საბავშვო ბაღის მენეჯმენტ სისტემა - KidNest-ის აპლიკაცია, რომელიც მშობლებს ბავშვის ბაღში ყოფნის პერიოდში რეალურ დროში მიაწვდის ინფორმაციას, მიმდინარე წელს ამოქმედდება. 

როგორც სტარტაპის დამფუძნებელმა სალომე კუთარაშვილმა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა, აპლიკაცია მიზნად ისახავს ბაღებსა და მშობლებს შორის კომუნიკაციის გამარტივებას და პროცესების გამჭვირვალობის გაზრდას.

"წინა წელთან შედარებით, ბევრი რამ გავაუმჯობესეთ. სისტემის ტესტირებამ ბევრი რამ გვაჩვენა. შესაბამისად, ხარვეზები აღმოვფხვერით და გარკვეული ცვლილებები შევიტანეთ. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობდით, რომ ბაღების საჭიროებებს მოვრგებოდით და ამ კომუნიკაცია გამოიწვია ის, რომ ჩვენ ჯერჯერობით ისევ დეველოპმენტის პროცესში ვართ. ვფიქრობ, რომ რამდენიმე თქვენი BETA ვერსია მზად გვექნება, რასაც ბაღებს ახლიდან შევთავაზებთ", - აცხადებს სალომე კუთარაშვილი.

მანვე აღნიშნა, რომ აპლიკაციის გაცნობა განსაკუთრებით მარტივად მიმდინარეობდა დიდ ბაღებთან, ხოლო მცირე ბაღების შემთხვევაში პროცესი შედარებით ნელა ვითარდებოდა.

"დიდ ბაღებთან კომუნიკაციის დროს პრობლემა არ გვქონია, რადგან ჩვენს შეთავაზებას მარტივად იგებდნენ, თუმცა გარკვეული პრობლემა გვქონდა მცირე ზომის ბაღებთან. ძალიან რთულად მიდიოდა პროცესები, ვუხსნიდით რას ვთავაზობდით, ვაჩვენებდით პროდუქტს, თუმცა მაინც უჭირთ გააზრება. ამიტომ დრო მაგ ნაწილზეც გვეკარგება. შესაძლოა, მათ ერთულებოდეთ ის, რასაც ვთავაზობთ, რადგან ძველ მეთოდებს არიან შეჩვეული, რომ ფურცლებზე უნდა იმუშაონ და ვერ წარმოუდგენიათ, რომ არსებობს აპლიკაცია, რომელიც ძალიან შეუმსუბუქებთ საქმეს", - აცხადებს სალომე კუთარაშვილი. 

მისივე ინფორმაციით, KidNest მშობლებს აძლევს შესაძლებლობას რეალურ დროში მიიღონ ინფორმაცია ბავშვის დღის განრიგზე, კვების რაციონზე, ფოტოებზე და გადასახადების შეხსენებაზე. ბაღების მხარეს კი სისტემა მოიცავს ანალიტიკასა და ბუღალტერიას, რაც ადმინისტრაციულ პროცესებს ამარტივებს.

ცნობისთვის, სტარტაპი KidNest საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 150 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებულია.

bp.ge