მთავრობამ შრომით იმიგრანტებსა და თვითდასაქმებულ უცხოელებზე შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის წესი დაამტკიცა. დადგენილება, რომელიც „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონს ეფუძნება, ძალაში 2026 წლის 1 მარტიდან შევა.

დადგენილების მიხედვით, შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის მომსახურების საფასური დიფერენცირებულია ვადის მიხედვით და შეადგენს:

- შრომითი საქმიანობის უფლების მოთხოვნა – განცხადებისა და სავალდებულო დოკუმენტაციის სრულად წარდგენიდან 30-ე კალენდარულ დღეს გაცემისას – 200 ლარს;

- შრომითი საქმიანობის უფლების მოთხოვნა – განცხადებისა და სავალდებულო დოკუმენტაციის სრულად წარდგენიდან მე-10 სამუშაო დღეს გაცემისას – 400 ლარს;

- შრომითი საქმიანობის უფლების ვადის გაგრძელება – განცხადებისა და სავალდებულო დოკუმენტაციის სრულად წარდგენიდან არაუმეტეს 30-ე კალენდარულ დღისა − 200 ლარს.

აღნიშნულ გადასახადს ადგილობრივი დამსაქმებელი იხდის, თვითდასაქმებულ უცხოელზე შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის მომსახურების საფასურს - უშუალოდ უცხოელი. კანონი ეხებათ იმ უცხოელებს, რომლებსაც საქართველოში მუდმივი ბინადრობის უფლება არ აქვთ და დასაქმება ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით სურთ.

შრომითი საქმიანობის უფლებას დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო გასცემს.