თბილისის მერმა, კახა კალაძემ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა, სადაც კიდევ ერთხელ ისაუბრა მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე.
კახა კალაძის თქმით, საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება ემსახურება ქვეყნისა და მისი ევროპული მომავლის დაცვის მიზანს.
„მინდა, ავუხსნა იმ მოქალაქეებს, რომლებიც ჯერ კიდევ ვერ გაერკვნენ მიმდინარე პროცესებში - არასდროს არცერთი ნაბიჯი არ გადაგვიდგამს ქვეყნის ინტერესების, ჩვენი მოსახლეობის საწინააღმდეგოდ; არასდროს გადაგვიხვევია ევროინტეგრაციის გზიდან. ყველა გადაწყვეტილება ემსახურებოდა და ემსახურება სწორედ იმ მიზანს, რომ დავიცვათ ქვეყანა და ამ ქვეყნის ევროპული მომავალი; დავიცვათ საქართველოს სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა და შევინარჩუნოთ თავისუფლება. ამ ყველაფრისთვის, რაზეც ახლა ვსაუბრობდი, ჩვენმა წინაპრებმა დაღვარეს სისხლი, დღეს კი არავის მივცემთ შესაძლებლობას, რომ ეს ყველაფერი გაანიავოს.
მინდა, კიდევ ერთხელ მივმართო იმ ადამიანებს, არ ვსაუბრობ მოძალადეებზე, რადიკალებზე, დესტრუქციული ჯგუფებისა და პარტიების წარმომადგენლებზე, ახალგაზრდული ორგანიზაციების წევრებზე, არამედ ვსაუბრობ ჩვეულებრივ, რიგით მოქალაქეებზე, ვისაც მართლა გული შესტკივა ქვეყანაზე: ბოლო დღეების განმავლობაში, ბევრი შენიშვნა მოვისმინე იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს, ჩვენი მხრიდან იყო არასწორი კომუნიკაცია, არასწორად მივაწოდეთ ინფორმაცია საზოგადოებას, ბევრმა ვერ გაიგო, ვერ გაერკვა. მესმის და ვიღებთ შენიშვნას. შეიძლება, ჩვენი მხრიდან იყო არასწორი კომუნიკაცია, მაგრამ მთელი ამ დღეების განმავლობაში, ღიად იყო ნათქვამი, რომ ყველაფერს ვაკეთებთ ევროინტეგრაციის გზაზე: ხელი მოწერილი გვაქვს ასოცირების ხელშეკრულებაზე; „ქართული ოცნება“ არის ის გუნდი, რომელმაც კონსტიტუციაში ჩაწერა ქვეყნის ევროპული მომავალი; ვინც მოახერხა, ვიზალიბერალიზაციის პროცესი მიეყვანა ბოლომდე; „ქართული ოცნებაა“ ის გუნდი, ვინც თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი; ვინც შანტაჟისა და უამრავი შეურაცხყოფის მიუხედავად, მოიპოვა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
თბილისის მერის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება მზადაა, დღესვე მოაწეროს ხელი მოლაპარაკებების გახსნის დოკუმენტს, თუმცა არ დაუშვებს ამით აშანტაჟებდნენ ქვეყანას.
„გულწრფელად გეუბნებით, ვერ ნახავთ ვერც ერთ ნაბიჯს, ჩვენი მხრიდან გადადგმულს, რომ რაიმე ეწინააღმდეგებოდეს ქვეყნის ინტერესს, ევროპულ მომავალს, მაგრამ ყოველწუთიერი შანტაჟი ევროინტეგრაციის გზაზე, კატეგორიულად მიუღებელია. თავმოყვარე ერი ვართ, უდიდესი კულტურის, ტრადიციების მქონე ხალხი ვართ, რითაც ვამაყობთ.
ასე რომ, არ დავიღლებით იმის გამეორებით, რასაც მუდმივად ვაცხადებთ - გახსნან მოლაპარაკებები, დაიდოს შესაბამისი დოკუმენტი და მზად ვართ, დღესვე მოვაწეროთ ხელი, მაგრამ ამ ყველაფრით გვაშანტაჟოთ, არ გამოვა.
დაიდოს დოკუმენტი და მზად ვართ, დღესვე მოვაწეროთ ხელი. მზად ვართ, დაჩქარდეს ევროინტეგრაციის პროცესი, ვასრულებთ ყველა ვალდებულებას, რაც გაწერილია ასოცირების ხელშეკრულებით. ჩვენი მხრივ, არანაირი პრობლემა არ არსებობს, ევროკავშირის სტრუქტურების მხრიდან ველით შესაბამისი ნაბიჯების გადადგმას. თუ ვინმეს რაიმე პროტესტი აქვს, მიდით ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან, მოითხოვეთ, მიიღონ გადაწყვეტილება მოლაპარაკებების გახსნა-არგახსნასთან დაკავშირებით და გააპროტესტეთ მშვიდობიანად, ცივილურად, დემოკრატიულად, არა „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლით, შეურაცხყოფის მიყენებით“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
ინფორმაციას თბილისი მერია ავრცელებს.