ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი TDI საქართველოში უცხოელთა უფლებრივ მდგომარეობაზე ანგარიშს აქვეყნებს.
ბოლო პერიოდში საქართველოს საზღვრის კვეთის პროცესში სერიოზული დაბრკოლებები ექმნებათ რუსეთის ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილ მოქალაქეებს. კერძოდ, 2022 წელს საზღვრის კვეთაზე უარი ეთქვა კრემლისადმი კრიტიკულად განწყობილ ათობით რუს ჟურნალისტს, უფლებადამცველსა და პოლიტიკოსს. ასევე, ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ 2021 წლიდან ხელისუფლება საქართველოში შემოსვლაზე დაბრკოლებებს უქმნიდა უკრაინელ საჯარო პირებსაც.
ანგარიშის მიხედვით, 2022 წლის თებერვალში უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ გაიზარდა რუსეთის მოქალაქე ჩრდილოკავკასიელების სავარაუდო დისკრიმინაციისა და სხვადასხვა გარეგნული, რელიგიური და კულტურული ატრიბუტის, ასევე, წარმოშობის გამო საქართველოს საზღვრის კვეთაზე უარის მაჩვენებელი.
TDI-მ ჩაატარა ორი ჩაღრმავებული ინტერვიუ ყაბარდო-ბალყარეთსა და ჩეჩნეთში მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეებთან. ორივე მათგანი საზღვარზე სავარაუდო რელიგიური ნიშნით განსხვავებულ მოპყრობასა და გამორჩევაზე საუბრობდა:
„რასაც შევესწარი, იყო დამამცირებელი და ღირსების შემლახავი მოპყრობა, მუყაოს ყუთები ჰქონდათ გაშლილი ადამიანებს და იქვე ეძინათ. კაცები წვერს იპარსავდნენ და ამბობდნენ, უწვეროდ უფრო მარტივად გაგვიშვებენო. მხოლოდ ჩრდილოკავკასიელებს ეპყრობოდნენ ასე“ ,– ამბობს 35 წლის ბულატი TDI-სთან.
32 წლის ნინა კი აცხადებს, რომ ყურადღება ჰიჯაბზე გაუმახვილეს და გამოჰკითხეს, როდის მიიღო ისლამი:
„ჩემს გვარზე გაამახვილეს ყურადღება, ჰიჯაბი მეხურა და მკითხეს, ასეთი ჩაცმულობა რატომ გაქვსო. შემდეგ დაწვრილებით გამომკითხეს, როდის მივიღე ისლამი, მოძღვარი მყავდა თუ არა, ჩემი ქმარიც მუსლიმი იყო თუ არა და მან ხომ არ მიმაღებინა ისლამი. ჩემი ქმარი ბათუმში ცხოვრობს და მასთან ჩავდიოდი ექვსი წლის შვილთან ერთად. სხვა თავსაფრიანი ქალებიც ამბობდნენ, რომ რელიგიაზე ზედმეტად ამახვილებენ ყურადღებასო“, – 32 წლის ნინა.