1921 წლის თებერვალ-მარტში რუსმა ოკუპანტებმა საქართველოდან რუსეთში გააგზავნეს ოჯახებიდან გამოტანილი ძვირფასეულობა და ავეჯი, სარდაფებიდან გამოზიდული სანოვაგე და რა აღარ. თვითმხილველების მიერ აღწერილი, საუკუნის წინანდელი შავი დღეები. ეს უნდა გვახსოვდეს.
საქართველოს ძარცვა და გაპარტახება - 1921
„დამარცხებული და განადგურებული საქართველო დაემსგავსა ქეციანს, დაღრეჯილს, დაშინებულ და კბილებალესილ მგელს; ქართველებს გულში ჩირქი დაუგუბდათ და სულში ხანძარი მოედოთ,“- ვის უნდა აეღწერა საბჭოთა რუსეთისა და გამყიდველი ქართველებისგან დამარცხებული საქართველო ასე ზუსტად, თუ არა მიხეილ ჯავახიშვილს.

1924 წელი დაახლოებით ის პერიოდია, როცა ოკუპირებულ საქართველოს გარიდებული ქართველი პატრიოტი ახალგაზრდები ევროპის გულიდან მიმართავდნან სამშობლოში დარჩენილებს:
"ჩრდილოეთიდან მოვარდნილი რუსული სტიქია ანადგურებს საქართველოს სუვერენობის ყოველგვარ ნასახს. "კომსომოლას" მიუგდეს საგინებლად ერის სინიდისი, ეროვნულ კულტურის კერა - ქართული უნივერსიტეტიც. საქართველოში შემოყავთ ათასობით ქართველი ერისადმი მტრულად განწყობილი უცხო ელემენტები და ქართული ხაზინის ხარჯით ჩვენს მიწა-წყალზედ საშვილისშვილოდ ასახელებენ;”

ვლასა მგელაძე იყო დამფუძნებელი კრების წევრი, საბჭოთა ოკუპაციასთან შეურიგებელი პატრიოტი. გარდაიცვალა 1943 წელს ემიგრაციაში, დატოვა მემუარები, სადაც თვითმხილველის თვალითაა აღწერილი რუსულ - საბჭოთა ოკუპაციის პირველი დღეები. მისი ტექსტის თანახმად, თბილისს შესეულ რუს ოკუპანტებს ოჯახებიდან გამოჰქონდათ ავეჯი და ძვირფასეულობა, საავადმყოფოებიდან სამედიცინო მოწყობილობები, აფთიაქებიდან კი ყოველგვარი წამალი, სარდაფებიდან - ღვინო და სანოვაგე. ნაძარცვს რკინიგზის სადგურზე ეზიდებოდნენ და რუსეთში აგზავნიდნენ. რკინიგზის სახელოსნოდან გაიტანეს სახარატო დაზგები,სტამბებიდან აურაცხელი ქაღალდი, წაიღეს ტრავმაის საუცხოო ვაგონებიც კი. ნაძარცვით სავსე მატარებელს დააწერეს - „ ქართველი პროლეტარიატისგან რუსეთის პროლეტარიატს და მის ბელადს ვლადიმერ ლენინს.“
ასეთ პერიოდში საქართველოში ჩამოსულა ავსტრიაში გამომავალი გაზეთის „არბეიტერ ზეიტუნგის“ რედაქტორი ჟულიოს ბრაიტნალი და ევროპაში დაბრუნებულს აქ ნანახზე დაუწერია:
„გაპარტახება, გავერანება, სულის შემძვრელი გაპარტახება!“ ბრაიტნალის მაშინდელი სტატია კონსტანტინე კანდელაკის წიგნშია მოყვანილი. კანდელაკი პირველი რესპუბლიკის მთავრობაში ფინანსთა და ვაჭრობის მინისტრი იყო. ახლად ოკუპირებულ საქართველოში ჩამოსული კიდევ ერთი ევროპელი სტუმრის, ბელგიელ მუშათა კლასის წარმომადგენლის ვიქტორ სერვის ჩანაწერიც შემოინახა მისმა წიგნმა, ბათუმში ნანახზე:

„ ქალაქს სამხედრო რეჟიმი მართავს. დიდია დაკავებულ ადამიანთა რაოდენობა. მაგრამ, უნდა განვაცხადო რომ ყველას, მთელ ქართულ საზოგადოებას რუსული ტირანიის დაუოკებელი სიძულვილი აქვს. არ იქნება გასაკვირი თუ საქართველო, რომელიც თავისი არსით ღრმად დემოკრატიული სახელმწიფოა, გადაწყვეტეს მჩაგვრელი აგრესორის განდევნას.“
საუკუნის წინ დაწერილი სიტყვებია. ევროპელი სტუმარი ახლადოკუპირებულ საქართველოსაც კი „არსით ღრმად დემოკრატიულს უწოდებდა.“ აგრესორის განდევნისთვის ქართველმა პატრიოტებმა მართლაც სერიოზულად იბრძოლეს, მაგრამ დრო იყო უნუგეშო. საბჭოთა იმპერია და წითელი ტერორი ძალას იკრეფდა.
წარსულის ხსოვნა და გააზრება უკეთესი მომავლის მოპოვებაში გვეხმარება.
