2023 წელს ზოგადი განათლების სექტორის შემოსავალი 15.5%-ით, ₾1.5 მილიარდამდე გაიზარდა, რაც განპირობებული იყო სახელმწიფოს მხრიდან გაზრდილი დანახარჯებით - ამის შესახებ Galt & Taggart-ის საქართველოს საგანმანათლებლო სექტორის კვლევის ანგარიშში ვკითხულობთ.

კვლევის თანახმად, ზოგადი განათლების კომპონენტში გენერირებული შემოსავლის ძირითადი ნაწილი, ₾1.1 მილიარდი, საჯარო სკოლებზე მოდიოდა, რომლებშიც მოსწავლეთა 89.9% ირიცხება - შემოსავლის ზრდამ წლიურ ჭრილში 13.8% შეადგინა, შესაბამისად, ამდენადვე გაიზარდა სახელმწიფოს დაფინანსებაც.

რაც შეეხება კერძო სკოლებს, Galt & Taggart-ის კვლევის თანახმად, მათი შემოსავალი საჯარო სექტორთან შედარებით სწრაფი ტემპით იზრდება, რაც განპირობებულია, ერთი მხრივ, გაზრდილი ხელფასებით და მეორე მხრივ, დამკვიდრებული შეხედულებით, რომ კერძო სკოლებაში განათლების ხარისხი გაცილებით მაღალია, ვიდრე საჯარო სკოლებში.

შესაბამისად, კერძო საგანმანათლებლო სექტორში 2023 წელს შემოსავალი 20.9%-ით, ₾355.4 მილიონამდე გაიზარდა.

ანგარიშის თანახმად, 2023/24 აკადემიური წლისთვის კერძო სკოლებში 66.5 ათასი მოსწავლე ირიცხება, რაც 2021-23 წლებში 5.3%-იანი ზრდაა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული მაჩვენებელი გაუმჯობესებულია 2020 წლის შედეგებთან შედარებით, რაც პოსტპანდემიური ფაქტორებითაა განპირობებული.

2022-23 წლებში კერძო სკოლების შემოსავლების ზრდას ხელი შეუწყო როგორც გაზრდილმა მოთხოვნამ, ასევე სწავლის გაზრდილმა ღირებულებამაც.

ცნობისთვის, საქართველს მასშტაბით, 2023/24 სასწავლო წლისთვის რეგისტრირებულია 2 086 საჯარო და 210 კერძო სკოლა.

bm.ge