მთავრობის გადაწყვეტილებას, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი, შემოსავლების სამსახურის 200-მდე მოქმედი თანამშრომელი ემიჯნება.
საჯარო მოხელეების განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
"ჩვენ შემოსავლების სამსახურის თანამშრომლები, წლების მანძილზე აქტიურად ვართ ჩართულები ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში.
ამ ხნის განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა, რასაც საბოლოოდ საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის ისტორიული სტატუსის მინიჭება მოჰყვა.
საქართველოს მთავრობის განცხადება მოლაპარაკების გახსნის მომდევნო 4 წლით შეჩერებასთან დაკავშირებით, ნიშნავს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის შეჩერებას ათწლეულების განმავლობაში, ვინაიდან მოლაპარაკების გახსნიდან წევრად ქცევამდე ეტაპი ცალკე აღებული, თავისთავად ხანგრძლივი პროცესია და ამავდროულად, ევროკავშირის წევრობა არ არის დამოკიდებული მხოლოდ კანდიდატი ქვეყნის სურვილზე, საჭიროებს, თავად ევროკავშირის შიგნით შესაბამისი პოლიტიკური სურვილისა და მზაობის არსებობას.
ჩვენ, შემოსავლების სამსახურის მოქმედი თანამშრომლები ვემიჯნებით საქართველოს მთავრობის ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებას, ვრჩებით საქართველოს კონსტიტუციისა და ევროკავშირში ინტეგრაციის კურსის ერთგულები.
საქართველოს კონსტიტუცია
მუხლი 78. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია
კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად".