უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებს, რომლებსაც ჯერჯერობით არანაირი შედეგი არ მოუტანია, თან ახლავს უწყვეტი რუსული იერიშები. ასე, მაგალითად, 23 აპრილის ღამეს ბოლო პერიოდში გამორჩეულად მასირებული შეტევა მიიტანა პუტინის რუსეთმა უკრაინის მშვიდობიან მოქალაქეებზე.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, კრემლმა გამოიყენა 11 ბალისტიკური და 55 ერთეული სხვადასხვა ტიპის ფრთოსანი რაკეტა, ასევე 145 თვითმკვლელი დრონი და სხვა ტექნიკა. იმ დროს როდესაც აშშ-ის მხრიდან კიევში სამხედრო დახმარების გაგრძელების იმედი, ალბათ, ძალიან ცოტას დარჩა, ქვეყნის თავდაცვის ინდუსტრიას კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა მიენიჭა.

როგორც „ომის შემსწავლელი ინსტიტუტი” თავის ანგარიშებში აღნიშნავდა, ბოლო პერიოდში რუსეთი სახმელეთო იერიშების ნაცვლად შორი მანძილიდან რაკეტებითა და დრონებით შეტევებს ამჯობინებდა. ამას მეტყველებს 2024 წლის მონაცემებიც. რატომაა ეს საინტერესო… ომში შორი მოქმედების საშუალებებით დაზიანება როგორც რუსეთისთვის, ასევე უკრაინისთვის პრიორიტეტულია. სულ რამდენიმე დღის წინ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა საზღვრიდან 1000 კილომეტრში მდებარე რუსული სამხედრო საწარმო გაანადგურეს. ამ ქარხანაში იწყობოდა ის უპილოტო საფრენი აპარატები, რომლებსაც რუსეთი ბრძოლის ველზე აქტიურად იყენებს.

უკრაინამ ბოლო წლებში მნიშვნელოვნად განავითარა იარაღის წარმოება. შეიქმნა ისეთი ფრთოსანი რაკეტები, შორ მანძილზე მოქმედი ისეთი საშუალებები, რომლითაც ცდილობს ახლა ქვეყნის თავდაცვის ძალები, რომ შეივსოს შეიარაღების ის დანაკლისი, რაც აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის ქმედებებმა გამოიწვია. რამდენიმე შორი მოქმედების უკრაინული წარმოების მაგალითს გაგაცნობთ, ესენია:

Peklo კლასი: ფრთოსანი რაკეტა; სიჩქარე – 700 კმ/სთ; დაფარვის მანძილი – 700 კმ;

Palianytsia კლასი: სახმელეთო ბაზირების ტურბორეაქტიული რაკეტა; დაფარვის მანძილი: 600 კილომეტრი;

Ruta კლასი: რაკეტა დრონი; სიჩქარე: 800 კმ/სთ; დაფარვის მანძილი: 300 კმ.

Neptune კლასი: ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტა; სიჩქარე: 900 კმ/სთ; დაფარვის მანძილი: 300 კმ.

უკრაინის პრეზიდენტმა რამდენიმე დღის წინ დაადასტურა, რომ უკრაინის მიერ წარმოებულმა ნეპტუნის  ფრთოსან რაკეტას ახლა უკვე შეუძლია 1000-კილომეტრიანი მანძილის დაფარვა. ვითარდება უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებაც.

სამხედრო მრეწველობის განვითარების მიზნით, უკრაინაში წლებია, არსებობს ძლიერი პლატფორმა, რომელიც აერთიანებს იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობის კერძო მწარმოებლებს, რათა გააძლიეროს უკრაინის თავდაცვისუნარიანობა, უზრუნველყოს ტექნოლოგიური დამოუკიდებლობა და ინტეგრაცია გლობალურ უსაფრთხოების სისტემაში.

ესაა უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიის საბჭო. საბჭო ახლო კოორდინაციაშია ხელისუფლებასთან, უკრაინის თავდაცვის სტრუქტურასა და ისეთ სტრატეგიულ და მსხვილ კორპორაციასთან როგორიცაა უკრობორონპრომი.

ქვეყნის თავდაცვის ინდუსტრიის მახასიათებლებზე უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიის საბჭოს აღმასრულებელმა დირექტორმა იჰორ ფედირკომ ისაუბრა.

„უკრაინის თავდაცვის ინდუსტრია, მართლაც, სწრაფად იზრდება. ამ სფეროში 700-ზე მეტი კომპანია მუშაობს და მათგან 600-ამდე კერძოა. თავდაცვის ინდუსტრიაში კი 300 000-ზე მეტი ადამიანია ჩართული. რაც შეეხება მთლიანი წარმოების სიმძლავრეს, დაახლოებით 35 მილიარდი დოლარია წელიწადში. ეს ჩვენთვის დიდი ნახტომია, რადგან სულ რაღაც სამი წლის წინ ჩვენ თითქმის ნულიდან დავიწყეთ. ეს ზრდა განპირობებულია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქარხნებისა და კომპანიების მოდერნიზაციითა და კერძო სექტორის სწრაფი განვითარებით. კერძო კომპანიები ყურადღებას ამახვილებენ დრონებზე, რობოტებსა და ახალ ტექნოლოგიებზე. სახელმწიფო კომპანიები კი უფრო კლასიკურ იარაღზე არიან ორიენტირებული. დღეს ეს არ არის მხოლოდ ინდუსტრია. ეს არის სრულფასოვანი სისტემა, რომელიც ომის დროსაც კი არ წყვეტს განვითარებასა და გაზრდას.

ჩვენი საწარმოო შესაძლებლობები ძალიან სწრაფად, ყოველდღიურად იზრდება. მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში ზოგიერთმა კომპანიამ საკუთარი  ქარხნები 10-ჯერ ან თუნდაც, 15-ჯერაც კი  გააფართოვა. მაგრამ ჩვენ მაინც გვაქვს გამოწვევები. განსაკუთრებით კომპონენტებისა და მასალების კუთხით. უკრაინა ყოველთვის ეძებს ახალ მომწოდებლებს. გვჭირდება მიკროსქემები, დენთი ზოგიერთი სახის შეიარაღებისთვის. მისი მიღება ნამდვილად რთულია, რადგან იარაღს ახლა ბევრი, ძალიან ბევრი ქვეყანა აწარმოებს და მოთხოვნა, მართლაც, დიდია. კიდევ ერთი პრობლემაა ღირებულება. დასავლური ნაწილები ხშირად ბევრად უფრო ძვირია, ვიდრე ის, რაც ჩინეთიდან შემოვიტანეთ. ამიტომ ჩვენ კარგ ხარისხსა და კარგ ფასს შორის ბალანსი უნდა ვიპოვოთ. თუმცა, ჩვენ უკვე ვაწარმოებთ ამ კომპონენტების გარკვეულ ნაწილს უკრაინაშივე. ჩვენ სწრაფად მივდივართ საჭირო კომპონენტების შექმნის თვალსაზრისით, მაგრამ ეს მაინც დიდ გამოწვევად რჩება.

უკრაინა, ალბათ, ყველაზე სწრაფი ქვეყანაა მსოფლიოში, როდესაც საქმე ეხება იდეების რეალურ  იარაღად გადაქცევას. ზოგჯერ კონკრეტული იდეის განხორციელებასა და ამ იარაღის ბრძოლაში გამოყენებას სამი ან  ექვსი კვირა სჭირდება. ამჟამად უკრაინაში გვაქვს თავდაცვის 2000-ზე მეტი  სტარტაპი და კვლევითი კომპანია. ეს არის უზარმაზარი ციფრი. ბევრი მათგანი იღებს სამთავრობო გრანტებსაც, პროცესის დასაჩქარებლად სპეციალური ტესტირების ზონებს. ამის  ერთ-ერთი მაგალითია  „Brave One პლატფორმა“, რომელსაც მხარს უჭერს ექვსი სხვადასხვა სამინისტრო. ჩვენ ვხედავთ უამრავ ინოვაციას, როგორებიცაა დრონები, სახმელეთო რობოტული სისტემები, ელექტრონული ომის საშუალებები და სხვა მობილური სისტემები. ეს სამუშაოები თანამედროვე მიდგომებს გულისხმობს და უკრაინაც შესაბამისი ტექნოლოგიებით პასუხობს.

საერთაშორისო თანამშრომლობა, მართლაც, მნიშვნელოვანია ჩვენი თავდაცვის სექტორისთვის. ყოველთვიურად ვხვდებით უცხოელ პარტნიორებს. ასზე მეტმა კომპანიამ 25 ქვეყნიდან უკვე გამოხატა ინტერესი უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიაში ჩვენთან თანამშრომლობაზე. ჩვენ არა მხოლოდ ვყიდულობთ ან ვყიდით აღჭურვილობას, არამედ ვქმნით გიგანტურ კომპანიებს, გიგანტურ პროდუქციას, ერთად ვავითარებთ ახალ ტექნოლოგიებს და ერთად ვიწყებთ წარმოებას უკრაინაში. თავდაცვის  მსხვილი კომპანიები, როგორიცაა, მაგალითად,  „თალესი“ (Thales), უკვე მუშაობენ აქ, უკრაინაში. ჩვენ გვჯერა, რომ როდესაც უკრაინა გახსნის თავდაცვის ექსპორტს  და ეს ძალიან მნიშვნელოვანია მწარმოებლებისთვის, კიდევ უფრო მეტ პარტნიორს შევიძენთ, ეს დაგვეხმარება განვითარებაში, სხვა ქვეყნებს კი საშუალებას მისცემს, მოემზადონ ისეთი თანამედროვე ტიპის ომისთვის, როგორიც ჩვენი უკრაინის ომია.

რა თქმა უნდა, უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიის საბჭო მჭიდროდ თანამშრომლობს მთავრობასთან. ჩვენ ვუკავშირდებით სამინისტროებს, პარლამენტის წევრებსა და ექსპერტებს. ასე რომ, მხოლოდ ერთად შეგვიძლია შევქმნათ გეგმა იმ მიზნით, რომ გასწორდეს კანონები და რეგულაციები, რომლებიც ანელებს, ან ართულებს თავდაცვის წარმოებას. ამჟამად ვმუშაობთ 2025 წლის 10 მნიშვნელოვან საკანონმდებლო ცვლილებაზე. ეს მოიცავს სახელმწიფო შესყიდვებს, ექსპერტთა შეფასებებს, საგადასახადო წესებსა და რეგულაციებს. ყველა ცვლილება გულდასმით უნდა შემოწმდეს, რადგან ერთმა წესმა შეიძლება გავლენა იქონიოს ბევრზე. ასევე გვყავს პროფესიონალი იურისტების გუნდი, რომელიც გვეხმარება ამ საქმეში. ჩვენი მიზანია, გავხადოთ სისტემა უფრო მარტივი და უფრო სწრაფი, რომ უკრაინის თავდაცვის კომპანიებს შეეძლოთ, განვითარდნენ, აწარმოონ  მეტი და იყვნენ კონკურენტუნარიანები მთელ მსოფლიოში. ასე რომ, მართლაც, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის 2025 წლის გეგმები“. - ამბობს ფედირკო.

წყარო: euronews georgia