ნახევარგამტარების ინდუსტრიის ასოციაცია SIA-მ გამოაქვეყნა 2026 წლის პროგნოზი, რომლის თანახმადაც მომდევნო 12 თვის განმავლობაში ნახევარგამტარების გლობალური გაყიდვები ისტორიულ მაქსიმუმს, $1 ტრილიონ დოლარს მიაღწევს.

როგორც ასოციაციაში აცხადებენ, ამას ხელოვნური ინტელექტის განვითარებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მშენებლობის მასშტაბების ზრდა განაპირობებს. ამავე ორგანიზაციის ინფორმაციით, ფისკალურ 2025 წელს მსოფლიოში $791.7 მილიარდის ნახევარგამტარები გაიყიდა, რაც 2024 წლის 12 თვესთან შედარებით 25.6%-იანი ზრდაა. ასოციაციაში განმარტავენ, რომ ნახევარგამტარების გაყიდვების ზრდაში განსაკუთრებული წვლილი ამერიკულ ტექნოლოგიურ კომპანიებს, Nvidia-ს AMD-სა და Intel-ს შეაქვთ, რომლებიც ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობენ. როგორც SIA-ს პრეზიდენტი, ჯონ ნოიფერი აცხადებს, წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიების მიერ დაანონსებული მსხვილი ინვესტიციები AI ინფრასტრუქტურის განვითარებაში, არის საუკეთესო ინდიკატორი, რომ სექტორი $1-ტრილიონიან ისტორიულ ნიშნულს წელს მიაღწევს.

ასოციაციაში საუბრობენ მეხსიერების ბარათების ფასების მკვეთრ ზრდაზეც, რაც, ერთი მხრივ დადებით მოვლენად, მეორე მხრივ კი, მნიშვნელოვან გამოწვევად მიიჩნევა. ნოიფერის განმარტებით, ფაქტი, რომ მოთხოვნა ასეა გაზრდილი, ადასტურებს, თუ რამდენად დიდია ინტერესი ხელოვნური ინტელექტის განვითარების მიმართ და რამდენად მზარდია კონკურენცია ტექ-კომპანიებს შორის. თუმცა ამ AI რბოლის მთავარ პრობლემად ნოიფერი მიიჩნევს იმას, რომ მეხსიერების ბარათების მწარმოებელ კომპანიებს არ აქვთ რესურსი, იმაზე მეტი შეკვეთა მიიღონ და დროულად განახორციელონ, ვიდრე დამკვეთ კომპანიებს სურთ, შესაბამისად, არსებობს რისკი, რომ ბაზარზე ფასები კიდევ უფრო გაიზარდოს, რათა მწარმოებლებმა მომხმარებლებში ინტერესი განზრახ შეამცირონ.

bm.ge