვნას და ასობით ვებგვერდს ერთდროულად ამოწმებს. საუკეთესო შედეგისთვის კვლევის ფორმულირებაში უნდა მიეთითოს კვლევის მიზანი, მიებას შესაბამისი დოკუმენტები, განისაზღვროს სასურველი ფორმატი და პრიორიტეტული წყაროები, როგორიცაა სამეცნიერო პუბლიკაციები ან კონკრეტული უწყებების მასალები. თითოეულ მოდელს თავისი ძლიერი მხარე აქვს: ზოგიერთი მაქსიმალურად სწრაფი და მკაფიოა, ზოგი ანგარიშს პირდაპირ სამუშაო დოკუმენტებში აქსპორტებს, სხვები კი ძალიან დეტალურ და მოცულობით ანალიზს აკეთებენ.

ახალი ცოდნის ათვისება და ინდივიდუალური კურიკულუმი

სტანდარტული სახელმძღვანელოებისგან განსხვავებით, ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია პერსონალური სასწავლო პროგრამის შედგენა ნებისმიერ თემაზე. თანამედროვე ხელსაწყოების სპეციალური სასწავლო რეჟიმები ორიენტირებულია სწავლის ხელშეწყობაზე და არა მზა პასუხების მიწოდებაზე.

მომხმარებელს შეუძლია მოითხოვოს დიაგრამები, ანალოგიები და ქეისები, განსაზღვროს საკუთარი საწყისი დონე და დროის მიხედვით გაწეროს გეგმა. სასწავლო გეგმის შედგენისას მნიშვნელოვანია იმის მითითება, თუ როგორ ითვისებს ადამიანი ინფორმაციას უკეთესად – კითხვით, მოსმენით თუ პრაქტიკული სავარჯიშოებით. კალენდრის ინტეგრაციით კი შესაძლებელია ამ საათების დღის განრიგში ავტომატურად ჩასმა, რაც გეგმის შესრულების ალბათობას ზრდის.

პერსონალური სასწავლო პანელის შექმნა

კითხვის, სპორტული მიღწევებისა თუ მიზნების თვალყურის დევნებისთვის მარტივი აპლიკაციის შექმნა დღეს პროგრამირების კოდის წერის გარეშეც არის შესაძლებელი. ხელოვნური ინტელექტის ასისტენტს შეუძლია დაეხმაროს მომხმარებელს სასურველი ციფრული პანელის აწყობაში.

ამისათვის სპეციალიზებული პლატფორმები საშუალებას იძლევა, იდეა რამდენიმე წუთში იქცეს მუშა ვებგვერდად ან პატარა აპლიკაციად. ეს მიდგომა ტექნოლოგიას მომხმარებლის პირად ასისტენტად აქცევს, რომელიც ზუსტად მის სპეციფიკურ საჭიროებებზეა მორგებული.

წყარო: Fastcompany,  www.marketer.ge