სოფლის მეურნეობაში თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დანერგვა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია და ამ მიმართულების მხარდასაჭერად უკვე იდგმება აქტიური ნაბიჯები, - განაცხადა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა საერთაშორისო კონფერენციაზე - „ტექნოლოგიები მებაღეობაში: ტენდენციები და შესაძლებლობები საქართველოსთვის“. ინფორმაციას Eastfruit-ი ავრცელებს.
კერძოდ, გიორგი ხანიშვილის თქმით, რამდენიმე თვეა, რაც საქართველოში სოფლის მეურნეობისთვის სასოფლო-სამეურნეო დრონების და მეტეოსადგურების შეძენა სახელმწიფო პროექტის „შეღავათიანი აგროკრედიტის“ მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი, რამაც ფერმერებისთვის მათი ხელმისაწვდომობა გაზარდა. რამდენიმე წელია, სამინისტრო სხვადასხვა პროგრამით აფინანსებს მზის პანელების და მასთან დაკავშირებული ტექნოლოგიების დანერგვას. ამ სფეროების განვითარებისთვის, რა თქმა უნდა, მეტი დინამიზმი და მეტი რესურსის განაწილებაა სასურველი და ამაზე ქვეყნის ხელისუფლება მუშაობს, აღნიშნა ხელმძღვანელმა.
„მიგვაჩნია, რომ თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დანერგვა არის სწორი გზა, რომელსაც შეუძლია დააჩქაროს განვითარების ტემპი ნაკლებად განვითარებული სოფლის მეურნეობის ქვეყანაში და დააახლოოს მაჩვენებლები ევროპულ დონესთან. მეტიც, დღეს უკვე არის პრობლემა ხარისხიანი მუშახელის. და ტექნოლოგია, გარდა წარმოების ღირებულების შემცირებისა და მისი ხარისხის გაუმჯობესებისა, შეუძლია გარკვეულწილად შეცვალოს სამუშაო ძალა. ახლა ქვეყნის მოსახლეობის 19-20% სოფლის მეურნეობაშია დასაქმებული, ეს საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია, სამომავლოდ, როცა უფრო ინტენსიური ეკონომიკა გვექნება, შედარებით ნაკლები ადამიანი უნდა დასაქმდეს, მაგრამ ბევრად მეტი პროდუქციის წარმოება. ეს არის ქართული სოფლის მეურნეობის მომავალი“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.
კონფერენცია „ტექნოლოგიები მებაღეობაში: ტენდენციები და შესაძლებლობები საქართველოსთვის“ იმართება პროექტის EastFruit-ის მიერ, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) და სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მხარდაჭერით.