„ჭალა იმიტომ არის ჭალა, რომ პერიოდულად, წყალდიდობის დროს, ის იფარება წყლით, ამიტომ ჩვენი წინაპრები არასდროს ჭალაში სახლებს არ აშენებდნენ. ბოლო 70 წელიწადია, თანდათან დაიწყო მოსახლეობამ ჩამოსახლება მდინარის პირას“.

დუქნისხევის სახელით ცნობილი თბილისის პატარა მდინარე მტკვარს მარჯვენა სანაპიროზე, ორთაჭალაში უერთდება. კუსტარული ხიდებითა და საცხოვრებელი სახლებით შევიწროებული მტკვრის ეს შენაკადი მჭიდრო დასახლებამ ზოგიერთ ადგილას იმდენად დაფარა, რომ მდინარის არსებობის შესახებ მხოლოდ მისი ხმა თუ მიგვანიშნებს.

აქაურებს კარგად ახსოვთ 2012 წელს მომხდარი წყალმოვარდნა, რომელმაც 5 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ამ შემთხვევას ადგილობრივები კრწანისის ტერიტორიაზე ხელოვნური ტბის გადავსებას უკავშირებენ, რომელიც მდინარის ორად გაყოფის შემდეგ შეიქმნა.

მდინარე კრწანისისხევი, იგივე დუქნის ან ტაბახმელასხევი ერთ-ერთია იმ 12 მუდმივწყლიან შენაკადს შორის, რომლებიც მტკვარს თბილისის ტერიტორიაზე უერთდება. სპეციალისტების შეფასებით ამ 12-დან ყველაზე საშიში 5 მდინარეა, მათ შორისაა კრწანისისხევიც.

2012 წლის მაისშია გადაღებული. მაშინ გორგასლის და გულუას ქუჩების კვეთაზე არსებული პატარა დასახლება, მთიდან მოვარდნილმა ღვარცოფმა დატბორა. წყალმოვარდნას 5 ადამიანი, მათ შორის 2 მცირეწლოვანი ბავშვი ემსხვერპლა. ტრაგედია კარგად ახსოვს მდინარესთან ახლოს მცხოვრებ მოსახლეობას.

“8 მეტრზე იყო წყალი ასული.. პირველ სართულზე იყვნენ ის საცოდავები, სტუმრად იყვნენ მოსულები მდგმურთან… დედა და ორი შვილი დაიღუპა და ის სტუმარი… ვერ გამოვიდნენ.. ეს მოხდა რაღაც წამებში. ადიდებით ყოველთვის დიდდებოდა, მაგრამ ასეთ რამ მანამდე ამ მომხდარა”, – ჰყვება ერთ-ერთი ადგილობრივი მცხოვრები.

მდინარე წავკისისსწყალი იგივე სალალაკისხევი, ტურისტულ ზონაში მდებარე კიდევ ერთი სახიფათო მდინარეა, რომელსაც პერიოდული წყალმოვარდნა ახასიათებს. ამ მდინარეზე 1902 და 1955 წლებში ორი წყალდიდობაა აღწერილი.

ქვათაცვენის გამო აქ, ახლა, ფერდის გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს.

კიდევ ერთ სახიფათო მდინარედ თბილისში გლდანიხევი, იგივე გლდანულა ითვლება, მისი სიგრძეც 17 კილომეტრია. მდინარემ რომელიც ამჟამად ნაკადულივით გამოიყურება, 2010 წლის ივნისში ორი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და ორი ხიდი დაანგრია. ინტერნეტში გლდანულას ადიდების რამდენიმე კადრი და დანგრეული ხიდის ფოტოები იძებნება.

„აი, ეს ხიდი ჩამოაგდო, თოვლის დნობის დროს იცის ხოლმე, დიდდება ცოტა.. გაზაფხულობით იცის, წვიმაზე და თოვლზე“,  – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი მცხოვრები.

„უცნაური მდინარეა, იცის ხოლმე – დიდდება და ვერ აკავებს ვერაფერი.. აი, იქიდან წამოვიდა წყალი, დაეჯახა ხიდს და ჩამოაგდო საყრდენი.

ეს პატარა ხიდი რომ წაიღო,ზევით – დიდ ხიდზე ხალხი იდგა. სურათებს უღებდნენ, ტალღამ რომ დაარტყა, შეზანზარდა და ხალხმა გაასწრო აქეთ-იქით.. ბრწყინვალე ბიჭი – ექიმი დაიღუპა და კიდევ ერთი ადამიანი… საყრდენი კონსტრუქციის დეტალი რომ ჩამოვარდა, სანამ ბავშვი მოძებნა, სანამ მანქანაზე დაჯდა… ხიდის ნაწილი რომ ეცემოდა, ბავშვი მანქანიდან ისროლა. შვილიშვილი გადარჩა და თვითონ დაიღუპა…

ამ მდინარეზე იმასაც ჰყვებიან, კაცი მანქანას რეცხავდა და ვერ გამოასწრო მდინარეს, წყალმა  წაიღო თავის მანქანიანად. ასეთ რაღაცები ხდება რაღაც პერიოდში ერთხელ – იხსენებს არჩილ კუპატაძე, 2010 წლის მოვლენების თვითმხილველი.

კიდევ ერთი სახიფათო მდინარე დიღმისწყალია, რომელსაც ხშირად დიღმულასაც ეძახიან. საცხოვრებელი სახლებითა და სხვა ნაგებობებით შევიწროებულ 22 კილომეტრის სიგრძის ამ მდინარესაც, პერიოდულად, წყალმოვარდნა ახასიათებს, თუმცა სახიფათო ზონაში მშენებლობები მაინც მიმდინარეობს.

„არის თბილისში მდინარეები, სადაც განაშენიანება ძალიან სარისკოა. მაგალითად დიღმისწყალზე, ხევძმარზე, გლდანულაზე, სხვაგანაც სახლები უშუალოდ ჭალასა და კალაპოტშიც კი არის აშენებული.. ჭალა იმიტომ არის ჭალა, რომ პერიოდულად, წყალდიდობის დროს ის იფარება წყლით, ამიტომ ჩვენი წინაპრები არასდროს ჭალაში სახლებს არ აშენებდნენ. თუ ჩვენ გავიხსენებთ საქართველოს ტერიტორიაზე სოფლების ძველ უბნებს, იყო ან ტერასებზე, ან ფერდობებზე გაშენებული. ბოლო 70 წელიწადია, თანდათან დაიწყო მოსახლეობამ ჩამოსახლება მდინარის პირას, ჭალები განსახლდა, ზოგიერთ ადგილას კალაპოტის ტერიტორიაზეც კი არის სახლები აშენებული, ამიტომ, რა თქმა უნდა, რისკი ყოველთვის არსებობს“, – ამბობს გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ზურაბ ჯანელიძე.

ყველაზე სახიფათო მდინარედ თბილისში ამ დრომდე ვერე ითვლება, რომელიც მტკვრის ყველაზე დიდი – 42 კილომეტრიანი შენაკადია. 2015 წლის წყალდიდობის შემდეგ აქ მონიტორინგის სისტემა დამონტაჟდა. ამ ზონაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰიდრომეტეოროლოგიური ლაბორატორია ფუნქციონირებს. ლაბორატორიის გამგე, პროფესორი მერაბ ალავერდაშვილი სტუდენტებს უხსნის, როგორ მუშაობს ვერეს მონიტორინგის სისტემა.

„შარშან განათლების სამინისტრომ და უნივერსიტეტმა როგორც იქნა გამოგვიყო 180 ათასი და ეს რასაც უყურებთ, ასე გაკეთდა – ეს არის ჰიდრომეტრიული ხიდი, საიდანაც ხდება მდინარის ხარჯის გაზომვა. ადრე გვქონდა აქეთ ხიდი, მაგრამ წყალდიდობამ გაანადგურა. ასევე, აქ არის დანადგარები, რომლებიც გარემოს ეროვნულმა სააგენტომ დაგვიდგა – ნალექმზომი, სენსორი, რომელიც პირდაპირ მდინარეს უყურებს და ზომავს წლის დონის ცვალებადობას, არის იდევ ზედა პუნქტშიც ასეთი – ეს რომ ყოფილიყო 2015 წლამდე, ამ კატასტროფას ნაწილობრივ გადავრჩებოდით და მსხვერპლი არ იქნებოდა“, – ამბობს თსუ-ის გეოგრაფიის დეპარტამენტის სასწავლო-სამეცნიერო ჰიდრომეტეოროლოგიური ლაბორატორიის გამგე, გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი მერაბ ალავერდაშვილი.

ჰიდრომეტეოროლოგიური ლაბორატორია მდინარე ვერეზე ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს, 1962 წელს შეიქმნა, თუმცა იმ დროს მონიტორინგს სისტემატური ხასიათი არ ჰქონდა. ძველი ლაბორატორიის ტერიტორია ათი წლის წინ, სტიქიამ მთლიანად გაანადგურა.

სპეციალისტის შეფასებით, 2015 წლის გაზაფხულზე ჯერ კიდევ წყალდიდობამდე მოსული განსაკუთრებით ჭარბი ნალექი და 13 ივნისის თავსხმა წვიმა ის გადამწყვეტი ფაქტორები იყო, რომლებმაც, საბოლოო ჯამში, ზიანის უდიდესი მასშტაბი გამოიწვია.

„ჯერ კიდევ 13 ივნისამდე ეს კლდე იშლებოდა, ეროზიული პროცესები ხდებოდა, დღე-ღამეში რამდენჯერმე. ორჯერ გამოვიძახე 112, რომ გაეწმინდათ მდინარე, რათა არ მომხდარიყო გვირაბს ჩახერგვა. იმის თქმა მინდა, რომ აქ თუ მიდიოდა ეროზიული პროცესები, ზედა წელშიც ალბათ, იგივე ხდებოდა, რამაც მოგვცა უკვე 13 ივნისს ის მასალა, რაც ჩამოიშალა და რომელსაც დაემატა მეწყერი. 18 მეტრით მოიმატა მდინარემ და მივიღეთ 700 000 მეტრკუბამდე წყალი. წლის ნაკადმა ჯერ მოიტანა სატვირთო მანქანები, მერე რკინის კონსტრუქციები, მერე ხე-ტყე და გვირაბის დახშობა მოხდა…  აქ დაიხრჩო 7 ადამიანი. ჩვენი დაცვის თანამშრომელი რომ არა, ალბათ მეტი დაიღუპებოდა, მან მოახერხა ხალხის ნაწილის გაფრთხილება. ეს ყველაფერი სულ რაღაც 5 წუთში ხდებოდა.. 45 წუთის შემდეგ შეიძლებოდა ზედა გზის გადაკეტვა, მაგრამ არ ვიცი, რა მოხდა, რატომ ვერ მოხერხდა. 17 ადამიანი დაიღუპა იქ“, – ჰყვება ალავერდაშვილი.

2015 წლის ვერას წყალდიდობამ 21 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ორი მათგანი ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. სტიქიამ თითქმის მთლიანად გაანადგურა თბილისის ზოოპარკი, ცხოველების დიდი ნაწილი წყალდიდობას ემსხვერპლა, ნაწილმა კი ვოლიერებს თავი დააღწია და თბილისის ქუჩებში გაიფანტა.

წყალდიდობიდან მალევე მდინარესთან ახლოს ახალი მშენებლობები გაჩნდა, ცოტა უფრო ზევით, ნაფეტვრების ტერიტორიაზე, მდინარის ხეობაში დიდი რაოდენობით სამშენებლო ნარჩენების ნახვაც შეიძლება.

„წყალმოვარდნის შემდეგ არაფერი არ შეცვლილა თითქოს, მდინარესთან რამდენიმე სახლი აშენდა, სამშენებლო ნაგავი კვლავ ალაგ-ალაგ იყრება. განსაკუთრებით მდინარე ვერეს შუა წელში. იშვიათი განმეორებადობის და განსაკუთრებული სიძლიერის წყალმოვარდნები ხდება-ხოლმე ბუნებაში და შესაძლებელია, რომ მოხდეს მომავალშიც, ეს არ არის ერთჯერადი მოვლენა. რა თქმა უნდა, სარისკოა – არ შეიძლება მდინარის პირას, ჭალაში მშენებლობა და ნაგვის დაყრა, რადგან, ეს მომავალში აუცილებლად გამოიწვევს სერიოზულ პრობლემებს“, – ამბობს გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი პროფესორი ზურაბ ჯანელიძე.

წყარო: euronews georgia