სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენების მიხედვით, 9 თვის დაზუსტებულ გეგმასთან მიმართებით, 60%-ზე დაბალი ათვისება აქვს 12 პროგრამას და 22 ქვეპროგრამას. ზოგიერთი პროგრამის შემთხვევაში ათვისება 0%-ია.

სახელმწიფო აუდიტმა აჭარის 2025 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის 9 თვის შესრულება შეისწავლა და დაასკვნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ პროგრამების/ქვეპროგრამების განხორციელების შეფერხებები შესაძლოა გამოწვეული იყოს ობიექტური გარემოებებით, მნიშვნელოვანია, საბიუჯეტო ორგანიზაციების მხრიდან ყურადღება მიექცეს პროექტების მართვის პროცესში პოტენციური შემაფერხებელი ფაქტორების დროულ იდენტიფიცირებას და მათ გათვალისწინებას.

"რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონით განსაზღვრული პროგრამების ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებების ათვისების საშუალო მაჩვენებელმა 9 თვის მდგომარეობით წლიური გეგმის − 57%, ხოლო 9 თვის დაზუსტებული გეგმის 79.6% შეადგინა. 9 თვის დაზუსტებულ გეგმასთან მიმართებით, 60%-ზე დაბალი ათვისება აქვს 12 პროგრამას (პროგრამების 16%) და 22 ქვეპროგრამას (ქვეპროგრამების 15.1%). საყურადღებოა, რომ პროგრამების/ქვეპროგრამების ნაწილი გასულ წელსაც დაბალი ათვისებით გამოირჩეოდა," - ვკითხულობთ აუდიტის მოხსენებაში.