საქართველოში უცხოელი სტუდენტების რაოდენობა მზარდია. უმაღლეს სასწავლებლებში ყოველი მეხუთე სტუდენტი უცხოელია. ერთი შეხედვით, ეს პრობლემა არ უნდა იყოს, მაგრამ რისკი ნამდვილად არის იქიდან გამომდინარე, რომ მათი უმეტესობა უფრო დასაქმების მიზნით ჩამოდის და ადგილობრივ მუშახელთან არაჯანსაღ კონკურენციაშია. ეს ეხება განსაკუთრებით ღარიბი ქვეყნებიდან ჩამოსულ სტუდენტებს. მარტო ინდოეთიდან საქართველოში 16 000 სტუდენტი სწავლობს, როცა სულ უცხოელი სტუდენტების რაოდენობა 37 000-ია. გამოდის, რომ მათი უმეტესობა საფუძვლიან ცოდნას ვერ იღებს, ხოლო უნივერსიტეტებს ძირითადად ფულის კეთების ინტერესი ამოძრავებთ, რასაც საგანმანათლებლო სექტორისთვის საშიში ტენდენციაა.
ბოლო წლებში უცხოელი სტუდენტების დაინტერესება ქართული უნივერსიტეტებისადმი სულ უფრო იზრდება. საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში უცხოელ სტუდენტთა რაოდენობამ 37.1 ათასი შეადგინა, რაც 20.9%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. ამის შესახებ საქსტატის მონაცემებშია აღნიშნული.
სტატისტიკის მიხედვით, 2024/2025 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოში ჯამში 63 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება მოქმედებდა, აქედან 19 სახელმწიფო, ხოლო - 44 კერძო. კვლევის თანახმად, 2024/2025 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებმა მიიღეს 54.2 ათასი სტუდენტი, აქედან სახელმწიფო უნივერსიტეტებში - 30.5 ათასი, ხოლო კერძო უნივერსიტეტებში - 23.7 ათასი. შედეგად, გამოიკვეთა, რომ სტუდენტთა მიღება, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 0.2%-ით შემცირდა.
2024/2025 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჯამში 187.8 ათასი სტუდენტი სწავლობდა, რაც წინა სასწავლო წელთან შედარებით 5.6%-ით მეტია. ამასთან, სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლობს სტუდენტთა საერთო რაოდენობის 57.7%, ხოლო კერძოში - 42%.
განათლების სფეროს ექსპერტი მუხრან გულიაშვილი პრობლემას უფრო დასაქმების კუთხით ხედავს და აცხადებს, რომ ღარიბი ქვეყნებიდან სტუდენტები, ძირითადად, მუშაობის მიზნით ჩამოდიან და მომსახურების სფეროში საქმდებიან, რითაც შემდეგში ადგილობრივი მუშახელისთვის პრობლემებს ქმნიან.
მნიშვნელოვანია უნივერსიტეტების მხრიდან მხოლოდ მზარდ შემოსავლებზე არ გაკეთდეს აქცენტი და განათლების ხარისხსაც მიექცეს ყურადღება, მით უმეტეს, როცა საქმე ჯანდაცვის სპეციალობების შესწავლას ეხება.
,,უცხოელები განათლების მისაღებად საქართველოს ირჩევენ იმის გამო, რომ გამოცდები ადვილია, გადაწერა შეუძლიათ. რამდენიმე უცხოელთან ამ საკითხზე მისაუბრია კიდეც და მათ სწორედ ამ გარემოებებზე გაამახვილეს ყურადღება. 16 000 მარტო ინდოელი სტუდენტი გვყავს. გარდა იმისა, რომ ჩვენთან სწავლა იაფია, ადვილად შეუძლიათ გამოცდების ჩაბარება, ინდოეთშიც კი უფრო რთულია დიპლომის აღება, ვიდრე საქართველოში, ეს არის მათი მოტივაცია.
ბევრი უნივერსიტეტია, რომლებიც ამისგან სარგებელს იღებს. არ შეიძლება საგანმანათლებლო დაწესებულება ფულის კეთების ადგილი გახდეს, ეს დამღუპველია.
გარდა ამისა, ვხედავთ, რომ უცხოელი სტუდენტების დიდი ნაწილი აქ საქმდება და მომსახურების სფეროში ყველგან ისინი არიან. ქართველებს კონკურენციას უწევენ და მათ ადგილებს იკავებენ. ამ დროს ადგილობრივისთვის სამსახურის დაწყება არსად მარტივი არ არის. უცხოელებს კი დიდი პრივილეგიები აქვთ, ძირითადად იმის გამო, რომ დაბალ ხელფასს თანხმდებიან", - განაცხადა გულიაშვილმა.
ექსპერტის თქმით, ქვეყნისთვის პრიორიტეტს უნდა წარმოადგენდეს სტუდენტების მოზიდვა განვითარებული ქვეყნებიდან, რა მხრივაც ჯერჯერობით სერიოზული გამოწვევებია.
,,უცხოელი სტუდენტების იმ რაოდენობას, რაც საქართველოს დღეს ჰყავს, ვერც ერთი პატარა ქვეყანა ვერ გაუძლებს. არასწორია, სფეროს რეგულირება უნდა ხდებოდეს. რა თქმა უნდა, შემოვიდნენ ქვეყანაში, წინააღმდეგი არავინ არ არის, მაგრამ თუ სტუდენტია, ისწავლოს. სინამდვილეში ამ სტატუსს ბევრი საქართველოში შემოსასვლელად იყენებს. ერთი წელი ისწავლიან და მერე მუშაობას იწყებენ და სწავლას აჩერებენ. ქართველებს ართმევენ სამუშაოს, ამიტომ არის მნიშვნელოვანი სფეროს რეგულირება.
პრიორიტეტი უნდა იყოს სტუდენტების მოზიდვა განვითარებული ქვეყნებიდან, მაგრამ ამისთვის სწავლის ხარისხი მნიშვნელოვნად უნდა გავზარდოთ. ბევრი გამოწვევებია, რაც განათლების სფეროს განვითარებას აფერხებს", - აღნიშნა გულიაშვილმა.
განათლების სფეროს ექსპერტების მეორე ნაწილს განსხვავებული მსოაზრება აქვს და აცხადებს, რომ უცხოელი სტუდენტების რაოდენობის ზრდა პრობლემა არ არის, თუკი ისინი დროებით იმყოფებიან ქვეყანაში. ასე ფიქრობს აკადემიკოსი ზურაბ ვახანია, რომლის შეფასებითაც, უცხოელი სტუდენტები საქართველოში სწავლის დაბალი გადასახადის გამო ჩამოდიან.
,,ყველაზე მეტი სტუდენტი საქართველოში სამედიცინო განათლების მიღების მიზნით შემოდის. პირველ რიგში იმიტომ, რომ აქ უფრო იაფია, ვიდრე ევროპაში, თანაც საცხოვრებლად უფრო კარგი კლიმატია. წლიდან წლამდე მზარდია რაოდენობაც იმიტომ, რომ გლობალიზაციაა და მეტი ადამიანი იგებს საქართველოს საგანმანათლებლო სისტემის შესახებ. ადრე არ იცოდნენ, ახლა გზა გაიკვალეს. ნახევარი მილიარდი ახალგაზრდაა და ის რაოდენობა, რაც საქართველოში ჩამოდის, ზღვაში წვეთია.
უმეტეს შემთხვევაში მოდიან იმიტომ, რომ მედიკოსის დიპლომი სჭირდებათ. ვინც ინგლისური არ იცის, გამონაკლისია, აბა, რაში იხდიან ფულს? არ გვაქვს სტატისტიკა რამდენი რჩება ქვეყანაში, მაგრამ ვფიქრობ, ძალიან ცოტაა. საქართველოსთვის გაცილ;ებით მეტი საფრთხის შემცველია უცხოელების ის კატეგორია, ვინც აქ უძრავ ქონებას ყიდულობს, სტუდენტები სწავლის დამთავრების შემდეგ უკან ბრუნდებიან, უმეტესობა მაინც, მათგან ნაკლები რისკი გვემუქრება", - ამბობს ზურაბ ვახანია.
კვლევის მიხედვით, 2024 წელს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება დაამთავრა 29.6 ათასმა სტუდენტმა, რაც წინა წელთან შედარებით 12.4%-ით მეტია.
წყარო: რეზონანსი