„ამ დროისთვის ოთხია, თუ არ ვცდები, რომლის იდენტიფიცირებაც მიმდინარეობს და ეს არის ამ დროის მდგომარეობა. დღევანდელი ცხედარი არც ერთი არ არის ამოცნობილი“, - ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

თემურ მღებრიშვილმა ასევე კომენტარი გააკეთა სტიქიის ზონაში მიმდინარე ძებნა-შველის სამუშაოებთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ მაშველები სტიქიის ზონაში 9 მდებარეობაზე აქტიურ სამუშაოებს აწარმოებენ.

„როგორც გუშინ, დღესაც ინტენსიურად მიმდინარეობს, სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები 9 მდებარეობაზე. წავიწიეთ წინ და ძალიან დიდი ტერიტორია გვაქვს უკვე გადამოწმებული. მაქსიმალურად ხელს გვიწყობს ახლა სიტუაცია. მდინარის კალაპოტის საშუალებით ვცდილობთ, რომ ეს მასა, რომელიც შემოწმებული გვაქვს ბუნებრივის მსგავსად ჩავრეცხოთ მდინარეში, რომ იქ ადგილი გავათავისუფლოთ.

გარდა ამისა, იცით თქვენ, რომ მაღალი ტემპერატურაა და შესაბამისად, არსებობს საფრთხე გარკვეული სახის დაავადებების. აქედან გამომდინარე, მაქსიმალური უსაფრთხოების ზომები გვაქვს მიღებული პირბადეების საშუალებით. ასევე, ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად ყველაფერი იყოს პროტოკოლის ფარგლებში, რაც აუცილებელია მსგავს სიტუაციაში“, - აღნიშნა თემურ მღებრიშვილმა.

შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. მაშველებმა სტიქიის ზონიდან 200-მდე ადამიანი უვნებლად გამოიყვანეს. ოფიციალური ინფორმაციით, ამ დროისთვის 21 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი.