გერმანული სტარტაპი გთავაზობთ მეორე სიცოცხლის შანსს - ისინი იზიარებენ კრიონიკის იდეას, რომელიც გარდაცვლილი ადამიანის სხეულის განუსაზღვრელი დროით გაყინვას და მომავალში მისთვის სიცოცხლის დაბრუნებას ითვალისწინებს. ამის შესახებ BBC წერს.
სტარტაპს ოპერირებას უწევს Tomorrow.Bio - ევროპის პირველი ლაბორატორია, რომლის მისიაა გაყინოს პაციენტები სიკვდილის შემდეგ. სტარტაპის მიერ შეთავაზებული პროცედურის ღირებულება 200 000 დოლარია.
Tomorrow.Bio თხევად აზოტს იყენებს სხეულების კრიოგენირებისთვის, რათა მინიმუმამდე დაიყვანოს ქსოვილის დაზიანება.
ამ ტექნოლოგიისადმი დამოკიდებულება არაერთგვაროვანია – მას ბევრი კრიტიკოსი ჰყავს. მსოფლიოში უკვე დაახლოებით 400 ადამიანის და 200 ცხოველის ცხედარია გაყინული. სტარტაპი 2025 წელს აშშ-ს ბაზარზე გასვლას გეგმავს, სადაც მსგავს სერვისებზე მოთხოვნა უფრო მაღალია. კომპანიაში ამბობენ, რომ უკვე 700-მდე ადამიანმა გამოთქვა სურვილი და დარეგისტრირდა.
სხეულის გაგრილება კრიოგენის გამოყენებით მისი განადგურების გარეშე რთულია. ლეგალურად, კრიონიკის პროცესი არ შეიძლება განხორციელდეს მანამ, სანამ სუბიექტი კლინიკურად არ მოკვდება - ანუ გული და ტვინი არ შეწყვეტენ ფუნქციონირებას. ამ რეგულაციის მიზეზი არის ის, რომ არსებული სამედიცინო სტანდარტებით, კრიოგენული კონსერვაციის პროცესი შეუძლებელს ხდის სიცოცხლის შენარჩუნებას. კრიოგენული გაყინვა მოკლავს ცოცხალ ადამიანს.
კრიონიკა მე-17 საუკუნიდან იღებს სათავეს. სწორედ იმ პერიოდში დაიწყეს ცხოველების გაყინვა მათი გამოღვიძების მიზნით. მე-18 საუკუნის მეორე ნახევარში ინგლისელმა ექიმმა-ქიმიკოსმა ჯონ ჰანტერმა წამოაყენა ჰიპოთეზა, რომ ადამიანის სიცოცხლის გახანგრძლივება ნებისმიერი ვადით იყო შესაძლებელი, თუ მას გაყინავდნენ და მეტაბოლიზმს შეაჩერებდნენ.
1967 წელს გაყინეს პირველი ადამიანი – ფსიქოლოგიის პროფესორი ჯეიმს ბედფორდი, რომელიც ფილტვის კიბოთი გარდაიცვალა. ამჟამად მის გაყინულ სხეულს კომპანია Alcor Life Extension Foundation-ში ინახავენ.
მეცნიერები ამ იდეას სკეპტიკურად უყურებენ. ოპონენტებს განსაკუთრებით გაყინული ტვინის ნეიროუჯრედების აღდგენის პერსპექტივა აეჭვებთ.
მიუხედავად ამისა, კრიონიკის მომავლის შესახებ ზუსტი პასუხები არავის აქვს.
წყარო: ambebi.ge