2025 წელს, 2024-თან შედარებით, სმარტფონების გლობალური მიწოდება 2%-ით გაიზარდა. ეს მაჩვენებელი ჩამოუვარდება 2023-2024 წლებში დაფიქსირებულ 4%-იან ზრდას, თუმცა დინამიკა მაინც დადებითია - ამის შესახებ კვლევითი ორგანიზაცია Counterpoint-ის 12 იანვარს გამოქვეყნებულ წინასწარ შეფასების ანგარიშში ვკითხულობთ.
კვლევის თანახმად, მწარმოებლებს შორის ყველაზე დიდი ზრდა Apple-ს ჰქონდა, რომლის ბაზრის წილიც 2024 წლის 18%-დან 2025 წელს 20%-მდე გაიზარდა. მიწოდების 10%-იანი წლიური ზრდით კომპანია საუკეთესო ხუთეულში ლიდერობს.
უფროსი ანალიტიკოსის, ვარუნ მიშრას განმარტებით, ეს ზრდა განვითარებად და საშუალო ზომის ბაზრებზე მოთხოვნის მატებამ, ასევე კომპანიის გაფართოებამ განაპირობა. ცნობილია, რომ მეოთხე კვარტალში iPhone 17-ის სერიამ მნიშვნელოვანი პოპულარობა მოიპოვა, ხოლო iPhone 16-ის მოდელებმა იაპონიაში, ინდოეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში გაყიდვების მაღალი ტემპი შეინარჩუნა.
პროცესი კიდევ უფრო დააჩქარა ე.წ. "კოვიდის ეპოქის განახლების ციკლმაც", როდესაც მილიონობით მომხმარებელს ძველი სმარტფონების შეცვლა სწორედ წელს მოუწია.
სიაში მეორე ადგილს Samsung-ი იკავებს, რომლის მიწოდებაც წლიურად 5%-ით, ბაზრის წილი კი 18%-დან 19%-მდე გაიზარდა. მესამე პოზიციაზე 13%-იანი წილით Xiaomi გავიდა, ხოლო Oppo-სა და Vivo-ს ბაზრის 8-8% ერგოთ.

Counterpoint-ის ანგარიში ძირითადად ემთხვევა The International Data Corporation-ის დეკემბრის მონაცემებს, რომლის მიხედვითაც, სადღესასწაულო პერიოდში მაღალი მოთხოვნისა და iPhone 17-ის წარმატების ფონზე, Apple-მა რეკორდული წელი დააფიქსირა.
მეტი შემოსავალი
გარდა მიწოდებისა, წარმატების მთავარი ინდიკატორი შემოსავალიცაა. ანგარიშის თანახმად, ზრდა ამ მიმართულებითაც ფიქსირდება.
უფროსი ანალიტიკოსი შილპი ჯაინი აღნიშნავს, რომ 2025 წელს გაგრძელდა მომხმარებლების მიერ უფრო ძვირად ღირებულ (პრემიუმ) მოწყობილობებზე გადასვლის ტენდენცია. ამან განვითარებად რეგიონებში 5G სმარტფონებზე მოთხოვნის ზრდა გამოიწვია.
აშშ-ის სატარიფო ცვლილებების მოლოდინში, მწარმოებლებმა 2025 წლის პირველ ნახევარში მიწოდება მაქსიმალურად გაზარდეს. თუმცა, წლის განმავლობაში ტარიფების გავლენა მოსალოდნელზე სუსტი აღმოჩნდა და მეორე ნახევრის მაჩვენებლებზე ნაკლებად იმოქმედა.
კონკრეტულად მეოთხე კვარტალში Apple-მა მნიშვნელოვანი უპირატესობა მოიპოვა - გლობალური მიწოდების სრული მეოთხედი (25%) სწორედ ამ კომპანიაზე მოდიოდა, რაც მისთვის რეკორდული მაჩვენებელია. მეორე ადგილზე 17%-ით Samsung-ი გავიდა.
მთლიანობაში, სატარიფო მოლოდინების გამო წლის დასაწყისში გაზრდილი მიწოდების ფონზე, წელი მშვიდად დასრულდა - მეოთხე კვარტალში წლიურმა ზრდამ მხოლოდ 1% შეადგინა.
მართალია, Counterpoint-ი ვარაუდობს, რომ მეოთხე კვარტალის შედეგები Apple-ისთვის ძალიან მოგებიანი იქნება, თუმცა ზუსტი ციფრები 2026 წლის 29 იანვარს, ფინანსური ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ გახდება ცნობილი.
რა გველის 2026 წელს?
მომავალ წელს Counterpoint-ი სიფრთხილით უყურებს. კვლევების დირექტორი ტარუნ პატაკი ბაზრის მოსალოდნელი შესუსტების შესახებ გვაფრთხილებს.
არსებული პროგნოზით, 2025 წელთან შედარებით, სმარტფონების ბაზარი დაახლოებით 3%-ით შემცირდება.
ცვლილების მთავარი მიზეზი კომპონენტების დეფიციტი იქნება: DRAM და NAND ჩიპების ნაკლებობა და ხელოვნური ინტელექტის (AI) მონაცემთა ცენტრების მომარაგების პრიორიტეტულობა ბაზარზე პრობლემებს შექმნის. კომპონენტების გაძვირება ფასების მატებასაც გამოიწვევს.
მიუხედავად ამისა, Counterpoint-ში მიიჩნევენ, რომ ძლიერი მიწოდების ჯაჭვისა და პრემიუმ პოზიციონირების წყალობით, Apple და Samsung-ი ბაზრის წნეხს გაუძლებენ.