„სოფლად მცხოვრებ ხალხს ურჩევნია ქალაქში მშენებლობაზე იმუშაოს, ვიდრე თხილის ბაღს მოუაროს“, - ამბობს ლევან ქარდავა, საქართველოს თხილის გადამამუშავებელ და ექსპორტიორთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი. იტყობინება EastFruit.
ქარდავას თქმით, დღეს მთავარი გამოწვევა თხილის ხარისხია, თუმცა ფერმერების მხრიდან პროდუქტის გაუმჯობესებაზე მუშაობის სურვილი არ არსებობს.
„თხილის კომპანიების პრობლემა საბრუნავი კაპიტალის ხელმისაწვდომობაა, მაგრამ მთავარ პრობლემად რჩება პროდუქციის დაბალი ხარისხი.
ერთია არასათანადო მოვლა და მეორე, ფერმერს უღირს თუ არა თხილის ბაღის მოვლა. ვერ ვიტყვით, რომ რესურსი არ აქვთ, რადგან სახელმწიფო აძლევს სუბსიდიას, ამიტომ რესურსი იმის, რომ შესაწამლი სამუშაოები ჩაატაროს, არის. თუმცა მზაობა მისი გამოყენების არ არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს.
შეიძლება ერთი ფერმერი მონდომებული იყოს, მაგრამ თუ მის სამეზობლოშიც იმავეს არ აკეთებს სხვა ფერმერი, მაგალითად, ფაროსანასთან ბრძოლა პრაქტიკულად უშედეგოა, თუ ის ტერიტორია მთლიანად არ არის მოცული. ასევე, ფიზიკური შრომის ანაზღაურება საკმაოდ გაზრდილია, დღეში 50 ლარიდან ზევით არის, ამიტომ სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას ურჩევნია იმუშაოს ქალაქში მშენებლობაზე, ვიდრე მოუაროს თხილის ბაღს, საიდანაც მეტი შემოსვლის მიღებაა შესაძლებელი.
მოტივაციები შეცვლილა, ამას ისიც ემატება, რომ მცირემიწიანია, 0.4 ჰექტარია თხილის ბაღის საშუალო ზომა“, - ამბობს ასოციაციის ხელმძღვანელი.