ზემო ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე ჩრდილო ოსეთის მხრიდან 1500-ზე მეტი სატვირთო ავტომობილი არის გაჩერებული, რომლებიც რუსეთ-საქართველოს საზღვრის გადაკვეთას ელოდებიან.

ამის შესახებ ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკა ალანიის საგზაო მოძრაობის მართვის ცენტრის ვებგვერდზე წერია.

ამჟამად მძიმე სატვირთო ავტომობილებს საქართველო-რუსეთის საზღვრისკენ მიმავალ გზაზე გადაადგილება ეკრძალებათ, ხოლო სხვა სახის სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება გახსნილია.

ბოლო მონაცემებით, ელექტრონულ რიგში 1700-ზე მეტი მძიმე სატვირთო ავტომობილი არის რეგისტრირებული.

რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახურის პრესსამსახურის ცნობით, ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე სატვირთო ავტომობილებისთვის მოძრაობა ამინდის გაუარესების გამო 17 იანვრიდან არის შეჩერებული.

უწყება წერს, რომ ვლადიკავკაზსა და დასახლებულ პუნქტ ლარსს შორის მდებარე მონაკვეთზე რუსეთიდან გასვლის მიმართულებით მოძრაობა საქართველოში ამინდის გაუარესებისა და სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფის შეუძლებლობის გამო აიკრძალა. გადაწყვეტილება საქართველოს სასაზღვრო პოლიციის რეკომენდაციების შესაბამისად იქნა მიღებული.

მანამდე საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებისთვის მოძრაობა 11 იანვარს შეჩერდა. მიზეზი ისევ ამინდის არახელსაყრელი პირობები იყო. მოძრაობა 15 იანვარს აღდგა.

bpn.ge