თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი ამბობს, რომ ქალაქის ერთ-ერთი დატვირთული წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია მომავალი წლის იანვარში დასრულდება. უფრო ადრეა გათვალისწინებული ე.წ. წერეთლის ხიდის სარემონტო სამუშაოების დამთავრება.

"ხიდის ნაწილში სამუშაოები დაგეგმილი გვაქვს, რომ მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში დასრულდეს, ხოლო წერეთლის გამზირის ნაწილში - მომდევნო წლის იანვრის თვეში. რეაბილიტაციის ფარგლებში ჩართული არის მერიის მიერ დაქირავებული რამდენიმე კომპანია, გარდა ამისა - პროვაიდერი კომპანიები, ვინაიდან მათ საკუთრებაში არსებული ქსელების სრულად შეცვლა და განახლება უნდა მოხდეს...

იძულებული ვართ, ღამის განმავლობაშიც მიმდინარეობდეს რეაბილიტაცია, რა თქმა უნდა, ღამის განმავლობაში სამუშაოები მოსახლეობისთვის გარკვეული დისკომფორტი იქნება", - თქვა ირაკლი ბენდელიანმა.

 

მანვე აღნიშნა, რომ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილია 28,4 მლნ ლარი, ხიდისთვის კი - 4,2 მლნ ლარი.

"რეაბილიტაციის ფარგლებში, ფაქტობრივად, მთლიანი გამზირი განახლდება. როგორც აღვნიშნე, კომუნიკაციები სრულად შეიცვლება, საჰაერო სადენების მიწის ქვეშ განთავსება, ასევე გარე განათების ბოძების მონტაჟი მოხდება, ასევე გამწვანებული თარგები და მიწისქვეშა ურნები მოეწყობა", - თქვა თბილისის მერის მოადგილემ.

თბილისში წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია გუშინ, 19 აპრილს, გვიან ღამით დაიწყო.