„თანხები, რომელსაც ადამიანები მშენებარე კორპუსებში ბინების ყიდვისას კარგავენ, არ არის პატარა. შეიძლება ითქვას, ეს არის 6 ფიცრა და უფრო მეტიც“, - ამის შესახებ ადვოკატმა ანა აბრამიშვილმა რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „თქვენი დრო“ განაცხადა.

მისი თქმით, ხშირია შემთხვევები, როდესაც პიროვნება, რომელიც არის მშენებელი, ერთ პროექტს აჩერებს და ახალ პროექტს იწყებს. ასეთ დროს, დიდია ალბათობა იმისა, რომ პრობლემა ახალ კორპუსსაც შეექმნება.

„მშენებელი კომპანიის შემოწმებისას ბინის შეძენის მსურველმა აუცილებლად უნდა ნახოს თუ ვინ არიან დამფუძნებლები და ვის რამდენი წილი აქვს ამ კომპანიაში განსაზღვრული.ამას მნიშვნელობა აქვს იმისთვის, რომ ხშირად ერთი და იგივე ადამიანები, რომლებსაც აქვთ სამშენებლო კომპანია, აჩერებენ ერთ პროექტს და იწყებენ მეორეს. ასეთი შემთხვევა ჩემს კლიენტებთანაც არის ახლა, როცა სამშენებლო კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი ინვესტორად შევიდა ახალ პროექტში, მაშინ, როცა ერთი პროექტი გაჩერებული ჰქონდა.

მე უკვე ვიცოდი, რომ ახალ პროექტშიც იქნებოდა პრობლემები და მართლაც რამდენიმე თვეში, დამიკავშირდნენ ადამიანები ახალი პროექტის შესახებ და მთხოვეს დახმარება“, - აღნიშნა ადვოკატმა.

მან მოქალაქეებს ურჩია, ბინის შეძენამდე მიმართონ ადვოკატს და ყველა ეტაპი მასთან ერთად გაიარონ, რათა პრობლემის შექმნის შემთხვევაში მისი ინტერესების სრულად დაცვა მოხერხდეს.

„მე როგორც მოქალაქეს, მირჩევნია დღეს გადავუხადო ადვოკატს თანხა იმაში, რომ არა მხოლოდ წაიკითხოს რა წერია ხელშეკრულებაში, არამედ წავიყოლო შეხვედრაზე და ვუთხრა, რომ ისაუბროს ჩემს ნაცვლად, რადგან ამის გარეშე პრობლემის დადგომის ეტაპზე, ადვოკატი ყოვლისშემძლე აღარაა.ძალიან ბევრი კომპანია იქცევა უპასუხისმგებლოდ, შესაბამისად, ძალიან ბევრი დაზარალებულია, მით უფრო, რომ ერთ კორპუსში შესაძლოა 200-300 ადამიანი შესახლდეს“, - განაცხადა ანა აბრამიშვილმა.

მა ყურადღება გაამახვილა თანხების ოდენობაზეც, რომელსაც მშენებარე კორპუსში ბინის შეძენის მსურველები კარგავენ და ამავდროულად, განმარტა, რომ თანხის უკან დასაბრუნებლად მომჩივნებს სასამართლოშიც უწევთ საკმაო ოდენობის თანხების დახარჯვა.

„თანხები, რომელსაც ადამიანები მშენებარე კორპუსებში ბინების ყიდვისას კარგავენ, არ არის პატარა. შეიძლება ითქვას, ეს არის 6 ფიცრა და უფრო მეტიც. მაგალითად, ადამიანმა თუ გადაიხადა $100 000, გასაჩივრებისას მხოლოდ პირველ ინსტანციაში სასამართლოში უნდა გადაიხადოს 3000 ლარი. პლუს ამას ის, რომ აკრძალვაში გაეშვას ქონებები, ამისთვისაც მომჩივანმა თანხა უნდა გადაიხადოს.

პირველ ინსტანციას, უმეტესად, დაზარალებულის სასარგებლოდ გამოაქვს გადაწყვეტილება, მაგრამ ამას მეორე მხარე აუცილებლად ასაჩივრებს, რათა დრო გაწელოს და რაც შეიძლება გვიან მოუწიოს აღსრულება ანუ დაზარალებულისთვის, თანხის დაბრუნება. ამიტომ აუცილებელია, როგორც სამოქალაქო, ისე სისხლის სამართლის კოდექსით დავების წარმოება. ეს ორივე საქმე ერთდროულად უნდა აღიძრას, რათა ერთი მხრივ მოხდეს მშენებლის ქონების დაყადაღება და მეორე მხრივ არსებობდეს მისი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შანსი“, - განაცხადა ანა აბრამიშვილმა.

Bpn.ge