Google-მა ახალი აპლიკაცია, Doppl წარადგინა, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ვირტუალურად „მოისინჯონ“ ტანსაცმელი.

ამის შესახებ კომპანიამ თავის ოფიციალურ ბლოგში დაწერა.

Doppl აშშ-ში iOS-სა და Android-ზე არის ხელმისაწვდომი.

ტანსაცმლის მოსასინჯად მომხმარებელმა თავისი სრული სიმაღლის ფოტო უნდა ატვირთოს, რის შემდეგაც მაღაზიის ვებგვერდიდან, სოციალური ქსელებიდან ან თუნდაც მეგობრის ტანსაცმლის ფოტოდან სასურველი სამოსის ფოტოების ან სკრინშოტების დამატებას შეძლებს.

Doppl მომხმარებლის ვირტუალური ვერსიიდან შერჩეულ გამოსახულებაში ქმნის სურათს. ასევე, მოკლე ვიდეოების გენერირება შეუძლია, რომ აჩვენოს, თუ როგორ გამოიყურება ტანსაცმელი მოძრაობაში.

სამოსის ყველა მოსინჯვის შენახვა და სხვებთან გაზიარება შესაძლებელია.

Google-ის განმარტებით, Doppl მსგავსი ფუნქციის, Google Shopping-ის შესაძლებლობებს ეფუძნება, რომელიც მომხმარებელს სამოსის მოსინჯვას სხვადასხვა სხეულის ტიპის მქონე მოდელებზე სთავაზობდა. ახლა მომხმარებლები ტანსაცმელს პირდაპირ საკუთარ „ციფრულ ორეულზე“ მოისინჯავენ.

კომპანია ხაზს უსვამს, რომ Doppl არის Google Labs-ის ექსპერიმენტი, ამიტომ შედეგები შესაძლოა, ყოველთვის ზუსტი არ იყოს, ხოლო დეტალები რეალობისგან განსხვავდებოდეს.

ჯერ უცნობია, ხელმისაწვდომი იქნება თუ არა აპლიკაცია სხვა ქვეყნებში.

წყარო: bpn.ge