პლასტიკის ჩანაცვლება მწარმოებლებს გაკოტრებით, პროდუქციას კი გაძვირებით ემუქრება - ამის შესახებ BMG-სთან რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი კახა კონიაშვილი საუბრობს.

ცნობისთვის, მთავრობა პლასტმასის ბოთლებითა და შეფუთვით საცალო ქსელებში სასმლისა და საკვების გაყიდვის აკრძალვას გეგმავს. როგორც BMG-ს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, მთავრობის დადგენილების პროექტით, 2027 წლის 1 თებერვლიდან იკრძალება პლასტმასის მასალაში შეფუთული სურსათის წარმოება, იმპორტი და ბაზარზე განთავსება. დადგენილება ეხება არა მხოლოდ სასმელს, არამედ ნებისმიერი კატეგორიის სურსათს. აკრძალვა არ გავრცელდება მზესუმზირის ზეთსა და 10 ლიტრი და მეტი მოცულობის სასმელ წყალზე. მიზანი პლასტმასით დაბინძურების შემცირებაა.

კონიაშვილის თქმით, პლასტიკის შეფუთვის ჩანაცვლების საკითხი პირდაპირ კავშირშია საწარმოო ხაზების გადაიარაღებასთან და მილიონობით ლარის ინვესტიციასთან.

„ნებისმიერი კომპანია, როდესაც გრძელვადიან ინვესტიციას ახორციელებს, უნდა იყოს დაცული, იმიტომ რომ სწრაფი ცვლილება ძალიან ვნებს ზოგადად ამ სექტორს. აი მაგალითისთვის, მე თუ მაქვს დანადგარი, რომელიც პლასტიკის შეფუთვაში ასხამს რძის პროდუქტს და თქვენ რომ ძალიან მოკლე დროში, თუნდაც ერთ წელიწადში მომთხოვოთ, რომ ეს შევცვალო სხვა დანადგარით, რომელიც მინის ბოთლებში ჩამოასხამს - ჩათვალეთ, რომ ეს შეიძლება გაკოტრების პირას მისვლას ნიშნავდეს. მომიწევს ძველი დანადგარის ან გადაგდება, ან გაყიდვა და ახლის ყიდვა. ეს იქნება უზარმაზარი დამატებითი ხარჯები, რაც საბოლოოდ პროდუქტის გაძვირებით გამოისახება", - ამბობს კონიაშვილი BMG-სთან.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ეკოლოგიური მიზნები მისასალმებელია, პლასტიკს დღეს მსოფლიოში ფასით კონკურენტი არ ჰყავს. საქართველოში კი სიტუაციას ისიც ართულებს, რომ მინის ტარა ადგილზე არ იწარმოება.

„ალტერნატივები არსებობს, მაგრამ სამწუხაროდ, ჯერჯერობით მსოფლიოში ვერავინ ვერ მოიგონა იმაზე იაფიანი შეფუთვა, ვიდრე არის პლასტიკი და მისი სხვადასხვა სახეობები. მინა, რა თქმა უნდა, ძალიან ძვირად ღირებული პროდუქტია, თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ჩვენთან, ქვეყანაში მინის ტარა არ იწარმოება და ის იმპორტით შემოდის. ასევე, ქაღალდის შეფუთვა - ძალიან კარგია, მაგრამ სამწუხაროდ, ყველა პროდუქტზე იმას ვერ გამოიყენებ თავისი ბუნებრივი თვისებების გამო. ბიოდეგრადირებადი პროდუქცია კი საბოლოო ჯამში ფასზე ორიენტაციას შეგვიცვლის და ყველა მიმართულება ბევრად უფრო ძვირი იქნება“ - აცხადებს კახა კონიაშვილი.

ასოციაციის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო რეგულაციების შემოღებამდე აუცილებელია სიღრმისეული კონსულტაციები ბიზნესთან და სამეცნიერო წრეებთან, რათა განისაზღვროს, ზუსტად რომელი სახის პლასტიკია მიუღებელი და რა ვადაა საჭირო მისი უმტკივნეულო ჩანაცვლებისთვის.

„არავინ არ არის წინააღმდეგი, რომ ბუნება დავიცვათ და მაქსიმალურად გავუფრთხილდეთ ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობას, მაგრამ ყველაფერი უნდა იყოს დაბალანსებული, გაწერილი და ლოგიკურ ჩარჩოებში, რომ საბოლოოდ არავინ დაზიანდეს. ჩვენ ძალიან გვაინტერესებს, რა არგუმენტაცია შეიძლება იყოს სახელმწიფოს მხრიდან და ზუსტი, კონკრეტული ჩამონათვალი გვჭირდება, თუ რაზეა საუბარი. ჯერჯერობით ბოლომდე დეტალებში გარკვეული არ ვართ და ამ ეტაპზე მეტი ინფორმაცია არ გვაქვს“.

კახა კონიაშვილის განცხადებით, მწარმოებლები მზად არიან დიალოგისთვის, თუმცა მათი მთავარი მოთხოვნაა, რომ ნებისმიერი ცვლილება იყოს ეტაპობრივი და ითვალისწინებდეს ქვეყანაში არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას, რათა ადგილობრივმა წარმოებამ არსებობა შეძლოს, პროდუქტი კი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი დარჩეს.

bm.ge