გაცნობის აპლიკაცია „Grindr“-ის მეშვეობით, 22 წლის მსხვერპლსა და თავდამსხმელებს შორის შესაძლო კონტაქტებს გამომძიებლები იკვლევენ. 

ყოველ შემთხვევაში, სწორედ ამ ვერსიას იძიებს ბრიუსელის პროკურატურა იქსელში, გაშარის ქუჩაზე 57 წლის მამაკაცის გარდაცვალების შემდეგ.

რა მოხდა?

ხუთშაბათს, დაახლოებით დილის 4 საათზე, ორი მამაკაცი 22 წლის ფრანგის სახლში შეიჭრა, რომელიც ფლაჟეის მოედანთან ახლოს მდებარე ბინაში ცხოვრობდა. მასმედიის ცნობით, შეხვედრის ორგანიზებისა და ფულის გამოძალვისთვის, მათ გაცნობის აპლიკაცია „Grindr“ გამოიყენეს. მაგრამ მას შემდეგ, რაც საქმეში ბრიუსელში მყოფი ახალგაზრდა მამაკაცის მშობლები ჩაერივნენ, ყველაფერი კონტროლიდან გამოვიდა...

რამდენიმე გასროლის ხმა გაისმა. ცოტა მოგვიანებით, ოჯახის უფროსი, 57 წლის მამაკაცი, სასწრაფო დახმარების მოსვლამდე, ადგილზე გარდაიცვალა. დედა-შვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათ სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. ამასობაში, ორი ეჭვმიტანილი ამ დრომდე თავისუფლებაშია. პოლიცია მათ აქტიურად ეძებს.

რატომ მაინცადამაინც ეს ვიზიტი?

ამჟამად გამოძიება სხვადასხვა ვერსიაზე მუშაობს, მაგრამ პროკურორები ადასტურებენ, რომ გამომძიებლები იკვლევენ 22 წლის ახალგაზრდასა და თავდამსხმელებს შორის შესაძლო კონტაქტებს გაცნობის აპლიკაცია „Grindr“ მეშვეობით, რომელიც გეი და ბისექსუალი მამაკაცებისთვის არის განკუთვნილი.

თუმცა, ჯერ შეუძლებელია იმის თქმა, იყო ეს ჰომოფობიური ძალადობა, როგორც ამას პროკურატურა ამტკიცებს, თუ ინციდენტი დაკავშირებულია თავდასხმების იმ ტალღასთან, რომელმაც ბრიუსელს ბოლო კვირებში გადაუარა.

შეგახსენებთ, რომ ბევრი გეი გაცნობის აპლიკაციების საშუალებით „ჩასაფრების“ მსხვერპლი გახდა. სცენარი, როგორც წესი, ერთნაირია: შეხვედრაზე შეთანხმება ხდება ინტერნეტში, პაემანი ინიშნება პარკში, სადაც მსხვერპლს თავს ესხმიან და ძარცვავენ. მხოლოდ ივნისში ბრიუსელის პოლიციამ ამ ტიპის დანაშაულის შესახებ ხუთი საჩივარი მიიღო.

წყარო: 1 არხი - საზოგადოებრივი მაუწყებელი