როგორ ირჩევენ კერძო სკოლას?
„კერძო სკოლის შერჩევისას მშობელმა უნდა დასვას კითხვა, რა არის სკოლისთვის პრიორიტეტული. თუ სკოლისთვის ბავშვის კეთილდღეობა არ არის პრიორიტეტული, ასეთ სკოლას შეგიძლიათ დაემშვიდობოთ“ - ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „განათლების უფლება“ მეგი კავთუაშვილთან ერთად, თბილისის კერძო სკოლების ჯგუფის დამფუძნებელმა, დავით შერვაშიძემ განაცხადა. მისი თქმით, ხშირად სკოლები ამბობენ, რომ მათთვის პრიორიტეტულია - აკადემიური დონე, წესრიგი, დისციპლინა და ასეთი დამოკიდებულება არასწორია.
გადაცემის სტუმარმა რადიო „კომერსანტის“ ეთერში იმ საკითხებზე ისაუბრა, რასაც უნდა მიაქციოს მშობელმა ყურადღება სკოლის, ამ შემთხვევაში კერძო სკოლის, შერჩევისას. მან მშობლებს ისიც ურჩია, რომ შვლებისთვის სკოლის შერჩევა ბაღის ასაკიდან დაიწყონ, რადგან ღია კარის დღისთვის, ხშირად, ადგილები უკვე შევსებულია.
„სკოლის შერჩევა უნდა დავიწყოთ ბავშვის ბაღის ასაკიდან, მინიმუმ 1 წლის ადრე. სკოლებს აქვთ ღია კარის დღე, თუ სემესტრი იწყება სექტემბერში, იმ წლის იანვარში შეიძლება შევსებული იყოს და ადგილი აღარ იყოს.
სკოლის შერჩევისას უმჯობესია დაუკავშირდე ადმინისტრაციას და დაუნიშნო შეხვედრა. უნდა გაეცნო კონტრაქტს, იქ შეიძლება ეწეროს, რომ სკოლას აქვს ყოველწლიურად საფასურის გაზრდის უფლება; ტექნიკური პირობები უნდა შეისწავლო; სკოლის ღირებულებებზე უნდა დაუსვა კითხვები - რა არის სკოლისთვის პრიორიტეტული. თუ არ გეტყვიან, რომ ბავშვის კეთილდღეობაა პრიორიტეტული, შეგიძლიათ ასეთ სკოლას დაემშვიდობოთ. ხშირად სკოლები ამბობენ, რომ მათთვის პრიორიტეტულია - აკადემიური დონე, წესრიგი, დისციპლინა“, - ამბობს დავით შერვაშიძე.
მისი თქმით, სკოლა უნდა ამზადებდეს ადამიანს ცხოვრებისთვის და პროფესიისთვის. „არაა აუცილებელი რაღაცის დაზეპირება, სკოლამ უნდა შესძინოს ბავშვს ისეთი უნარები, როგორებიცაა - წაკითხულის გააზრება, გადაწყვეტილების მიღება, კომუნიკაციის უნარი“.
შეგახსენებთ, რომ PISA-მ (მოსწავლის საერთაშორისო შეფასების პროგრამა), 2022 წლის შედეგები გამოაქვეყნა, სადაც საქართველო 81 ქვეყანას შორის 67-ე ადგილზეა კითხვისა და წაკითხულის გააზრების მაჩვენებლით, მე-60-ზე - მათემატიკისა და 66-ეზე მეცნიერების ცოდნით.
მეგი კავთუაშვილის თქმით, საქართველოს მაგალითზე, კვლევაში უკეთესი შედეგია კერძო სკოლის მოსწავლეების შემთხვევაში, მათი მონაცემები აღემატება საჯარო სკოლის მაჩვენებლებს; თავის მხრივ დედაქალაქის მაჩვენებლები არის მეტი, დიდი ქალაქების მაჩვენებელზე და შემდეგ მოდის სოფლის და დაბის ბავშვების შედეგები.
რატომ ირჩევენ კერძო სკოლას?
მეორე საკითხი, რომელიც გადაცემის ფორმატში განიხილეს იყოს - ბოლო პერიოდში რატომ ირჩევენ კერძო სკოლას უფრო ხშირად.
დავით შერვაშიძის თქმით, მთავარი ფაქტორები, თუ რატომ ირჩევენ უფრო ხშირად კერძო სკოლას არის ის, რომ მომუშავე მშობლებს სჭირდებათ, რომ „ბავშვი იყოს ზედამხედველობის ქვეშ. როცა მშობელი მუშაობს და არ ჰყავს სახლში დამტოვებელი, ურჩევნია დამატებითი თანხა გადაიხადოს, რადგან იქ არის დამატებითი აქტივობები. ამ დროში არის დამატებითი კლუბები და კლასგარეშე აქტივობები. კიდევ არის უსაფრთხოება, კერძო სკოლა ასოცირდება ჩაკეტილ სივრცესთან, მაგრამ არც კერძო სკოლაა სრულყოფილი. ის ამბობს, რომ ბევრი სკოლის ადმინისტრაციისთვის ყვირილი და სიმკაცრე მისაღებია.
„ჩვენ აქ იმისთვის არ ვართ, რომ ვთქვათ - კერძო სკოლები ცუდია, აქ ვართ იმისთვის, რომ ვთქვათ რომ პრობლემა შეიძლება იყოს ყველგან. მთავარი როგორ მიუდგება სკოლის ადმინისტრაცია. როცა მშობელს მიჰყავს შვილი კერძო სკოლაში უნდა ჰქონდეს იმის გარანტია, რომ მისი შვილი არ გახდება ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის მსხვერპლი. მაგრამ ამის მაგალითები არსებობს არა მხოლოდ საჯარო, არამედ კერძო სკოლებშიც.
კვირა არ გავა, არ მომწერონ, რომ კერძო სკოლის ადმინისტრაციიდან დაზარალდა ბავშვი, ყვირილი თითქოს არ უნდა ხდებოდეს, ბევრი სკოლის ადმინისტრაციისთვის ყვირილი და სიმკაცრე, მათ შორის ბევრი მშობლისთვისაც, მისაღებია. ამის დეფინიცია ძალიან არასწორად ესმით, დისციპლინა სხვაა, ყვირილი სხვაა და სიმკაცრე სხვა არის,“ - ამბობს დავით შერვაშიძე.