„თუ მოქალაქე ეჭვქვეშ აყენებს დარიცხული გადასახადის ოდენობას, მნიშვნელოვანია, ჩვენამდე მოიტანოს ეს ინფორმაცია,“ - იუწყება ენერგოომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო გულეიშვილი.
როგორც მან მედიაცენტრ „მთავარში“ პრესკონფერენციაზე განმარტა, თუ კომპანიამ რამდენიმე დღით გადაამეტა ჩვენებას, რაც აკრძალულია და არ შეიძლება, ჯდება მაღალი ტარიფი.
„2025 წლის დასაწყისი ჩვენი სამსახურისთვის ნამდვილად იყო საჩივრებით მასშტაბური მომართვიანობის წელი. პრეტენზიებს შორის ერთ-ერთი გამორჩეული იყო უსაფუძვლოდ დარიცხული გადასახადების კუთხით. ეს ეხება როგორ ბუნებრივ გაზს, ისე ელექტროენერგიას.
ბუნებრივი გაზის შემთხვევაში ბევრი განცხადება შევისწავლეთ და ინდივიდუალურად მივუდექით. გადასახადის დარიცხვის უსაფუძვლობას რამდენიმე მიზეზი აქვს. ეს შეიძლება იყოს კომპანიის მხრიდან არასწორად აღებული ჩვენება ან მოშლილი აღრიცხვიანობა. ხშირ შემთხვევაში, აღრიცხვის ხელსაწყოები არის საკმაოდ ძველი, სტანდარტებს არ შეესაბამება, ვადაგასულია და ასე შემდეგ. როდესაც მომხმარებელს აქვს ეჭვი, რომ დარიცხული გადასახადი არ შეესაბამება მის მიერ მოხმარებულ რაოდენობას, აუცილებლად უნდა მოგვმართოს. არაერთ შემთხვევა გვაქვს, როცა საქმე შევისწავლეთ და აღმოჩდა, რომ აღრიცხვის ხელსაწყო იყო დაზიანებული, როს შემდეგაც მოხდა დარიცხული თანხის კორექტირება.
რაც შეეხება ელექტროენერგიას, ძირითადად ამ შემთხვევაშიც იგივე ვითარებაა, ერთი განსხვავებით – ელექტროენერგიის ტარიფი განსხვავებულია მოხმარებული რაოდენობის მიხედვით. თუ კომპანიამ ცდომილებით აიღო მაჩვენებელი ცდომილება 2-3 დღე რომც იყოს, ეს უკვე განსხვავებულ ტარიფს იძლევა, რადგან, ელექტროენერგიას ვიხდით საფეხურებრივი ტარიფის მიხედვით. 100 კვ.-ს მოხმარება პირველი საფეხურის ტარიფია, შემდეგ მოდის მეორე და მესამე საფეხური. ამიტომ, თუ კომპანიამ რამდენიმე დღით გადაამეტა ჩვენებას, რაც აკრძალულია და არ შეიძლება, იქ უკვე მაღალი ტარიფი გამოდის. აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში ამ მიმართულებით ჩვენთან საკმაოდ ბევრი განცხადება შემოვიდა. ყველა შემთხვევაში, თუ მოქალაქე ეჭვის ქვეშ აყენებს დარიცხული გადასახადის ოდენობას, მნიშვნელოვანია, ჩვენამდე მოიტანოს ეს ინფორმაცია,“ – განაცხადა გულეიშვილმა.