იმ ფონზე, როდესაც „ქართული ოცნების“ გარდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებსა და ლეგიტიმურობას ბარიერგადალახული პარტიებიდან არც ერთი აღიარებს, ახალი, 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადება დაიწყო. „ქართული ოცნების“ ლიდერები ამბობენ, რომ საარჩევნო გარემო ყველა პარტიას აძლევს შესაძლებლობას, ჩაერთოს საარჩევნო მარათონში. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი იმასაც ამბობს, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების სკეპტიციზმის მიუხედავად, ისინი მაინც ჩაერთვებიან პროცესში.
„ოპოზიცია არ არსებობს. სადმე ხედავთ ოპოზიციას საზღვარგარეთის გარდა?! ერთი ლონდონიდან გველაპარაკება, მეორე ტალინიდან, მესამე ვილნიუსიდან. დადიან. სხვებთან არიან ანგარიშვალდებულებიც და სხვებისგან იღებენ დავალებას. ისინი არ იღებენ დავალებებს ქართველი ხალხისგან. თითქმის 800 ათასმა მოქალაქემ, რაც არ იყო ცუდი შედეგი ოპოზიციისთვის, მისცა მათ მანდატი და დავალება, რომ ყოფილიყვნენ ამ პარლამენტში და მათ დავალება არ შეასრულეს და მანდატები დატოვეს. ანგარიშსაც ისინი არ აბარებენ ქართველ ხალხს, თორემ დაელაპარაკებოდნენ. სადმე ჩავიდოდნენ, რეგიონში ჩავიდოდნენ, ხალხს შეხვდებოდნენ. რაც შეეხება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს, ელოდებიან, რაც ექნებათ დავალება ზუსტად ისე მოიქცევიან. თუმცა, ჩვენი არშემდგარი ოპოზიციის საქმე რომ ვიცით, კარგია, რომ დღეს ამას ამბობენ. ხომ გამორიცხა ყველამ კატეგორიულად, რომ არ მივიღებთ მონაწილეობასო. მამუკა ხაზარაძემ „მოღალატე იქნება ის, ვინც მონაწილეობას მიიღებსო“. დადგება ოქტომბერი, ისე მიიღებენ მონაწილეობას, მზე მაღლა იქნება“, – აცხადებს შალვა პაპუაშვილი.
გასულ არჩევნებში მანდატებმიღებული და შემდეგ უმანდატოდ დარჩენილი პოლიტიკური პარტიების ლიდერები აცხადებენ, რომ ისინი მხოლოდ ერთადერთი არჩევნებისთვის ემზადებიან და ის არ არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. ოპოზიციის წარმომადგენლები კვლავ ითხოვენ ახალ საპარლამენტო არჩევნებს, ან ორივე არჩევნებს ერთდროულად. მათივე განცხადებით, თუ „ქართული ოცნების“ მიერ ბოლო პერიოდში შეცვლილი საარჩევნო კანონმდებლობა არ გადაიხედა და სისტემა კვლავ „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ გავლენის ქვეშ დარჩა, თვითმმართველობის არჩევნების ჩატარებას და მასში მონაწილეობის მიღებას აზრი არ აქვს. ეს კი მათივე თქმით, მხოლოდ ახალი საპარლამენტო არჩევნების გამართვისა და ხელისუფლების ცვლილების შემთხვევაში მოხდება.
„პარტია „გახარია – საქართველოსთვის“ და ზოგადად, ჩვენი გუნდი ვართ პოლიტიკური ორგანიზაცია. ჩვენ ყოველთვის ვმოქმედებთ მხოლოდ საზოგადოებისა და ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე. მიუხედავად იმისა, რომ დღეს საზოგადოებაში არანაირი მოთხოვნა არ არსებობს თვითმმართველობის არჩევნებზე, არსებობს მხოლოდ ახალ არჩევნებთან დაკავშირებით, ჩვენ, რა თქმა უნდა, ვემზადებით ამ არჩევნებისთვის. ვემზადებით ნებისმიერი არჩევნებისთვის, რომელიც იქნება. ეს იქნება ხელახალი არჩევნები, თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად ჩატარებული ხელახალი არჩევნები, თუ რა მოცემულობაც და რა კონფიგურაციაც არ უნდა იყოს არჩევნების.
„ვინმეს თუ ეშინია დღეს ქვეყანაში საარჩევნო პროცესის წარმართვის, არჩევნების ჩატარების, ეს არის „ქართული ოცნება“. იცით, ეს რით დასტურდება? ბოლო გაყალბებული არჩევნების შემდეგ მათ მეტად გააუარესეს და მოირგეს საარჩევნო კანონმდებლობა. ლოგიკურად ხომ უნდა შეხედოთ პროცესებს. ხელისუფლებას არჩევნების თუ არ ეშინია, თუ, მართლაც, გამარჯვებულად მიიჩნევს საკუთარ თავს ბოლო არჩევნებში და არანაირი გაყალბება არ ყოფილა, მაშინ ამ კანონების ცვლილება რაში სჭირდებათ? რატომ აუარესებენ და ირგებენ უფრო მეტად საკუთარ თავზე საარჩევნო კანონმდებლობას, რომელიც არაერთგზის შეიცვალა ბოლო არჩევნების შემდეგ? ჩვენ ვთქვით და კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ ნებისმიერი არჩევნებისთვის ვართ მზად და ვემზადებით ამ პროცესისთვის. ვგულისხმობ იმას, რომ პირველ რიგში, ჩვენ ვემზადებით ახალი არჩევნებისთვის, რადგან ეს არის საზოგადოების მოთხოვნა. კიდევ ერთხელ, თუ ვინმეს ეშინია ნებისმიერი არჩევნების, მათ შორის, ბუნებრივია, ხელახალი არჩევნების ჩატარების, ეს არის ე.წ. „ქართული ოცნების” ხელისუფლება და ეს გამოიხატება იმაში, რომ ბოლო არჩევნების შემდეგ მათი ლოგიკითაც, გამარჯვებულმა ხელისუფლებამ კიდევ უფრო გააუარესა საარჩევნო კანონმდებლობა და კიდევ უფრო მოირგო საკუთარ თავზე. უშიშარი ხელისუფლება, რომელიც დარწმუნებულია საკუთარი ხალხის მხარდაჭერაში, არ აუარესებს და მეტად არ ირგებს საკუთარ თავზე საარჩევნო კანონმდებლობას“, – განაცხადა პარტია „გახარია – საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბექა ლილუაშვილმა.
„ქართული ოცნების“ ერთპიროვნული გადაწყვეტილებით, 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნები იმ წესით ჩატარდება, რა წესითაც 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. ნახევრად პროპორციული და ნახევრად მაჟორიტარული წესით, ასევე 4%-იანი ბარიერით. ზუსტი თარიღი ჯერ ჩანიშნული არ არის. თუმცა ცნობილია თვე, ეს არჩევნებიც ოქტომბერში გაიმართება.
წყარო: euronews georgia