შავი ზღვის წყალქვეშა ელექტრონულ კაბელის პროექტი PCI/PMI-ის სტატუსის მოლოდინშია. ამის შესახებ BMG-ის ევროკომისიის პრესსამსახურში განუცხადეს.

მათი ინფორმაციით, პროექტის განმახორციელებლებმა 2024 წლის ნოემბერში PCI/PMI სტატუსის (საერთო ინტერესის პროექტი) მისაღებად მიმართეს. შემდეგი ეტაპი გულისხმობს PCI/PMI-ის საბოლოო სიას, რომლის მიღებაც 2025 წლის ბოლოს არის დაგეგმილი.

"თუ PMI სტატუსი მიენიჭება, პროექტს მიეცემა რიგი უპირატესობები, მათ შორის ნებართვების გაცემის პროცესის სისწრაფე. თუ ყველა შესაბამისი პირობა დაკმაყოფილდება, კონკურენტული განაცხადის პროცესის მეშვეობით Connecting Europe Facility (CEF) პროგრამიდან თანადაფინანსების მიღების შესაძლებლობა ექნება", - აცხადებენ ევროკომისიაში.

ევროკავშირი პროექტს, რომლითაც სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ელექტროსისტემა ევროკავშირისას უნდა დაუკავშირდეს, Global Gateway-ის ფლაგმანურ ინიციატივას უწოდებს.

2026 წელს შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტზე 25 მილიონის დახარჯვა იგეგმება, როგორც საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტშია აღნიშნული, მშენებლობისთვის საჭირო გეოლოგიური კვლევებისთვის.

თბილისში გამართული "აბრეშუმის გზის" ფორუმზე გამოსვლისას სახელმწიფო ელექტროსისტემის დირექტორთა საბჭოს წევრის, ზვიად გაჩეჩილაძის განცხადებით, შავი ზღვის ფსკერზე ელექტროენერგიის გადამცემის კაბელის პროექტის მომზადება აქტიურ ფაზაშია და უახლოეს პერიოდში ზღვის ფსკერის კვლევა დაიწყება.

„ვიწყებთ შავი ზღვის ფსკერის კვლევას, რაც აუცილებელია გეოფიზიკური და გეოტექნიკური სამუშაოებისთვის, რათა დაზუსტდეს მარშრუტი. ამის შემდეგ უკვე შესაძლებელი იქნება სამშენებლო ეტაპზე გადასვლა.

სულ რაღაცა ორი დღის წინ მივიღეთ ინფორმაცია, რომ შავი ზღვის კაბელის პროექტი ევროპის გადამცემი სისტემის ოპერატორების გაერთიანებამ უკვე შეიტანა 2026-2036 წლების რვაწლიან განვითარების გეგმაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის", - ამბობს გაჩეჩილაძე.

bm.ge