„საკითხის მოკვლევას მინიმუმ 6 თვე და მაქსიმუმ 18 თვე სჭირდება, თუმცა გაცილებით ადრე დასრულდება“ - ამის შესახებ „კომერსანტს“ კონკურენციის ეროვნული სააგენტოში განუცხადეს, მათივე ინფორმაციით აღნიშნული შუამდგომლობის დაკმაყოფილებით სასამართლომ tkt.ge - ს ექსკლუზივის გამოყენების უფლება შეუჩერა.
სასამართლოს ბრძანებით, მოკვლევის დასრულებამდე შეჩერდა – შპს "სადისტრიბუციო კომპანიასა" და შპს "ონლაინ თიქეთსს" (სამართალმემკვიდრე შპს "თინეთი") შორის 2022 წლის 31 დეკემბერს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე მოქმედი ექსკლუზივის პირობა.
"აღნიშნული პირობის მიხედვით, „სადისტრიბუციო კომპანია“ შპს „თინეთს“, 2 წლის ვადით, ექსკლუზიურად გადასცემდა ქვეყანაში მოქმედი 6 ძირითადი კინოთეატრის ბილეთებს ონლაინ რეალიზაციის მიზნით, და ამავდროულად, იღებდა ვალდებულებას, არ გადაეცა აღნიშნული კინოთეატრის ბილეთები სხვა კომპანიებისათვის, რაც ამავე საქმიანობით დაკავებული სხვა სუბიექტების ბაზრიდან განდევნას იწვევდა.
შპს „ელ.ბილეთების“ საჩივრის საფუძველზე. საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ მიმდინარეობს მოკვლევა - შპს „სადისტრიბუციო კომპანიის“ მხრიდან დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების შესაძლო დარღვევის ფაქტსა და შპს „სადისტრიბუციო კომპანიის“, შპს „თინეთის“, სს „თიბისი ბანკის“ და TBC Bank Group PLC-ს შესაძლო კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმების ფაქტზე," - ნათქვამია განცხადებაში.
"კომერსანტი" TBC ბანკისგანაც ცდილობს კომენტარის მიღებას და მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.