29 აპრილის შუალედურ/რიგგარეშე არჩევნებამდე ზუსტად ორი კვირა რჩება. 15 აპრილს გამართულ ბრიფინგზე ცესკოს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა განაცხადა, რომ 29 აპრილის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, ეტლით მოსარგებლე ამომრჩევლებს, რომლებიც მონაწილეობას იღებენ შუალედურ არჩევნებში, შეუძლიათ, მოითხოვონ შესაბამისი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე არსებული ნებისმიერი ადაპტირებულ/მისაწვდომი საარჩევნო უბანი.

ამისათვის მათ არა უგვიანეს 21 აპრილის 18:00 საათამდე უნდა მიმართონ შესაბამის საოლქო ან საუბნო საარჩევნო კომისიას ან დაუკავშირდნენ ცესკოს ნომერზე – 2 51 00 51 და მოითხოვონ მათთვის სასურველი ადაპტირებული საარჩევნო უბანი.

ცესკოში განმარტავენ, რომ ეტლით მოსარგებლე ამომრჩეველს ცესკოს ვებგვერდზე განთავსებულ „საარჩევნო რუკაზეც“ შეუძლია, ნახოს დეტალური ინფორმაცია და ფოტოები კონკრეტული საარჩევნო ოლქის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული ადაპტირებული/მისაწვდომი საარჩევნო უბნების შესახებ.

სულ ასეთი 69 საარჩევნო უბანი გაიხსნება.