სტატისტიკის თანახმად, 2025 წელს საქართველოში საგზაო შემთხვევათა რაოდენობა 2024 წელთან შედარებით 1.8%-ით გაიზარდა (5866-დან 5969-მდე). ამავე პერიოდში გარდაცვლილთა რაოდენობა 5.6%-ით (444-დან 469-მდე), ხოლო დაშავებულთა რაოდენობა - 8%-ით (7587-დან 8191-მდე) გაიზარდა.

რადიო „კომერსანტის“ ეთერში საგზაო უსაფრთხოების საკითხებზე საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაციის პრეზიდენტმა დავით მესხიშვილმა ისაუბრა.

როგორც დავით მესხიშვილი აცხადებს, აუცილებელია საგზაო უსაფრთხოების ლიდერი სტრუქტურის შექმნა, რაც არ გულისხმობს დამატებით ხარჯებს და შესაძლებელია უკვე არსებული, მიმობნეული საკადრო რესურსის გაერთიანება. მისივე თქმით, 2025 წელს ეკონომიკის სამინისტროში საგზაო უსაფრთხოების დეპარტამენტი შეიქმნა, მაგრამ მას არ აქვს ლიდერის ფუნქცია, ანუ მისი გადაწყვეტილებები არ არის სავალდებულოდ შესასრულებელი, ამასთან ერთად, არ არის დამაკმაყოფილებელი მისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა.

„საგზაო უსაფრთხოების სამსახური საჭიროა იმისთვის, რომ მოხდეს საგზაო შემთხვევების ანალიზი, შემდეგ დაიდოს გეგმა და პრევენციული ღონისძიებები გატარდეს. სტრუქტურა, რომელიც ამ ყველაფერს თანმიმდევრულად გააკეთებს, პრაქტიკულად, არ არსებობს. გარდა ამისა, ქვეყანას აქვს საგზაო უსაფრთხოების ეროვნული გეგმა, რომელიც ყოველ წელს მტკიცდება და ბევრ სტრუქტურას ეხება - შს სამინისტროს, ინფრასტრუქტურის სამინისტროს, დედაქალაქს, მუნიციპალიტეტებს. როცა ვხედავთ, რომ სტატისტიკა გაუარესებულია, გამოდის, რომ გეგმა არ არის ეფექტიანი და გადასახედია. არ კეთდება ამ ეროვნული გეგმის აუდიტი - რა იყოს სწორი, რა - არასწორი, რა უნდა შეიცვალოს და რა - არ შეიცვალოს. საკანონმდებლო ინიციატივები უნდა ეყრდნობოდეს კვლევებს და არ უნდა იყოს სურვილები“, - აცხადებს თავით მესხიშვილი.

თავით მესხიშვილი მიიჩნევს, რომ საგზაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემები კომპლექსურია და სამწუხაროდ, საკითხის სიღრმისეული ანალიზი არ ხდება.

„გამოცდილებით შემიძლია ვთქვა, რომ საგზაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემების მიზეზი რა თქმა უნდა, ეს პირველ რიგში, განათლებას უკავშირდება. საგზაო უსაფრთხოება უკვე ბაღის ასაკის ბავშვებთან უნდა ისწავლებოდეს. ჩვენთან საგზაო უსაფრთხოებაზე როცა ვსაუბრობთ, მძღოლი ახსენდებათ ხოლმე, სინამდვილეში, როცა სახლიდან გავდივართ, ჩვენც საგზაო მოძრაობის მონაწილეები ვართ. გარდა ამისა, არის თვითმარქვია ავტოსკოლები, რომლებიც ვერანაირ სტანდარტს ვერ დააკმაყოფილებენ, მათი შემოწმება რომ მოხდეს. ამ ე.წ. ავტოსკოლების გამოცდების დახმარებით ხდება თეორიული გამოცდის მოტყუება, აქვთ რაღაც ხრიკები, კოდირება, დაზეპირება და შედეგად, მართვის მოწმობა ხვდება ისეთი ადამიანის ხელში, რომელსაც არ აქვს არანაირი უნარ-ჩვევები“, - აღნიშნავს დავით მესხიშვილი.