2026 წლის სექტემბერში თბილისში ახალ პროექტებში ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის სექტემბერთან შედარებით 9.8%-ით გაიზარდა.
Colliers Georgia-ს განახლებული მონაცემებით, ზრდა დაფიქსირდა ახალაშენებული ბინების როგორც პირველად (6.3%), ისე მეორეულ ბაზრებზე (14.6%). ტრანზაქციების რაოდენობა 4.7%-ით შემცირდა ძველ პროექტებში. თბილისში, როგორც ძველ ისე ახალ პროექტებში ტრანზაქციების უმეტესობა საქართველოს მოქალაქეებზე მოდის, უცხოეთის მოქალაქეების წილი გასული წლის სექტემბერთან შედარებით მცირედით გაიზარდა და 12% შეადგინა.
„2026 წლის სექტემბერში თბილისში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2025 წლის სექტემბერთან შედარებით ქალაქის ცენტრში 16.8%-ით, ფართო ცენტრში 17.3%-ით, ხოლო გარეუბანში 10.9%-ით გაიზარდა. ქალაქის მასშტაბით ძველ პროექტებში ფასმა 14%-ით მოიმატა.
2026 წლის სექტემბერში თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2025 წლის სექტემბერთან შედარებით 9.9%-ით გაიზარდა გარეუბნებში, 15%-ით - ფართო ცენტრში, ხოლო, ქალაქის ცენტრში 12.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა. აღსანიშნავია, რომ ფართო ცენტრში რამდენიმე ძვირიანი პროექტის რეგისტრაცია დაიწყო, რამაც იმოქმედა ფასების ზრდაზე. ქალაქის მასშტაბით პირველადი ტრანზაქციების საშუალო შეწონილი ფასის ზრდამ 11.9% შეადგინა. მეორეულ ბაზარზე კი საშუალო შეწონილი ფასი ქალაქის მასშტაბით 10%-ით გაიზარდა.
2026 წლის სექტემბერში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 4,245 ერთეული შეადგინა და გასული წლის სექტემბერთან შედარებით 6.4%-ით გაიზარდა. ბაზრის ზომამ კი 24.1%-ით, 376 მილიონ აშშ დოლარამდე მოიმატა“, - ნათქვამია მიმოხილვაში.