ჩინეთის სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი კომერციული კოსმოსური კომპანია CAS Space-ი 2028 წლიდან კოსმოსში ტურისტულ ფრენებს დაიწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. 

საინტერესოა, რომ აღნიშნული ინფორმაცია ერთი დღის დაგვიანებით გავრცელდა მას შემდეგ, რაც ამერიკელი მილიარდერის ჯეფ ბეზოსის კოსმოსურმა კომპანია Blue Origin-მა კოსმოსში ტურისტული ფრენების განახლების შესახებ განაცხადა. 

CAS Space-ის განცხადებით, ხომალდს ტურისტებისთვის განკუთვნილი კაბინა ექნება, რომელიც ოთხი ილუმინატორით იქნება აღჭურვილი. ხომალდში შვიდი მგზავრის მოთავსება იქნება შესაძლებელი. კომპანია გეგმავს, რომ კოსმოსში ფრენები ყოველ 100 საათში ერთხელ შეასრულოს. CAS Space-ი 2028 წლისთვის 10 ხომალდის მშენებლობას აპირებს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით კი, ერთ ფრენაზე ბილეთის ღირებულება $400,000-ის ფარგლებში იქნება.

CAS Space-ი 2018 წელს დაარსდა და მისი მეორე ყველაზე მსხვილი აქციონერი ჩინეთის უმსხვილესი სახელმწიფო კვლევითი ინსტიტუტი, ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიაა.