Apple-ის ინფორმაციით, განახლებული ხმოვანი ასისტენტი Siri, Google-ის მიერ გენერირებული ხელოვნური ინტელექტის Gemini-ის ბაზაზე იმუშავებს. 

Google-ის განცხადებით, Apple-ის მიერ ჩატარებული შეფასების შემდეგ დადგინდა, რომ Gemini წარმოადგენს „ყველაზე ძლიერ საფუძველს Apple Foundation Models-ისთვის“, გარდა ამისა, კომპანიის განცხადებით, Gemini მოდელები მომავალში Apple Intelligence-ის სხვა ფუნქციებშიც იქნება ინტეგრირებული.

Alphabet-სა და OpenAI-ს შორის კონკურენცია Apple-თან პარტნიორობისთვის დიდი ხანია მიმდინარეობდა, თუმცა შეთანხმების ფინანსური დეტალები არ საჯაროვდება. Apple-ს 2024 წლის ბოლოს უკვე ჰქონდა ChatGPT ინტეგრირებული საკუთარ მოწყობილობებში, რაც Siri-ს რთულ შეკითხვებზე პასუხის გაცემის შესაძლებლობას აძლევდა.

Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ილონ მასკმა შეთანხმებას სოციალური ქსელ X-ზე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ Google-ისთვის ეს „ძალაუფლების გადაჭარბებულ კონცენტრაციას“ ქმნის, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ კომპანიას უკვე ეკუთვნის Android და Chrome.

ანალიტიკოსების თქმით, Google აქტიურად ცდილობს OpenAI-ის ადრეული უპირატესობის შემცირებას, განსაკუთრებით საბაზისო მოდელებისა და ვიზუალური გენერაციის მიმართულებით.

შეთანხმება  Apple-სა და Google-ს შორის არსებულ მრავალწლიან თანამშრომლობას ეფუძნება, რომლის ფარგლებშიც Google Apple-ის მოწყობილობებზე ე.წ ნაგულისხმევ საძიებო სისტემად რჩება.

ცნობისთვის, ინფორმაციის გავრცელებისთანავე ბირჟაზე Alphabet-ის საბაზრო კაპიტალიზაცია მკვეთრად გაიზარდა და  ორშაბათს 4 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა.

Google-ის განცხადებით, Apple Intelligence იმუშავებს როგორც მოწყობილობებზე, ისე Private Cloud Compute-ის ინფრასტრუქტურაზე, Apple-ის კონფიდენციალურობის მაღალი სტანდარტების დაცვით.