ვერტიკალური პროგრამების სერვისების ძირითადი ნაწილი 100%-ით ხელმისაწვდომია ყველა საჭიროების მქონე ბენეფიციარისთვის, შემოსავლის სტატუსისა და კერძო დაზღვევის არსებობის მიუხედავად, - ამის შესახებ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ეკა შარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ვერტიკალური პროგრამები მიზნობრივ სერვისებს მოიცავს და კონკრეტული დიაგნოზის მქონე პაციენტების საჭიროებების დაფარვას ემსახურება. ასეთ პროგრამებს შორისაა შიდსი, დიაბეტის მართვა, დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა, ტუბერკულოზი და სხვა. ამ ეტაპზე ქვეყანაში 14 ვერტიკალური პროგრამა მოქმედებს, რომელთა დაფინანსების მოდელები ერთმანეთისგან განსხვავდება.

ეკა შარაძის განცხადებით, ვერტიკალური პროგრამების ფარგლებში როგორც სამედიცინო სერვისები, ისე მედიკამენტების ძირითადი ნაწილი შესაბამისი დიაგნოზის მქონე ბენეფიციარებისთვის 100%-ით ფინანსდება.

„მიზნობრივი სერვისები, კონკრეტული დიაგნოზის მქონე პაციენტების საჭიროებების დაფარვისთვისაა განკუთვნილი. მაგ: როგორიცაა შიდსი, დიაბეტის მართვა, დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა, ტუბერკულოზი და სხვ. სულ 14 ვერტიკალური პროგრამა გვაქვს, რომელთა დაფინანსების
მოდელი განსხვავებულია. ვერტიკალური პროგრამების სერვისების ძირითადი ნაწილი, 100%-ით ხელმისაწვდომია, ნებისმიერი საჭიროების მქონე ბენეფიციარისთვის, მიუხედავად მათი შემოსავლის სტატუსისა და კერძო დაზღვევის არსებობისა. ვერტიკალური სერვისების ძირითადი ნაწილი ასევე
100 %-ით ხელმისაწვდომია მედიკამენტების შემთხვევაშიც, შესაბამისი დიაგნოზის მქონე ჯგუფებისთვის" , - განაცხადა შარაძემ.

რაც შეეხება საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამას, მისი თქმით, პროგრამა ფარავს ისეთ სერვისებს, როგორებიცაა კარდიოქირურგია, ინფექციური დაავადებები, მშობიარობა-საკეისრო და სხვა სამედიცინო მომსახურებები. დაფინანსების მოცულობა დამოკიდებულია დიაგნოზზე, ბენეფიციარის სოციალურ სტატუსზე, შემოსავალსა და კერძო დაზღვევის არსებობაზე.

ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ასევე ისაუბრა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის საბაზისო პაკეტებზე. მისი თქმით, დაფინანსება ძირითადად 70%-დან 100%-მდე მერყეობს. სოციალურად დაუცველ პირებს სერვისები სრულად, 100%-ით უფინანსდებათ, პენსიონერებისთვის დაფინანსება 90%-ია, ხოლო 0-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, სტუდენტებისა და შშმ პირებისთვის — 80%. სხვა ბენეფიციარებისთვის საბაზისო პაკეტის ფარგლებში დაფინანსება 70%-ით არის განსაზღვრული.