თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ პირველი ივნისიდან A კატეგორიის ტაქსების ნაწილს, რომელიც 10 წელზე ნაკლები ასაკისაა, საავტობუსე ზოლში არამხოლოდ მგზავრის აყვანა და ჩამოსმა, არამედ გადაადგილებაც შეეძლებათ, თუმცა ეს დაშვებულია მხოლოდ იმ ზოლში, სადაც ავტობუსები სხვა ავტომანქანების მიმართულებით გადაადგილდებიან.
საქართველოს საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, ავტომრბოლელი მევლუდ მელაძე „კომერსანტთან“ ამბობს, რომ ავტობუსის ზოლში ტაქსების გადაადგილების დაშვება კარგი სიახლეა, თუმცა იმისათვის, რომ არ მოხდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეფერხება, საჭიროა ტაქსი ზოლში მხოლოდ მაშინ გადავიდეს, როდესაც მას მგზავრი ჰყავს.
„საერთაშორისო პრაქტიკაში არის მსგავსი ტენდენცია, როცა ავტობუსის ზოლს იყენებენ ტაქსები, ამის შესახებ ადრე მეც ვსაუბრობდი, ამიტომ მივესალმები, თუმცა ვფიქრობ მხოლოდ მაშინ უნდა გამოიყენოს ტაქსის მძღოლებმა ეს ზოლი, თუკი მათ მგზავრი გადაჰყავთ, რათა არ შეაფერხონ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა.
კონტროლის მექანიზმისთვის, ამერიკის მაგალითს მოვიყვან, სადაც მაგისტრალებიც კი არის ისე მოწყობილი, კონკრეტული ზოლია გამოყოფილი და იმით სარგებლობა შეუძლიათ ტაქსებს, თუ ავტომობილში ორი ან მეტი პირი ზის, კონტროლი რა თქმა უნდა სჭირდება, რადგან ზოგიერთებს მანეკენიც კი უზით მანქანაში იმისთვის, რომ ეს ზოლი გამოიყენონ, მაგრამ ამისთვის არის პოლიცია, თუ ვინმე ითაღლითებს უნდა დააჯარიმოს და ჯარიმა უნდა იყოს ძალიან დიდი.
ასევე ვფიქრობ ამ ზოლით სარგებლობის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ იმ ავტობუსებს, რომლებიც ემსახურებიან საჯარო და კერძო სკოლებს და ბავშვები გადაჰყავთ. ამ ავტობუსებისთვისაც უნდა იყოს ხელმისაწვდომი „ბასლაინებში“ გადაადგილება, იმიტომ რომ რეალურად ისინი ასრულებენ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფუნქციას“, - აღნიშნავს მევლუდ მელაძე.
საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, ტაქსის მძღოლები, რომლებიც კლიენტს ეძებენ ნელა გადაადგილდებიან, ამიტომ ძირითადად საცობების მაპროვიცირებელნი ისინი არიან.
„საერთო ჯამში კარგი გადაწყვეტილებაა ავტობუსების ზოლში ტაქსები რომ ივლიან, მართალია ეს ოდნავ შეაფერხებს ალბათ საზოგადოებრივ ტრანსპორტს, თუმცა თუ დააკორექტირებენ და ცარიელი ტაქსებს არ შეუშვებენ იმ ზოლში, კარგი იქნება. ცარიელი ტაქსის მძღოლი ეძებს კლიენტს, დღესაც ძირითადად ამ საცობების მაპროვიცირებელნი არიან ტაქსები, რადგან მიდიან ნელა, ელოდებიან შეკვეთას, ეძებენ მგზავრებს და აფერხებენ მოძრაობას, მით უმეტეს როცა ბასლაინია და გვერდით აქცევა არ შეგიძლია ერთ-ერთი შემაფერხებელია ასეთ დროს ტაქსები. იმ ზოლში როცა გადავა მგზავრთან ერთად ეს არ შეაფერხებს მოძრაობას, რადგან ორიენტირებულია იმაზე, რომ მგზავრი სწრაფად მიიყვანოს დანიშნულების ადგილას, საცობებსაც ცოტა გაანეიტრალებს ეს გადაწყვეტილება“, - განმარტავს მევლუდ მელაძე.
თბილისის ვიცე მერმა ირაკლი ხმალაძემ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე A კატეგორიის ნებართვა 35 000 ტაქსის მძღოლზეა გაცემული, თუმცა საავტობუსე ზოლში გადაადგილების მოთხოვნას, რომელიც გულისხმობს იმას, რომ მანქანის ასაკი 10 წელიწადს არ უნდა აღემატებოდეს, მხოლოდ 3 500 მანქანა აკმაყოფილებს.