რძისა და რძის პროდუქტების ხარისხისა და უვნებლობის მიმართ დღეს საზოგადოებაში უნდობლობაა. სკეპტიკური დამოკიდებულება 2 ამბავს უკავშირდება. კითხვის ნიშნები პროდუქტის ხარისხთან დაკავშირებით მას შემდეგ გაჩნდა, რაც ცნობილი გახდა, რომ ,,ყვარლის ბაგა“ ძროხების საკვებად ქათმის სკინტლს იყენებდა. საზოგადოებაში კიდევ უფრო დიდი შეშფოთება მოყვა ,,სოფლის ნობათის“ პროდუქციაში აფლატოქსინის გამოვლენას. ,,კომერსანტი“ დაინტერესდა რამდენად დაცულია ქვეყანაში მომხმარებელი და ვინ არის პასუხისმგებელი პროდუქტების ხარისხისა და უსაფრთხოების კონტროლზე. საკითხზე ,,კომერსანტი“ გიორგი ნათაძის სახელობის სანიტარიისა და ჰიგიენის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის სურსათის უვნებლობის და ნუტრიციოლოგიის დეპარტამენტის უფროსს გია მიქაძეს ესაუბრა. მისი თქმით, პროდუქტის ხარისხსა და უვნებლობაზე პასუხისმგებლობა უპირველეს ყოვლისა ბიზნეს ოპერატორს ეკისრება. კონტროლს ახორციელებს სახელმწიფო. გია მიქაძეს ვკითხეთ, ქვეყანაში დღეს მოქმედი კონტროლის მექანიზმები რამდენად იცავს მომხმარებელს და რამდენად უზრუნველჰყოფს მის უსაფრთხოებას?
,,სურსათის უვნებლობაზე მთავარი პასუხისმგებელი არის თვითონ ბიზნეს ოპერატორი, ვინც აწარმოებს სურსათს. ის ვალდებულია დაიცვას გარკვეული პირობები, რომ პროდუქტში არ მოხვდეს ის საფრთხეები, რომლებმაც შეიძლება ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვიოს. ეს ცალსახად ასეა განვითარებულ ქვეყნებში. რაც შეეხება კონტროლის მექანიზმებს. კონტროლის მექანიზმები დღეს რაც სახელმწიფოში მოქმედებს, ეს მექანიზმები ჩვენ ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე (ევროპული კანონმდებლობით) გვაქვს მიღებული. შეიძლება 100%-იანი კონტროლი არსად, არც ერთ ქვეყანაში არ არსებობდეს. სახელმწიფო კონტროლი დამყარებულია რისკის შეფასების შედეგებზე. ეს არის ინტეგრირებული მიდგომა ანუ ფერმიდან სუფრამდე. რაც ნიშნავს კონტროლს პირველადი წარმოებიდან დაწყებული სურსათის საბოლოო სახემდე, როდესაც მომხმარებელი შეიძენს. მიმდინარეობს მთელი ამ ჯაჭვის კონტროლი. კონტროლს სურსათის ეროვნული სააგენტო ახორციელებს როგორც ვეტერინარული კუთხით (ანუ ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის კუთხით) ასევე, ფიტოსანიტარიული კუთხით (მცენარეთა სიჯანსაღის დაცვის კუთხით) ასევე ცხოველის საკვების უვნებლობის კუთხით.’’- აცხადებს გია მიქაძე.
გია მიქაძე განმარტავს, რომ პროდუქტის ხარისხისა და უვნებლობის შეფასებას და ექსპერტიზას გარკვეული დრო სჭირდება. მონიტორინგის შედეგები კი რისკების გათვალისწინებით ქვეყნდება. სურსათის უვნებლობისა და ნუტრიციოლოგიის ექსპერტი აცხადებს, რომ ბიზნეს ოპერატორები პროდუქტის ხარისხის კონტროლს იმ სიხშირით არ ახორციელებენ, რა სიხშირითაც შეიძლება მომხმარებელმა წარმოიდგინოს. მისი განმარტებით, ქვეყანა ევროკავშირთა ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პროცესშია. კანონმდებლობის სრულად გამართვას კი დრო სჭირდება. პროცესის დასრულების შემდეგ ყველა რგოლში (სახელმწიფო, ბიზნეს ოპერატორი და მომხმარებელი) ცნობიერება გაიზრდება და სურსათის უვნებლობის სტანდარტები მაღალ დონეზე ავა.
,,ყველა ბიზნეს ოპერატორი, ისეთ პერმანენტულ რეჟიმში ამოწმებდეს პროდუქტს როგორიც შეიძლება ეს წარმოედგინოს უბრალო მომხმარებელს ეს შეუძლებელია. ეს (შემოწმების ინტერვალი) რისკის შეფასებაზეა დამყარებული. ასოცირების ხელშეკრულება და ,,DC FTA’’ ხელშეკრულება, რომლის ვალდებულებაც ჩვენ გვაქვს და გეგმაც გაწერილია, რამდენიმე წელი კიდევ გაგრძელდება ამ გეგმის შესრულება, როდესაც ყველაფერი მთლიანად გადავა ევროპულ კანონმდებლობაზე, ევროპულ რეგულაციებზე, ასევე ინსპექტორებიც, რომლებიც მუშაობენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში, თვითონ ბიზნეს ოპერატორებისა და მომხმარებლების ცნობიერება ამაღლდება. ამის შემდეგ სურსათის უვნებლობა უფრო მაღალ დონეს მივაღწევთ. ჯერჯერობით ეს განვითარების პროცესშია. მომხმარებელიც და ბიზნესიც უფრო მეტად გათვითცნობიერებული უნდა იყოს. მთავარი პასუხისმგებელი არის ბიზნეს ოპერატორი და მან უნდა იცოდეს, თუ რა კანონმდებლობა მოქმედებს საქართველოში და რა უნდა დაიცვას მან, რაც ხშირ შემთხვევაში მათ არ იციან. რაც შეეხება სახელმწიფო კონტროლს, იქაც არ არის ის დონე, რაც განვითარებულ, ევროპულ ქვეყნებშია, მაგრამ ეს განვითარების პროცესია. ეს შესაბამისი სწავლებებით და ტრენინგებით მიიღწევა.’’- აცხადებს გია მიქაძე.
სურსათის ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში გაწერილია ის პროცედურები და ვადები, რომლის გათვალისწინებითაც ექსპერტიზის შედეგები უნდა გასაჯაროვდეს. ლაბორატორიული კვლევის დასკვნა დაუყოვნებლივ გამოქვეყნებას ექვემდებარება, თუ პროდუქტში აღმოჩენილი ნივთიერებები ადამიანის ჯანმრთელობისთვის სახიფათოა და მისი მოხმარება დიდ რისკებს იწვევს. გია მიქაძე განმარტავს, რა პროცედურებს გადის ნიმუში ლაბორატორიული კვლევის ჩატარების პერიოდში.
,,ნიმუშის აღება, ლაბორატორიული გამოცდის ჩატარება, შემდეგ ოქმის გაცემა და შემდეგ რეაგირება, ამას გარკვეული დრო სჭირდება. ეს ერთ და ორ დღეში ვერ მოხდება. ლაბორატორიულ ანალიზსაც სჭირდება გარკვეული პერიოდი. გააჩნია რა საფრთხესთან მიმართებაშია საუბარი ანუ რა კრიტერიუმზე ვიკვლევთ სურსათს. მიკრობიოლოგიურ მაჩვენებლებზე სხვა დროა, ქიმიურ მაჩვენებლებზე სხვა დროა და ა.შ. მაგალითად ანტიბიოტიკების შემოწმებას რამდენიმე კვირა სჭირდება ანალიზის ოქმი ცნობილი რომ გახდეს. ნიმუშის აღებიდან დაწყებული, მისი ტრანსპორტირება უნდა მოხდეს ლაბორატორიაში, შემდეგ ლაბორატორიამ უნდა დაიწყოს გამოცდა, შედეგ უნდა გაიცეს გამოცდის ოქმი, რომელიც უნდა გადაეგზავნოს სურსათის ეროვნულ სააგენტოს. გამოცდის ოქმიდან გამომდინარე უნდა შეფასდეს საფრთხის ზეგავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე და შემდეგ უნდა გასაჯაროვდეს. ამას რა თქმა უნდა გარკვეული დრო სჭირდება.’’- განმარტავს გია მიქაძე.
სურსათის უვნებლობისა და ნუტრიციოლოგიის ექსპერტი აცხადებს, რომ მსგავსი შემთხვევებისგან არავინ არის დაცული. თუმცა, საჭიროა დარღვევის აღმოჩენაზე რეაგირების მექანიზმების სწორად წარმართვა და რისკების მინიმუმამდე დაყვანა. ასევე სახელმწიფო კონტროლის ეფექტურობის გაზრდა.
,,ასეთი შემთხვევები სხვაგანაც ხდება და არ არსებობს ქვეყანა, სადაც მსგავსი რამ არ დაფიქსირებულიყო. 2011 წელს გერმანიაში ძალიან დიდი პრობლემა შეიქმნა ნაწლავის ჩხირის ერთ-ერთი შტამიდან გამომდინარე. დაფიქსირდა შემთხვევები და რამდენიმე თვე დასჭირდა კვლევას, რომ დაედგინათ საიდან იყო ეს პრობლემა წამოსული. ასეთი შემთხვევები ხდება. მთავარია სწორად შეფასდეს სიტუაცია და აქედან გამომდინარე დაიგეგმოს ის ღონისძიებები, რომლებიც მინიმუმამდე შეამცირებს რისკებს და სახელმწიფო კონტროლს უფრო ეფექტურს გახდის. ასევე, ბიზნეს ოპერატორის მხრიდან უფრო მეტად იქნება გაკონტროლებული წარმოების ეტაპები, სადაც ყველაზე უფრო მაღალი რისკებია.’’- აცხადებს გია მიქაძე.