პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ხარისხის კონტროლი და ნიმუშის აღების წესები იცვლება. პესტიციდების ნიმუშების შემოწმება მოხდება როგორც ვიზუალური დათვალიერების შედეგად, ასევე, ლაბორატორიული მეთოდით. კერძოდ, ვიზუალურად შემოწმდება პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შეფუთვის გარეგანი მდგომარეობა, მარკირება, აგროქიმიკატებისა და პესტიციდების ფერი, კონსისტენცია და სხვა მახასიათებლები. ამასთანავე, განხორციელდება ვადიანობის კონტროლიც.

რადიო „კომერსანტის“ ეთერში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს ფერმერთა ასოციაციის პროექტების მენეჯერმა, ილია კუნჭულიამ ისაუბრა.

ილია კუნჭულია მიიჩნევს, რომ ახალი დადგენილება აღმოფხვრის არსებულ პრობლემებს და ამასთან ერთად, გააჩენს ლეგალურ გზას საიმისოდ, მოხერხდეს ოფიციალურად ვადაგასული პესტიციდების გამოყენება, რასაც ადგილი ისედაც აქვს.

„როცა პესტიციდებს ვადა გასდის, საქართველოს ნარჩენების მართვის კოდექსით ეს არის სახიფათო ნარჩენი. შესაბამისად, ჩნდება ვალდებულება, ეს ნარჩენები სპეციალურ კომპანიებში განადგურდეს. 1 კილოგრამი თხევადი სახიფათო ნარჩენის განადგურება მინიმუმ 5 ლარია. როცა ათეულობით და ასეულობით ტონა ვადაგასულ პრეპარატებზეა საუბარი, შეგვიძლია, წარმოვიდგინოთ, რა თანხებთან და ვალდებულებებთან უწევდათ იმპორტიორებს შეხება. შესაბამისად, რეალობაში იყო პრაქტიკა, რომ დასაწყობებულიყო და დალუქულიყო განუსაზღვრელი ვადით და ბუნდოვანი პირობებით ყოფილიყო ასე სამუდამოდ, ან იქამდე, სანამ რამე არ შეიცვლებოდა. რეალურად, სავარაუდოდ, მაინც იყიდებოდა ეს ვადაგასული პესტიციდები, ვინაიდან ვადის გასვლის შემდეგ ეფექტიანობას მაინც ინარჩუნებდა“, - ამბობს ილია კუნჭულია.

სპეციალისტი განმარტავს, რომ ვადის გასვლა არ არის იმის ერთადერთი ინდიკატორი და მარკერი, რომ პესტიციდი სახიფათოა თუ - ეფექტიანი. შესაძლებელია, ის სახიფათო შენახვის პირობების დარღვევამაც გახადოს, მაგალითად, ზედმეტად ცხელსა თუ ცივ ადგილებში შენახვამ.

„კონკრეტული თარიღი არ არის სახიფათობიის განმსაზღვრელი, ეს არის ლეგალური მარკერი, რომელიც უფრო საკანონმდებლო მოთხოვნებს აღნიშნავს. შესაბამისად, ამ ახალი ცვლილებით ჩნდება ლეგალური გზა აგრომაღაზიებისთვის, გააკეთონ ის, რაც სავარაუდოდ, ისედაც ხდებოდა და თავიდან აიცილონ გართულებები. კიდევ ერთი ფაქტორია ის, რომ საქართველოში არსებულ ლაბორატორიებს არ აქვთ იმდენი შესაძლებლობა, ქვეყანაში რეგისტრირებული ყველა პესტიციდი, მათი აქტიური ნივთიერება, ხარისხისა და სხვა შემავსებლების სრულფასოვანი ანალიზი გააკეთონ. სურსათის ეროვნული სააგენტო ამ მიმართულებით ერთ ლაბორატორიასთან თანამშრომლობს, ფაქტობრივად, ექსკლუზიურად და ეს ლაბორატორიაა „მულტი ტესტი“. რომ შევაჯამოთ, ეს არის მცდელობა იმისა, რომ ერთი მხრივ, განუსაზღვრელი რაოდენობის სახიფათო ნარჩენების დასაწყობება აღარ მოხდეს და მეორე მხრივ, ბაზარზე მოხვდეს ის პესტიციდები, რომელიც ჯერ კიდევ ვარგისია. აქვე, ფერმერებს უნდა მოვუწოდოთ, რომ ყურადღებით გაეცნონ პესტიციდების ეტიკეტს, ვადებს და გადავადებულისა და გახანგრძლივებულის გამოყენებისას განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ“, - განაცხადა რადიო „კომერსანტის“ ეთერში ილია კუნჭულიამ.