1-ელი მარტიდან, „შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში“ ცვლილებები ამოქმედდება. ცვლილებების თანახმად, საქართველოში უცხოელთა დასაქმება/თვითდასაქმება მხოლოდ შესაბამისი რეგულაციების დაცვით მოხდება.
აღნიშნულ საკითხზე, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მოადგილეებთან და პარლამენტის წევრებთან ერთად იმსჯელა. მხარეებმა, ცვლილების მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება და მისი ეფექტურად აღსრულების გზები განიხილეს.
ცვლილების მიხედვით, უცხო ქვეყნის მოქალაქეს კანონიერად დასაქმებისთვის, მათ შორის დისტანციურად, „შრომითი საქმიანობის უფლების“ მოპოვება დასჭირდება.
უცხოელთათვის „შრომითი საქმიანობის უფლების“ ნებართვებს „დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო“ გასცემს. შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის პროცესი სრულად ელექტრონულია და სარეგისტრაციო პორტალი 1-ელი მარტიდან იქნება ხელმისაწვდომი. ნებართვის მიღება ფასიანია.
შრომითი საქმიანობის უფლება კონკრეტულ პოზიციასა და კონკრეტულ დამსაქმებელზე გაიცემა 1 წლის ვადით. კანონი ევროკავშირის რეკომენდაციების გათვალისწინებით მომზადდა.
რაც შეეხება თვითდასაქმებულ უცხოელს, სამუშაო უფლება გაიცემა კონკრეტული სფეროს, სექტორისა და სამეწარმეო საქმიანობის მითითებით.
აღსანიშნავია, რომ ცვლილებებთან დაკავშირებით განსაზღვრულია საშეღავათო პერიოდები - 2027 წლის 1-ელ იანვრამდე, მათთვის ვინც უკვე რეგისტრირებულია შრომითი მიგრაციის ელექტრონულ სისტემაში და დასაქმებულია ლეგალურად. მეორე საშეღავათო პერიოდი კი ვრცელდება 2026 წლის 1-ელ მაისამდე და იმ თვითდასაქმებულ უცხოელებს შეეხება, ვინც უკვე ახორციელებს შრომით/სამეწარმეო საქმიანობას საქართველოში.
თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე თავს აარიდებს „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონით განსაზღვრულ ნორმებს, ეს გამოიწვევს, როგორც დასაქმებულის, ისე დამსაქმებლის დაჯარიმებას, მათ შორის თვითდასაქმებული უცხოელის ფინანსურ ჯარიმებს.
ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს