როგორია ბავშვთა კეთილდღეობა საქართველოში - unicef-მა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით ჩატარებული „ბავშვთა კეთილდღეობის გამოკვლევის“ შედეგები გამოაქვეყნა.

მოცემულ ანგარიშში წარმოდგენილია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის („საქსტატი“) მიერ „გაეროს ბავშვთა ფონდის“ მხარდაჭერით 2022 წლის ივლისიდან სექტემბრამდე ჩატარებული „ბავშვთა კეთილდღეობის გამოკვლევის“ შედეგები. კვლევაში ჩართული იყო 1,279 რესპონდენტი და შეგროვდა ინფორმაცია მათ შინამეურნეობაში მცხოვრებ 2.438 ბავშვზე.

ანგარიშში ნათქვამია, რომ ბოლო წლებში საქართველოს მთავრობამ მნიშვნელოვნად გააფართოვა ბავშვის დახმარების პროგრამა და გაზარდა ფულადი დახმარების ოდენობა. აღნიშნული პროგრამა 2022 წელს ფარავს საქართველოში მცხოვრები 16 წლამდე ასაკის ყველა ბავშვის 28.6 პროცენტს. მატერიალური და სოციალური დანაკლისის მქონე ბავშვების თითქმის ნახევარი (47%) არ იღებს დახმარებებს პროგრამიდან, რადგან, სავარაუდოდ, ისინი აბსოლუტური სიღარიბის ზღვარს ზემოთ იმყოფებიან. კვლევის ჩატარებამდე 12 თვის პერიოდში, მატერიალური და სოციალური დანაკლისის მქონე 15.5% ბავშვების ოჯახებმა ითხოვეს და არ მიიღეს რამე ტიპის სოციალური დახმარება.

„ბავშვთა კეთილდღეობის გამოკვლევა“ მიუთითებს, რომ საქართველოში მცხოვრებ ბავშვთა 5.8 პროცენტს აღენიშნება რომელიმე ფორმის ფუნქციური სირთულე, რაც მნიშვნელოვნად უზღუდავს მათ ყოველდღიურ ცხოვრებას. მათგან, შშმ პირის ოფიციალური სტატუსი აქვს ბავშვების 12.6 პროცენტს. ამის ერთი მიზეზი არის ის, რომ, ამ დრომდე, შშმ პირის სტატუსის დადგენა კვლავ სამედიცინო მოდელზე დაყრდნობით ხდება, სადაც არ არის გათვალისწინებული ფუნქციური სირთულეები და შეზღუდული შესაძლებლობების ფსიქო-სოციალური ასპექტები. ფუნქციური სირთულეები უფრო ხშირია 5-17 წლის ბავშვებში (6.5%), ვიდრე 2-4 წლის ბავშვებში (1.8%). მატერიალური და სოციალური დანაკლისის მქონე ბავშვებში ფუნქციური სირთულეების ქონის ალბათობა (10.5%) ოთხჯერ მეტია, ვიდრე სხვა ბავშვებში (2.8%).

მიუხედავად იმისა, რომ სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობა კანონით არის გარანტირებული, სკოლამდელი ასაკის ბავშვების 27.8% არ დადიოდა საბავშვო ბაღში; მათ შორის 21.6% არ დადიოდა მშობლის არჩევანის, ხოლო 6.2% ვერ ახერხებდა საბავშვო ბაღში სიარულს დაბრკოლებების გამო. ყველაზე ხშირი ბარიერები არის ზოგიერთ სოფელში სკოლამდელი სასწავლო დაწესებულების არარსებობა და ბავშვის ჩაწერა მომლოდინეთა სიებში.

სკოლამდელი საგანმანათლებლო დაწესებულებებით კმაყოფილება მაღალია. იმ ბავშვთა მშობლების/ოჯახის წევრების 93.6%, ვინც დადის საბავშვო ბაღში, კმაყოფილია (ან ძალიან კმაყოფილია) სკოლამდელი საგანმანათლებლო მომსახურებების ხარისხით.

6-17 წლის ასაკის ბავშვების შემთხვევაში, 98.4% დადიოდა სკოლაში, უნივერსიტეტში და/ ან პროფესიულ სასწავლებელში, ხოლო 1.6% არსად არ დადიოდა. იმ ბავშვებიდან, ვინც დადიოდა საგანმანათლებლო დაწესებულებებში, მშობლების/ოჯახის წევრების 79.7% ამ დაწესებულებების ხარისხით კმაყოფილი იყო. 6-17 წლის ასაკის ბავშვების 18.8 პროცენტს ჰყავს კერძო მასწავლებელი და ამდენივე პროცენტს აქვს სურვილი, თუმცა ვერ ახერხებს ამას. კერძო მასწავლებლის ყოლის ყველაზე ხშირი ბარიერი არის ფინანსების ნაკლებობა - ეს მიზეზი დასახელდა 87 პროცენტის მიერ. ხელოვნების კლასგარეშე წრეებში (მუსიკა, ცეკვა, ხატვა) მონაწილეობა ძალიან დაბალია 6-17 წლის ბავშვებს შორის და შეადგენს 12.2 პროცენტს. ორჯერ მეტ ბავშვს (23.9%) აქვს ხელოვნების წრეებზე სიარულის სურვილი, მაგრამ ვერ ახერხებს, ძირითადად იმის გამო, რომ მშობლებს არ აქვთ ამ მომსახურებების საფსურის გადახდის საშუალება (63.7%) ან იმიტომ, რომ ეს მომსახურებები არ არის ხელმისაწვდომი მათი საცხოვრებლის სიახლოვეს ან სოფელში (22.8%). ასევე დაბალია სპორტის კლასგარეშე წრეებში ჩართულ ბავშვთა წილიც - 13.8% - მაშინ, როდესაც ბავშვების 25.3 პროცენტს სურს სპორტზე სიარული, მაგრამ ვერ ახერხებს ამას. და კვლავ, ყველაზე ხშირად დასახელებული მიზეზებია გადახდის უუნარობა (69.9%) და საცხოვრებელი ადგილის მიხედვით სპორტული წრეების არარსებობა (21.8%).