AI ხელსაწყოების სარგებელი უკვე ყველა ინდუსტრიაში ვიგრძენით და გამონაკლისი არც დასაქმების სექტორია. თუ სწორად გამოიყენებთ, კარგი ასისტენტის როლს მოირგებს, თუ არადა, შედეგები სავალალო იქნება… რას ვგულისხმობთ ცუდად გამოყენებაში, ამაზე ქვემოთ AI შეცდომებით გესაუბრებით:
შეცდომა N1: მთლიანი რეზიუმეს ან სამოტივაციო წერილის სრულად AI-ზე მინდობა
AI კი პროფესიონალური დოკუმენტების წამებში შექმნას გვპირდება, მაგრამ ხშირად ზოგად კონტენტს ეყრდნობა, რითაც თქვენი აპლიკაცია სხვებისას ემსგავსება. ეტყობა კიდეც, რომ რობოტის მიერაა დაწერილი…
რატომ არის ეს პრობლემა? AI სტრუქტურის აგებასა და გრამატიკულ ნაწილში შეიძლება დაგეხმაროთ, მაგრამ იგი ვერ აღბეჭდავს ნიუანსებს, რომლისგანაც თქვენი პერსონალური ბრენდი ან უნიკალური კარიერული ისტორია შედგება. კიდევ უარესი, იდენტური რეზიუმეც კი შეიძლება არსებობდეს სადმე.
გამოსავალი: ხელოვნური ინტელექტი ნაწერის გასაუმჯობესებლად გამოიყენეთ და არ მიანდოთ წერის მთლიანი პროცესი. მაგალითისთვის, შეამოწმეთ გრამატიკული შეცდომები, შესთავაზეთ საკვანძო სიტყვები, თუმცა, დარწმუნდით, რომ თქვენი კარიერიდან კონკრეტული მაგალითების ასახვით პერსონალიზებულ კონტენტს შექმნით — რეზიუმე თქვენსავე უნიკალურ მოგზაურობას უნდა ასახავდეს და ეს არ უნდა იყოს უბრალო უნარებისა და მიღწევების AI კოლექცია.
შეცდომა N2: AI-ის გამოყენება რეზიუმეს გასაგზავნად ისე, რომ არცერთი იყოს კონკრეტულ ვაკანსიაზე მორგებული
ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია ათობით ვაკანსიაზე გაგზავნოს თქვენი CV, ეს კი დროს დაგიზოგავთ, მაგრამ შანსებსაც დაგაკარგვინებთ.
რატომ არის ეს პრობლემა? ზუსტად იმიტომ, რომ თითოეულ კომპანიასა და პოზიციას არ არგებს თქვენს რეზიუმეს. ეს კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მწვავე კონკურენციის პირობებში. AI რეზიუმეს სწორედ ის პერსონალური დეტალები აკლია, რასაც დამსაქმებლები ასე ძალიან აფასებენ.
გამოსავალი: გამოიყენეთ ხელოვნური ინტელექტი ვაკანსიების მოსაპოვებლად, თუმცა, შემდეგ თითოეულს თავად მოარგეთ იგი. შექმენით პერსონალიზებული სამოტივაციო წერილი და რეზიუმეს დახმარებით თქვენი უნიკალური უნარები თუ გამოცდილებები ასახეთ. მცირე ცვლილებებითაც კი, შესაძლოა, დამსაქმებლის თვალში მოხვდეთ.
შეცდომა N3: ინტერვიუს AI-ისთვის გადაბარება
ეს დროც დადგა… ზოგჯერ კანდიდატები AI ხელსაწყოებს იყენებენ, რათა ინტერვიუების დროს დასმულ კითხვებს უპასუხონ.
რატომ არის ეს პრობლემა? შესაძლოა, ხელოვნური ინტელექტი იმდენად კარგად გამოიყენოთ, რომ დასაქმდეთ კიდეც, მაგრამ სირთულეს სწორედ სამსახურში წააწყდებით. ზოგიერთი კომპანია უკვე კრძალავს კიდეც სამსახურში ჩეტბოტების გამოყენებას, ამიტომ, შესაძლოა, ვეღარაფერში დაიხმაროთ იგი. ამგვარად, თუ ზედმეტად გამოიყენებთ მას და შემდეგ მოლოდინებს ვერ გაამართლებთ, სამსახურის დაკარგვის რისკის წინაშე დადგებით.
გამოსავალი: გახსოვდეთ, რომ ავთენტურობა წარმატების გასაღებია, გამოიყენეთ AI მოსამზადებლად და არ აქციოთ იგი თქვენი საქმეების შემსრულებლად. ივარჯიშეთ ინტერვიუს კითხვებზე მასთან ერთად, დახვეწეთ პასუხები, მაგრამ არასდროს გააყალბოთ. შესაძლოა, ამან რეპუტაციაზე იმოქმედოს…
შეცდომა N4: AI-ით გამოცდილების გაზვიადება
ხელოვნური ინტელექტი კი ჩვენზე უკეთ ახერხებს არსებული უნარების წარმოჩენას, მაგრამ ხან ზედმეტი მოსდის და ეს დამსაქმებლებისთვისაც მარტივად შესამჩნევია.
რატომ არის ეს პრობლემა? HR-ები ხშირად მიმართავენ ყოფილ კოლეგებს, მენეჯერებსა თუ სხვა კონტაქტებს კანდიდატების შესახებ ინფორმაციების მოსაპოვებლად. სწორედ ამ დროს შეიძლება წარმოჩინდეს შეუსაბამობები რეალობასა და AI რეზიუმეს შორის. ეს კი სანდოობას უთხრის ძირს და დასაქმების შესაძლებლობის გარეშე გტოვებთ.
გამოსავალი: ავთენტურობაზე ფოკუსირდით და იყავით ზუსტი გამოცდილების დეტალების ასახვისას. დარწმუნდით, რომ ყველაფერი, რასაც დაწერთ, რეალური მაგალითებით იქნება გამყარებული. პატიოსნება და გამჭვირვალობა დამსაქმებლებში ნდობის მოპოვებაში დაგეხმარებათ.
შეცდომა N5: ციფრული მედიის მნიშვნელობის არასწორად შეფასება
რეზიუმეს ქონა მარტო საკმარისი არ არის, დამსაქმებლები თქვენს ონლაინ პროფილებსაც დიდ ყურადღებას აქცევენ.
რატომ არის ეს პრობლემა? მინიმუმ თუ თქვენი ლინკდინის პროფილი არ ესადაგება რეზიუმეს, დამსაქმებლებს დააბნევთ. AI კი მხოლოდ რეზიუმეს კი არ უყურებს, თქვენს ციფრულ აქტივობებსაც აკვირდება და შეუძლია წითელ ზონაში მოგაქციოთ, თუ ნახავს, რომ ყოფილ დამსაქმებელზე რაღაც უარყოფითი დაპოსტეთ.
გამოსავალი: დარწმუნდით, რომ თქვენი ლინკდინის პროფილი განახლებულია და სრულად ესადაგება რეზიუმეს. ხაზი გაუსვით არსებულ უნარებსა და მიღწევებზე. შექმენით მიმზიდველი სათაური და მოკლედ აღწერეთ, რას აკეთებთ / რას ეძებთ. დაპოსტეთ თქვენი გამოცდილების საჩვენებლად. წაშალეთ ის პოსტები, რომლებიც მოძველებულია და აღარც თქვენს ხედვასა თუ გემოვნებას ეხმიანება. გახსოვდეთ, რომ ლინკდინის პროფილი თქვენი რეზიუმეს დანამატია და პერსონალური ბრენდის ავთენტურად ასახვაში გეხმარებათ.
შეცდომა ბონუსად: სამსახურის ძიებისას ადამიანური მხარის იგნორირება
რეალობა ისაა, რომ სამსახურების უმრავლესობა მშრალი აპლიკაციებით არ ივსება, არც დასაქმების პლატფორმებზე თავსდება, რადგან თანამშრომლებს პირადი კავშირებით ეძებენ. AI კი ამას ნამდვილად ვერ ჩაანაცვლებს. შესაძლოა, იგი მხოლოდ ძებნის პროცესში დაიხმაროთ, წასვლა და ღონისძიებებზე დასწრება კი უკვე თქვენი საქმეა. ლინკდინზე ინდუსტრიისთვის მნიშვნელოვან თემებზე არსებულ საუბრებშიც უნდა ჩაერთოთ კომენტარებით და ახალი ურთიერთობების ჩამოყალიბებაზეც იზრუნოთ.
ამგვარად, გამოიყენეთ AI საქმეების გასამარტივებლად, არასდროს ანდოთ მთლიანი პროცესი მას და ასე ზემოთ ჩამოთვლილ შეცდომებსაც აირიდებთ თავიდან.
წყარო: marketer.ge