ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტომ (EASA) გამოაქვეყნა პირველი ყოველწლიური ტექნიკური ანგარიში, რომელიც ევროკავშირის აეროპორტებში მიწოდებული მდგრადი საავიაციო საწვავის (SAF) რაოდენობას ასახავს. ანგარიშით დასტურდება, რომ 2024 წელს ევროკავშირში მიწოდებული მთლიანი საავიაციო საწვავის 0.6% SAF-ზე მოდიოდა, რაც სავალდებულო მიზნების საწყის წერტილს წარმოადგენს.
2024 წლის შედეგები და 2025 წლის მიზანი
EASA-ს ანგარიშის თანახმად, 2024 წელს ევროკავშირში ყველა საჰაერო ოპერატორისთვის შესყიდული, მიწოდებული და გამოყენებული SAF-ის მოცულობამ 193 კილოტონა (63.7 მილიონი გალონი) შეადგინა. ამან ნახშირბადის ემისიები 714 კილოტონით შეამცირა, რაც, ICAO-ს CO2 კალკულატორის მიხედვით, დაახლოებით 10,000 ფრენის ექვივალენტია მადრიდსა და პარიზს შორის.
2025 წლისთვის ამოქმედდება სავალდებულო მიზანი, რომლის მიხედვითაც მთლიანი საწვავის 2% უნდა იყოს SAF.
EASA-ს შეფასებით, ევროკავშირი მზადაა, მიაღწიოს SAF-ის შერევის 6%-იან მიზანს 2030 წლისთვის.
ბაზრის კონცენტრაცია და ფასი
ანგარიშის მიხედვით, 2024 წელს ევროკავშირში SAF-ის საშუალო ფასი იყო 2,085 ევრო ტონაზე, რაც თითქმის სამჯერ აღემატებოდა სტანდარტული Jet-A საწვავის 734 ევროს ეკვივალენტურ ფასს ტონაზე.
მიუხედავად იმისა, რომ 2024 წელს SAF-ის მიწოდება 12 წევრ სახელმწიფოში, 33 აეროპორტში, 25 საწვავის მიმწოდებელმა უზრუნველყო, ბაზარი კვლავ ძლიერად კონცენტრირებული რჩება:
მიწოდების 99% მხოლოდ ხუთ წევრ სახელმწიფოში – საფრანგეთში, ნიდერლანდებში, ესპანეთში, შვედეთსა და გერმანიაში – დაფიქსირდა.
ნედლეული და წარმომავლობა
2024 წელს ევროკავშირში მიწოდებული SAF-ის თითქმის მთელი მოცულობა იყო ბიოსაწვავი, რომელიც ძირითადად გამოყენებული მცენარეული ზეთისგან (81%) და ცხოველური ნარჩენი ცხიმებისგან (17%) იყო მიღებული.
ნედლეულის ორ მესამედზე მეტი ევროკავშირის ფარგლებს გარეთ იყო წარმოებული, სადაც მთავარ წყაროებს წარმოადგენდნენ ჩინეთი (38%) და მალაიზია (12%). ევროპის მასშტაბით კი წამყვანი მიმწოდებელი იყო ფინეთი (10%).
EASA-მ აღნიშნა, რომ 2024 წლის ანგარიში დაფუძნებულია საწვავის მიმწოდებლების 67%-ისა და თვითმფრინავის ოპერატორების 74%-ის მონაცემებზე. 2025 წლის მანდატთან შესაბამისობის ზუსტად შესაფასებლად, სააგენტოს, მომავალში, სრული ანგარიშგების მიღწევა დასჭირდება.